„შეთანხმება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“
მიღების თარიღი 09.11.2005
ძალაში შესვლა 09.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480210000.03.030.000567
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/11/2005
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე | ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელით ვიცე-მინისტრი ნერიუს ეიდუკიავიჩუსი |
დოკუმენტის ტექსტი
„შეთანხმება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“
შეთანხმება
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლიტვის
რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შორის სავაჭრო-ეკონომიკური
თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“),
ისწრაფვიან რა გაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და განავითარონ ერთობლივი თანამშრომლობა;
ითვალისწინებენ რა, ორივე მხარის მზადყოფნას რომ ასეთი ურთიერთობების განვითარება განხორციელდება მხოლოდ თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივების საშუალებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა ეროვნული კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე საერთაშორისო ვალდებულებებით, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ლიტვის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებით, ისწრაფვიან თავისი კომპეტენციის ფარგლებში განავითარონ ხელშემკვრელ მხარეებს შორის თანამშრომლობა და გაცვალონ გამოცდილება საქმიანობის შემდეგ სფეროებში;
– ვაჭრობა და მომსახურება;
– ტურიზმის განვითარება;
– სამეცნიერო კვლევები, წარმოების და მომსახურების სექტორებში სფეროში ინოვაციების განვითარების მიზნით;
– მეწარმეობის რეგიონალური სისტემების წახალისება;
– მრეწველობა;
– ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი საწარმოების შექმნის ჩათვლით;
– ბაზრობებისა და სპეციალური გამოფენების ორგანიზება;
– და ხელშემკვრელი მხარეების შეთანხმებით სხვა სფეროებში.
მუხლი 2🔗
ხელშემკვრელი მხარეები, თავისი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაურღვევლად, იღებენ ვალდებულებას შექმნან ხელსაყრელი გარემო ხელშემკვრელ მხარეთა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისათვის.
მუხლი 3🔗
ხელშემკვრელ მხარეთა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხორციელდება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტების, ასევე საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპებითა და აღიარებენ რა ინვესტიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, შეთანხმდნენ წაახალისონ ერთობლივი საწარმოების დაფუძნება.
მუხლი 5🔗
ხელშემკვრელ მხარეთა სამეურნეო სუბიექტებს შორის კომერციული ანგარიშსწორება ხორციელდება თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და ანგარიშსწორებისა და გადასახადების წესის შესახებ ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებებით.
მუხლი 6🔗
შეთანხმების მხარეები ხელს შეუწყობენ მათ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე სავაჭრო და ტურისტული ბაზრობების, გამოფენების, ტექნიკური და ეკონომიკური სემინარების, ასევე სავაჭრო ჯგუფებისა და დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას.
მუხლი 7🔗
ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლოა შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, ოქმის გაფორმების გზით, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და რომელიც ძალაში შევა მე-9 მუხლის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 8🔗
დავებსა და უთანხმოებებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ხელშემკვრელ მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარეები გადაწყვეტენ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით.
მუხლი 9🔗
შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შეთანხმება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი სამწლიანი პერიოდებით, თუკი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე შეთანხმების შეწყვეტამდე სამი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეთანხმების გაუქმების თაობაზე.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2005 წლის 9 ნოემბერს, ორ პირად, ქართულ, ლიტვურ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა, ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს ეკონომიკური
განვითარების სამინისტროს
სახელით
მინისტრი
ირაკლი ჩოგოვაძე
ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის
სამინისტროს სახელით
ვიცე-მინისტრი
ნერიუს ეიდუკიავიჩუსი