ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.06.2017
ძალის დაკარგვა 27.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა
და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2017 წლის 2 ივნისი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია შეროზია
დანართი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის
საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში –
საბჭო).
3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;
დ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;
ლ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით –
საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
11.საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.
მუხლი 5🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.