მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.06.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№96
2017 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
,,საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ მონრეალის 1999 წლის 28 მაისის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის” შეთანხმების და საქართველოს საჰაერო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗.
მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე „მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის“ (შემდგომში „წესი“) მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისას ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მოვალეობების განსაზღვრა და სათანადო კომპენსაციის გაცემა შემდეგ შემთხვევებში:
ა) მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას;
ბ) მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას;
გ) ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას.
2. წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება:
ა) საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, უცხო ქვეყნებს შორის;
ბ) უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავიაგადამზიდველი – საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდელი –
ავიაგადამზიდველი, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობა;
გ) მომსახურე ავიაგადამზიდველი – ავიაგადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს მგზავრთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
დ) კომპენსაციის მიღების უფლების მქონი პირი – მგზავრი ან ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია მგზავთან დაკავშირებით კომპენსაციის მოთხოვნის წარდგენის უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ბარგი – რეგისტრირებული და/ან არარეგისტრირებული ბარგი;
ვ) ნასესხობის სპეციალური უფლება(SDR) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც ნაწილდება მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად;
ზ) მონრეალის კონვენცია –
,,საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ,“ რომელიც ხელმოწერილ იქნა მონრეალში 1999 წლის 28 მაისს.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს ,,საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ მონრეალის 1999 წლის 28 მაისის კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗.
კომპენსაციის წინასწარი გადახდა
1. საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი ვალდებულია, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის ვინაობის დადგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში, წინასწარ გადაიხადოს თანხის ნაწილი მიყენებული ზიანის პირობების გათვალისწინებით.
2. მგზავრის გარდაცვალების შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხა არ უნდა იყოს 16 000 SDR-ის ევროს ეკვივალენტზე ნაკლები.
3. თანხის წინასწარი გადახდა, არ ნიშნავს ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის აღიარებას და შეიძლება ამ თანხიდან მოხდეს ნებისმიერი სხვა შემდგომი ხარჯების დაფარვა, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის საფუძველზე. წინასწარ გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თანხა გაიცა არაუფლებამოსილ პირზე.
მუხლი 4🔗.
ბარგზე ღირებულების გამოცხადება
ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ბარგის ტრანსპორტირების დამატებითი ღირებულების გადახდა, თუ მგზავრი დაინტერესებულია ბარგის განსხვავებული პირობებით გადაზიდვით, გააკეთებს სპეციალურ განაცხადს და გადაიხდის თანხას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბარგის ტრანსპორტირებისა და დაზღვევასთან დაკავშირებულ ხარჯებს და ხელმისაწვდომი იყოს მგზავრისთვის.
მუხლი 5🔗.
მგზავრთა ინფორმირება
1. ნებისმიერი ავიაგადამზიდველი, საქართველოში ავიაბილეთების გაყიდვისას, როგორც ავიაბილეთების რეალიზაციის ნებისმიერ პუნქტში, ასევე ტელეფონით და ელექტრონული ქსელით ბილეთების რეალიზაციისას, ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მათ შორის, კომპენსაციის მოთხოვნისათვის წარდგენის ვადებისა და ბარგთან დაკავშირებული სპეციალური დეკლარაციის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობის მიზნით, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი შეტყობინებას ახორციელებს ამ წესის დანართში დადგენილი ფორმის შესაბამისად. ამგვარი ინფორმაცია ან შეტყობინება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპენსაციის გასაჩივრების საფუძვლად და არც ამ წესისა და მონრეალის კონვენციის დებულებების ინტერპრეტირებისათვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, დამატებით, ნებისმიერი ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია საქართველოში ავიაბილეთების რეალიზაციისას თითოეულ მგზავრს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) კონკრეტულ ფრენასთან დაკავშირებით, ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ზღვრული ერთეულების შესახებ, მგზავრის გარდაცვალების ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, თუ ასეთი ზღვრული ოდენობა გამოიყენება;
ბ) კონკრეტულ ფრენასთან დაკავშირებით, ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობების შესახებ ბარგის განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში და გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია იმ ბარგთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილ ზღვარს უნდა მიეწოდოს ავიაგადამზიდველს რეგისტრაციის დროს ან ბარგი მთლიანად უნდა იყოს დაზღვეული მგზავრის მიერ გამგზავრებამდე;
გ) კონკრეტულ ფრენასთან დაკავშირებით, ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის შესახებ, მგზავრის შეფერხებით გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით.
4. ყველა ავიაგადაზიდვისათვის, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის მიერ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი ზღვრული ოდენობები, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ზღვრებს, თუ ავიაგადამზიდველი ნებაყოფლობით არ იყენებს საკუთარი ინიციატივით დადგენილ უფრო მაღალ ზღვრულ ოდენობას. ყველა ავიაგადაზიდვებისათვის, რომელიც ხორციელდება იმ ავიაგადაზიდველების მიერ, რომლებიც არ არიან საქართველოში რეგისტრირებული, ამ მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მიმართულებით, საქართველოდან ან საქართველოში შესრულებული ავიაგადაზიდვების დროს.
დანართი
მგზავრისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია
1. მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში არ არსებოს ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის ფინანსური ზედა ზღვარი. მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების დროს კომპენსაციის მინიმუმი განისაზღვრება 113 100 SDR-ის ოდენობით.
2. თუ ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან სხეულის დაზიანება გამოწვეულია თვით დაზარალებულის მიზეზით, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
3. მგზავრთა გადაყვანის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 4 694 SDR-ის ოდენობით.
4. ბარგის გადაზიდვის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 1131 SDR-ის ოდენობით.
5. ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების კომპენსაცია განისაზღვრება 1131 SDR-ის ოდენობით. თუ ბარგი რეგისტრირებულია, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი პასუხისმგებელია მისი ბრალეულობის არარსებობის შემთხვევაშიც, თუ ბარგი გადაზიდვამდე არ იყო დაზიანებული. არარეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი პასუხისმგებელია მხოლოდ მისი ბრალეულობის შემთხვევაში.
6. ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ ყველა ზომა მიიღო ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მისი აცილება შეუძლებელი იყო. ასეთი მტკიცებულების წარდგენამდე მიიჩნევა, რომ ბარგის დაზიანება, შეფერხება, დაკარგვა და განადგურება მოხდა ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიზეზით.
7. რეგისტრაციამდე შესაბამისი განცხადების გაკეთების შემთხვევაში და დამატებითი თანხის გადახდისას, მგზავრს შეუძლია ისარგებლოს კომპენსაციის მაღალი ოდენობით.
8. ბარგის დაზიანების, შეფერხების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მგზავრმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის თაობაზე ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს. რეგისტრირებული ბარგის დაზიანების შემთხვევაში მგზავრმა უნდა განაცხადოს 7 დღის განმავლობაში, ხოლო ბარგის შეფერხების შემთხვევაში –
21 დღის განმავლობაში, ორივე შემთხვევაში იმ თარიღიდან, როდესაც ბარგი გადავიდა მგზავრის განკარგულებაში.
9. თუ ავიაგადამზიდველი და მომსახურე ავიაგადამზიდველი არ არის ერთი და იგივე პირი, მგზავრი უფლებამოსილია მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება ნებისმიერ მათგანს.
10. სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლო ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვების დღიდან ორი წლის განმავლობაში.