შეთანხმება სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის
მიღების თარიღი 07.07.2004
ძალაში შესვლა 05.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000634
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 12/02/2007
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია) | ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის
შეთანხმება
სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის
საქართველოს მთავრობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
იღებენ რა მხედველობაში ურთიერთდაინტერესებას სავაჭრო კავშირების განმტკიცებისა და განვითარების, ურთიერთვაჭრობაში თანასწორობის, არადისკრიმინაციის და ორმხრივი ინტერესების დაცვაზე დაფუძნებული სავაჭრო თანამშრომლობის დონის ამაღლების გზით, საქონელბრუნვის მოცულობისა და საქონლის მრავალფეროვნების გაზრდის მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ხელშემკვრელ მხარეებს შორის სავაჭრო გაცვლები და ორი ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დადებული სავაჭრო ხასიათის კონტრაქტები შესრულდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს მეორე ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტირებული საქონლისთვის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო ზომებს.
მუხლი 3🔗
წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, საქონლისა და მომსახურების გაცვლა განხორციელდება იმპორტიორი ქვეყნის სტანდარტების შესაბამისად, მიუხედავად ამისა, აღნიშნული საქონელი და მომსახურება არ იქნება წარმოშობის ქვეყნის სტანდარტებზე დაბალი ხარისხის.
ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების (სერტიფიკაციის) აკრედიტაციისა და პროდუქციის ხარისხის მართვის სფეროებში შეთანხმების დადებას.
ყოველი მხარე მეორე მხარის მოთხოვნით წარადგენს საჭირო ინფორმაციას ინგლისურ ენაზე იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება სტანდარტებს და სტანდარტიზაციას.
მუხლი 4🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარე, იმ საქონლის ექსპორტთან და იმპორტთან მიმართებაში, რომელიც წარმოშობილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიისთვის, დააწესებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს, ისეთს, როგორსაც იგი ანიჭებს ნებისმიერ მესამე სახელმწიფოს, საიმპორტო და საექსპორტო ფორმალობებთან და ეტაპზე ან მომავალში არსებული საბაჟო და სხვა მსგავსი მოსაკრებლების ოდენობასთან, ამოღების მეთოდებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ამ მუხლის ზემოხსენებული პირობები არ შეეხება:
ა) უპირატესობებს, შეღავათებს, პრივილეგიებსა და გამონაკლისებს, რომელსაც თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს ან მიანიჭებს მის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას სასაზღვრო ვაჭრობის წახალისების მიზნით;
ბ) უპირატესობებს, შეღავათებს, პრივილეგიებსა და გამონაკლისებს, რომელიც უკვე მინიჭებულია ან მიენიჭება თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისუფალ სავაჭრო ზონებში და საბაჟო კავშირებში მისი მონაწილეობის საფუძველზე.
მუხლი 5🔗
ხელშემკვრელი მხარები შეთანხმდნენ, არ შემოიღონ ახალი ან უფრო მკაცრი წესები გადასახადებზე, საბაჟო და სხვა მოსაკრებლები იმპორტთან და ექსპორტთან მიმართებაში მანამდე, სანამ ხელშემკვრელი მხარეები, ამის გაცხადებამდე, ოფიციალურად არ აცნობებენ ერთმანეთს ასეთი ქმედებების შესახებ.
მუხლი 6🔗
სავაჭრო გადარიცხვების განხორციელება ორ ქვეყანას შორის ხდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში საერთაშორისო საბანკო წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად, თუ ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 7🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს მის სავაჭრო კომპანიებს და დაწესებულებებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამართულ საერთაშორისო ბაზრობებში და გამოფენებში მონაწილეობას, მათ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი კანონებისა და წესების თანახმად.
ამასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ გაათავისუფლონ საბაჟო და სხვა მსგავსი გადასახადებისაგან საქონელი, რომლიც გასაყიდად არ არის განკუთვნილი და დროებით შემოიტანება გამოფენებისათვის, მათ ქვეყნებში მოქმედი კანონებისა და წესების თანახმად.
მუხლი 8🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას დართავს მეორე მხარის სავაჭრო წარმომადგენლებს და სავაჭრო კომპანიებს/დაწესებულებებს მოაწყონ ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვა ან ბაზრობა შინწარმოებული საქონლის მიზნით, თუ:
− ბაზრობის ხანგრძლივობა არ აღემატება 15 დღეს,
− სავაჭრო წარმომადგენლები და კომერციული კომპანიები/დაწესებულებები გაეცნობიან მასპინძელი ქვეყნის კანონებსა და წესებს;
− გასატანი საქონლის ტიპი და რაოდენობა შეთანხმებულია ხელშემკვრელ მხარეებს შორის.
ამ მუხლის დებულებები არ უკრძალავს ხელშემკვრელ მხარეებს გამოფენა-გაყიდვის ან ბაზრობის მოწყობის ვადების და ხანგრძლივობის შესახებ სხვაგვარი შეთანხმების მიღწევას. ამასთან, მე-8 მუხლის დებულებები გავრცელდეს მხოლოდ დროებით, გამოფენის მიზნით შემოტანილ საქონელზე.
მუხლი 9🔗
ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ განავითარონ და წაახალისონ თანამშრომლობა და სავაჭრო ინფორმაციის გაცვლა მათ საბაჟოებსა და წარმოშობის სერტიფიკატების და სხვა სავაჭრო დოკუმენტების გაცემაზე კომპეტენტურ შესაბამის დაწესებულებებს შორის.
მუხლი 10🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოს მეორე მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირების უფლებების დაცვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე, თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის თითოეული მხარე.
მუხლი 11🔗
მხარეებს შორის საქონლის, მომსახურების და სავაჭრო ინფორმაციის გაცვლის წახალისებისა და განვითარების მიზნით, თითოეული მხარე საკუთარი კანონმდებლობის მიხედვით ნებას დართავს მეორე მხარეს მის ტერიტორიაზე დააფუძნოს სავაჭრო ოფისი ან ცენტრი. აღნიშნული ოფისის ან ცენტრის მუშაკთა აღჭურვილობის და ფილიალების რაოდენობა განისაზღვრება მხარეებს შორის შემდგომი შეთანხმებით.
მუხლი 12🔗
ურთიერთვაჭრობაში ბალანსის მისაღწევად თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილებს თავის სავაჭრო მოთხოვნებს მეორე მხრიდან, საკუთარი კანონებითა და წესებით დადგენილი პრეფერენციების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ მათი სავაჭრო პალატების მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნებას და, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი სავაჭრო პალატის ჩამოყალიბებასა და სპეციალიზებული სემინარებისა და კონფერენციების ჩატარებას, რათა შესაძლებელი გახდეს სავაჭრო დელეგაციების ურთიერთგაცვლა და ერთმანეთის საქონლისა და მარკეტინგის გაცნობა, აგრეთვე ამ მხრივ სავაჭრო საშუალებებით უზრუნველყოფა.
მუხლი 14🔗
სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიზნით ხელშემკვრელი მხარეები წაახალისებენ მათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, დანერგონ საერთაშორისო სავაჭრო მეთოდები, დააარსონ სავაჭრო ამხანაგობები/საზოგადოებები, გრძელვადიანი სავაჭრო თანამშრომლობისა და მომსახურებით ვაჭრობის განვითარების მიზნით.
მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს პროექტების გაცვლაში, მათი თავისუფალი სავაჭრო ზონების დაფუძნებასა და გამოყენებაში, ასევე მესამე ქვეყნების ბაზრებზე ერთობლივ თანამშრომლობას მხარეების ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 15🔗
ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ თითოეული მხარის მოქალაქეები ისარგებლებენ თანასწორი მოპყრობის რეჟიმით მათ ტერიტორიაზე სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობისას თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 16🔗
ამ შეთანხმების განხორციელებისა და სავაჭრო ურთიერთობების წახალისების და განვითარების გზებისა და საშუალებების განსაზღვრის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ ერთობლივი სავაჭრო კომიტეტი, რომელიც შედგება მათი შესაბამისი კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებისაგან.
ზემოაღნიშნული კომიტეტი შეიკრიბება რომელიმე მხარის თხოვნით, მონაცვლეობით, საქართველოში და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იმ პრობლემების განსახილველად, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განხორციელებისას, და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო გაცვლების შემდგომი განვითარების მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.
მუხლი 17🔗
ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები გადაწყდება მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.
მუხლი 18🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უკრძალავს თითოეულ მხარეს ეროვნული ინტერესების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასთან და/ან ცხოველური ან მცენარეული მავნებლების და დაავადებების აღკვეთასთან დაკავშირებით ნებისმიერი აკრძალვის და/ან შეზღუდვის დაწესებას.
მუხლი 19🔗
შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის 20/09/1993, რომელიც უტოლდება 1371/10/30 „ჰაჯრი შამსი“ თარიღს, შეიცვლება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან.
წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ამ მუხლში ხსენებული შეთანხმება ძალაში რჩება ერთი წლის განმავლობაში იმ კონტრაქტებთან მიმართებაში, რომლებიც ხელმოწერილია ამ შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 20🔗
შეთანხმება ძალაში შევა ხელშემკვრელი მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება ხუთი წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, წინამდებარე შეთანხმების მოქმედება გაგრძელებული იქნება ერთწლიანი ვადით, თუ რომელიმე მხარე, ამ პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს მის განზრახვას შეთანხმების შეწყვეტის შესახებ.
მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით.
ამ შეთანხმების მოქმედების ვადის შეწყვეტის შემდეგ მისი დებულებები, შეთანხმების შესაბამისად ხელმოწერილ და შესრულების პროცესში მყოფ კონტრაქტებთან მიმართებაში გამოიყენება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტიდან სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
წინამდებარე შეთანხმება არ იმოქმედებს ხელშემკვრელი მხარეების მიერ უკვე ან მომავალში ხელმოწერილ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე უფლებებზე და ვალდებულებებზე.
წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ქ. თეირანში, 2004 წლის 7 ივლისს (რომელსაც შეესაბამება 17/04/1383) ორ პირად, თითოეული ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. განმარტების დროს წამოჭრილი უთანხმოებების შემთხვევაში გამოიყენება ტექსტი ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ხელმოწერილია)
ირანის ისლამური რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)