ოქმი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და მომხმარებელთა მოთხოვნილებების უზრუნველყოფის თაობაზე
მიღების თარიღი 30.10.2007
ძალაში შესვლა 26.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 310050020.03.030.000669
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 05/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და მომხმარებელთა მოთხოვნილებების უზრუნველყოფის თაობაზე
ოქმი
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და მომხმარებელთა მოთხოვნილებების უზრუნველყოფის თაობაზე
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებები, ხელმძღვანელობენ რა ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2006 წლის 14 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით (შემდგომში − „შეთანხმება“),
ითვალისწინებენ რა ჩიკაგოს კონვენციისა და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში“ 2005 წლის 5 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების მოთხოვნებს,
აღიარებენ რა ურთიერთთანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობის პრინციპებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ოქმის მიზანი
1. წინამდებარე ოქმი მომზადებულია „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ“ 2006 წლის 14 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის с) ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ოქმის მიზანია, დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (საქართველო) გამოყენებულ იქნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გამარტივების გზით, ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფით ხოფის ტერმინალიდან/ში (თურქეთის რესპუბლიკა) მგზავრის, ბარგის, ტვირთის და ფოსტის თურქეთის რესპუბლიკის, საქართველოს ან მესამე ქვეყნის მიმართულებით გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის.
მუხლი 2🔗
ტერმინები, ცნებები და განმარტებები
წინამდებარე ოქმში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ იგივე მნიშვენლობა, რაც განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციით და, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ“ შეთანხმებით.
მუხლი 3🔗
მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ“ 2006 წლის 14 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების და წინამდებარე ოქმის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ფრენის უსაფრთხოება
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციით და მისი დანართების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
საავიაციო უშიშროება
1. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის („საავიაციო უშიშროება“), ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიციალური გამოცემის DOC 30-ის II ნაწილისა და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში“ 2005 წლის 5 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად.
2. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხმარებლის (მგზავრი, ტვირთმფლობელი, საფოსტო ადმინისტრაცია) მომსახურების ნებისმიერი სატრანსპორტო და ტექნოლოგიური ოპერაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან შეთანხმებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ შემუშავებულ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამას, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ხოფის შემოსასვლელთან/გასასვლელთან დაკავშირებით. ნებისმიერი ავიაგადამზიდველი ვალდებულია რეგულარული ფრენების დაწყებამდე საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს შესათანხმებლად წარუდგინოს საკუთარი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა.
მუხლი 6🔗
საექსპლუატაციო წესები
ხოფის ტერმინალი და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეიმუშავებენ მგზავრების, ბარგისა და ტვირთის გადაცემის, მიღების და მათი მომსახურების ტექნიკური პროცედურების ერთობლივ საექსპლუატაციო წესებს.
მუხლი 7🔗
ვალდებულებები
1. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის და ხოფის ტერმინალის ოპერატორმა/ოპერატორებმა უნდა:
a) უზრუნველყოს/უზრუნველყონ გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურება და პირდაპირი კავშირი;
b) მიიღოს/მიიღონ გადამზიდველებისაგან მესამე ქვეყნებიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ხოფის ტერმინალში ჩამოსული და ხოფის ტერმინალიდან მიმავალი მგზავრების სია და სპეციალური ავტობუსის გამგზავრებამდე აცნობოს/აცნობონ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს.
2. ხოფის ტერმინალის ოპერატორი მიაწოდებს ინფორმაციას ბათუმის აეროპორტის ოპერატორს ხოფის ტერმინალში რეგისტრაციაგავლილი მგზავრებისათვის ადგილებისა და ჩასხდომის ბარათების რაოდენობის შესახებ.
3. ხოფის ტერმინალში რეგისტრაციაგავლილი მგზავრების ჩასხდომის ბარათები შესრულების დიზაინით უნდა განსხვავდებოდეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრაციაგავლილი მგზავრების ჩასხდომის ბარათებისაგან.
მუხლი 8🔗
კონსულტაციები
თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ნებისმიერ დროს შეიძლება მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა წინამდებარე ოქმის განმარტების, განხორციელების და შესწორების მიზნით.
მუხლი 9🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე ოქმში, მხარეთა თანხმობით, შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომელიც ფორმდება ცალკეული ოქმების სახით და წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე ოქმის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ“ 2006 წლის 14 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
შესრულებულია ქ. ბათუმში, 2007 წლის 26 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის დებულებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
გიორგი არველაძე
(ხელმოწერილია)
საქართველოს ეკონომიკური
განვითარების მინისტრი
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ისმეთ ილმაზი
(ხელმოწერილია)
თურქეთის რესპუბლიკის
ტრანსპორტის მინისტრი