შპს ”ტანჯულას” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/9276-17
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2017 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი – შპს „ტანჯულა“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 202302506)
დირექტორი – ელისაბედ გოგიძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ტანჯულას“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გამოარკვია:
2017 წლის 06 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ტანჯულას“ დირექტორმა ელისაბედ გოგიძემ და მოითხოვა შპს „ტანჯულას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „ტანჯულას“ არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება.
2017 წლის 10 აპრილს განჩინებით, შპს „ტანჯულას“ დირექტორს ელისაბედ გოგიძეს დაუდგინდა ხარვეზი იმის თაობაზე, რომ სასამართლოში წარმოედგინა შპს „ტანჯულას“ უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ ინფორმაცია.
2017 წლის 18 აპრილის განჩინების საფუძველზე, შპს „ტანჯულას“ დირექტორს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა, რადგანაც მის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა სია.
2017 წლის 21 აპრილს შპს „ტანჯულას“ დირექტორის ელისაბედ გოგიძის მიერ შევსებულ იქნა ხარვეზი.
2017 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ნაფარეულის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა 2017 წლის 01 მაისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ტანჯულა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „ტანჯულას“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტანჯულა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 202302506) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ტანჯულას“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე