საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რემონტის წესის დამტკიცების შესახებ პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№50
2017 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქცია.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №365 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ –
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი) სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების საპატრულო ეკიპაჟების (შემდგომ –
საპატრულო ეკიპაჟები) მიერ სპეციალური მანქანების გამოყენებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ობიექტის დაგეგმილ მარშრუტზე გადაადგილებისას მათი გაცილების წესებს.
2. ინსტრუქციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე ობიექტის გადაადგილებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
3. ობიექტის გაცილებას უზრუნველყოფენ საპატრულო ეკიპაჟები ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ობიექტი –
კოლონა, რომელიც შედგება სამი ან სამზე მეტი საავტომობილო, სპეციალური ან/და ჯავშანსატანკო ერთეულისგან, ასევე სამზე ნაკლები საავტომობილო, სპეციალური ან/და ჯავშანსატანკო ერთეული, რომელშიც შედის არაგაბარიტული ტექნიკა, ჯავშანტექნიკა ან თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; გაცილების დამკვეთის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ან/და საფრთხის შემცველი ტვირთი; სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაჰყავს წვევამდელები ან სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე, მათი უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით ობიექტის უფროსი მიზანშეწონილად მიიჩნევს მათ გაცილებას;
ბ) ობიექტის უფროსი –
გაცილების დამკვეთის მიერ ბრძანებით დანიშნული პირი, რომელიც პასუხს აგებს მეთაურის ბრძანებისა და ობიექტის გადაადგილების გეგმის შესრულებაზე, მძღოლთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების, მანქანებში მყოფი პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა დაცვაზე;
გ) საპატრულო ეკიპაჟი –
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორი ან/და მეტი პირი, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებით საპატრულო მანქანით უზრუნველყოფს ობიექტის უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას;
დ) საპატრულო ეკიპაჟის უფროსი –
საპატრულო ეკიპაჟის მთელი პირადი შემადგენლობის უფროსი და ეკიპაჟის მიერ შესასრულებელი დავალების ორგანიზებაზე და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი;
ე) გაცილების დამკვეთი –
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ქვედანაყოფი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად ითხოვს ობიექტის გაცილებას.
მუხლი 3🔗. გაცილების მოთხოვნა
1. ობიექტის გაცილების უზრუნველსაყოფად გაცილების დამკვეთი ვალდებულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ან დასავლეთ ბატალიონს მიმართოს წერილობით, ობიექტის გაცილების მოთხოვნით. მიმართვას თან უნდა ახლდეს გაცილების დამკვეთის უფლებამოსილი პირის შესაბამისი ბრძანება გადაადგილების შესახებ და შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ობიექტის გადაადგილების გეგმა.
2. გაცილების დამკვეთი უფლებამოსილია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ან დასავლეთ ბატალიონისგან ობიექტის გაცილება მოითხოვოს ტელეფონის საშუალებით. ამ შემთხვევაში, გაცილების დამკვეთი ვალდებულია, სატელეფონო მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ განახორციელოს გაცილების მოთხოვნა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. საპატრულო ეკიპაჟის ვალდებულებები
1. საპატრულო ეკიპაჟი ვალდებულია:
ა) გააცილოს ობიექტი ამ ინსტრუქციის შესაბამისად;
ბ) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად განხორციელებული მიმართვის საფუძველზე მიღებული დავალების შემდეგ, ობიექტის გასვლამდე არანაკლებ ერთი საათით ადრე გამოცხადდეს იმ სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილზე, საიდანაც გადის ობიექტი, თუ ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული წერილობითი ან სატელეფონო მოთხოვნა განხორციელდა ობიექტის გასვლამდე 24 საათით ადრე, სხვა შემთხვევაში კი, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან რეალურ დროში.
2. საპატრულო ეკიპაჟი არ ახორციელებს ობიექტის გაცილებას, თუ ობიექტი გადაადგილებას იწყებს და ამთავრებს ქალაქების და დასახლებული პუნქტების გარეთ არსებულ მეორეხარისხოვან გზებზე, რომლებიც გამოიყენება ქვედანაყოფების საწვრთნელ ბაზებზე, პოლიგონებზე და სხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე გადაადგილებისას და სადაც, საგზაო მოძრაობის ინტენსიობიდან გამომდინარე, დაბალია ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა.
მუხლი 5🔗. ობიექტის შემადგენლობა და საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა
1. საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფის მორიგე ან ხელმძღვანელი პირი.
2. ობიექტის შემადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში 10 (ათი) ერთეულს, ხოლო ავტომაგისტრალებზე –
15 (თხუთმეტი) ერთეულს, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მისი გაყოფა.
3. ობიექტის გაცილებისას განისაზღვრება გამცილებელი საპატრულო ეკიპაჟების მინიმალური რაოდენობა ობიექტში შემავალი ტექნიკის რაოდენობის მიხედვით:
ა) ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში:
ა.ა) 1-3 ერთეული ტექნიკის გაცილებისას –
1 (ერთი) საპატრულო ეკიპაჟი;
ა.ბ) 4-6 ერთეული ტექნიკის გაცილებისას –
2 (ორი) საპატრულო ეკიპაჟი;
ა.გ) 7-10 ერთეული ტექნიკის გაცილებისას –
3 (სამი) საპატრულო ეკიპაჟი.
ბ) ავტომაგისტრალებზე:
ბ.ა) 1-5 ერთეული ტექნიკის გაცილებისას –
1 (ერთი) საპატრულო ეკიპაჟი;
ბ.ბ) 6-10 ერთეული ტექნიკის გაცილებისას –
2 (ორი) საპატრულო ეკიპაჟი;
ბ.გ) 10-15 ერთეული ტექნიკის გაცილებისას –
3 (სამი) საპატრულო ეკიპაჟი.
მუხლი 6🔗. გაცილების ხელმძღვანელი
მიღებული დავალებიდან გამომდინარე, ობიექტის გასაცილებლად ერთზე მეტი საპატრულო ეკიპაჟის საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები პირი (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ან დასავლეთ ბატალიონების მეთაური ან მორიგე) ერთ-ერთი ეკიპაჟის უფროსს განსაზღვრავს გაცილების ხელმძღვანელად, რომელსაც კონკრეტული გაცილების პერიოდში დაექვემდებარებიან ეკიპაჟები.
მუხლი 7🔗. საპატრულო ეკიპაჟის უფროსის/გაცილების ხელმძღვანელის ვალდებულებები
საპატრულო ეკიპაჟის უფროსი/გაცილების ხელმძღვანელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ობიექტის გაცილებისას ვალდებულია:
ა) ობიექტის უფროსთან ერთად გაერკვეს შემდეგ საკითხებში: ობიექტის მარშრუტი, რა სიჩქარეა დაწესებული ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით ობიექტის გადაადგილების დროს, მანქანებს შორის დისტანცია, შესვენების ადგილები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ობიექტის საწყისი ადგილიდან დაძვრისა და საბოლოო წერტილში მისვლის დროები და მარშის (გადაადგილების) შესახებ ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანების სხვა მისთვის აუცილებელი დეტალები;
ბ) იცოდეს ობიექტის უფროსის სამხედრო წოდება, გვარი, სახელი, მასთან კავშირის საშუალებები;
გ) იცოდეს ობიექტში შემავალი საავტომობილო საშუალებების, სპეციალური და ჯავშანსატანკო ტექნიკის რაოდენობა, მარკები, სანომრე ნიშნები, თითოეულ მანქანაზე არსებული სამხედრო ტვირთის სახეობა, გადასაყვანი პირადი შემადგენლობის რაოდენობა და სხვა;
დ) იცოდეს ობიექტში შემავალ მძღოლთა სამხედრო წოდებები, გვარი, სახელი;
ე) ობიექტის მოძრაობის დაწყების წინ, ობიექტის უფროსთან ერთად, შეამოწმოს და დააფიქსიროს ობიექტში შემავალი ტექნიკის თვალხილული ტექნიკური გაუმართაობა და მოითხოვოს ობიექტის უფროსისაგან არსებული შესაძლებლობის ფარგლებში ნაკლოვანების აღმოფხვრა, ხოლო თუ არ არის აღნიშნული ნაკლოვანების აღმოფხვრა შესაძლებელი, გაუმართავი ტექნიკა არ უნდა გააცილოს და შესაბამისად, არ უნდა განხორციელდეს ასეთი ტექნიკის გადაადგილება;
ვ) ობიექტის მოძრაობის დაწყების წინ შეამოწმოს მძღოლების სათანადო დოკუმენტების არსებობა (მართვის მოწმობა შესაბამისი კატეგორიით, ავტომანქანის სარეგისტრაციო ტალონი, საგზური და გადაადგილების ბრძანება) და მათი გარეგნული იერსახე, ასევე, შეამოწმოს მძღოლები ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე როგორც გაცილების დაწყების წინ, ისე გაცილების განმავლობაში საჭიროებიდან გამომდინარე და შესაძლებლობის ფარგლებში ან/და გაცილების დასრულებისას; ობიექტის მოძრაობის დაწყების წინ ზემოაღნიშნული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი ოქმი, დაუყოვნებლივ აცნობოს გაცილების დამკვეთს აღნიშნულის შესახებ და მოსთხოვოს მას პრობლემის გონივრულ დროში აღმოფხვრა, ხოლო თუ გაცილების დამკვეთის მიერ ვერ მოხერხდა აღნიშნული პრობლემის გონივრულ დროში აღმოფხვრა, ობიექტის გადაადგილება და გაცილება არ უნდა განხორციელდეს;
ზ) წინასწარ დაგეგმილ მარშრუტზე შეზღუდვების დაწესების ან გაუთვალისწინებელი შეფერხების არსებობის შემთხვევაში ობიექტის უფროსთან შეათანხმოს ობიექტის გადაადგილების მარშრუტში (მათ შორის, დასახლებული პუნქტების გავლის დროს) ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა და აღნიშნულზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გააკონტროლოს/უზრუნველყოს ამ ცვლილებების მძღოლებისათვის და საპატრულო ეკიპაჟის წევრებისათვის გაცნობა;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური ხმოვანი ციმციმა მანათობელი სიგნალების გამოყენებით უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების დაცვა მარშრუტზე მოძრაობისას შემხვედრი ან გამსწრები მანქანების ნაკადისაგან;
ი) განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს და ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების ზომები ობიექტის დასახლებულ პუნქტებში გადაადგილების დროს.
მუხლი 8🔗. გაცილების ზოგადი წესები
1. საპატრულო ეკიპაჟის უფროსი/გაცილების ხელმძღვანელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იკავებს ადგილს ობიექტის წინ, მიმმართველ მანქანაში და უზრუნველყოფს ობიექტის გადაადგილებას დადგენილი მარშრუტით და სიჩქარით დანიშნულების ადგილამდე.
2. იმ შემთხვევაში, თუ გაცილება ხდება ერთზე მეტი საპატრულო ეკიპაჟის საშუალებით, მაშინ ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობს ობიექტის ბოლოს. საჭიროების შემთხვევაში ის გადმოდის წინ და ეხმარება მიმმართველ საპატრულო ეკიპაჟს მარშრუტის რთული მონაკვეთების და გზაჯვარედინების გავლისას. დანარჩენ შემთხვევებში ის მოძრაობს ობიექტის უკან, ოდნავ მარცხნივ და ხმოვანი და ციმციმა მანათობელი სიგნალების გამოყენებით არ აძლევს სამოქალაქო ავტომანქანებს ობიექტში ჩადგომის საშუალებას, ასევე არეგულირებს ობიექტის სიღრმეს მიმმართველი საპატრულო ეკიპაჟის უფროსთან რადიო (სატელეფონო) საუბრით, ატყობინებს მას ობიექტის გადაადგილებისას წამოჭრილ პრობლემებს (შეფერხდა თუ არა ობიექტის მოძრაობა, ჩამორჩა თუ არა რომელიმე ავტომანქანა) და აძლევს რეკომენდაციებს სიჩქარის მომატებაზე ან შემცირებაზე.
3. მეორე საპატრულო ეკიპაჟის არარსებობის შემთხვევაში ობიექტის ბოლო მანქანაში ჯდება საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ხელის რადიოსადგურით და სათავო საპატრულო ეკიპაჟის უფროსს, ვითარებიდან გამომდინარე, აძლევს რეკომენდაციებს მოძრაობის სიჩქარის გაზრდაზე და შემცირებაზე, ასევე აწვდის ყველა სხვა საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს ობიექტის მიერ მარშრუტის რთული უბნების გავლაში საპატრულო ეკიპაჟის უფროსის ბრძანებებისა და მითითებების შესაბამისად.
4. საპატრულო ეკიპაჟებმა ობიექტი უნდა გააჩერონ მხოლოდ გაცილების დამკვეთის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე, ხოლო სხვა ადგილზე, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (გადაადგილების უსაფრთხოების წესების უზრუნველსაყოფად, დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში და ა.შ.), ობიექტის უფროსის გადაწყვეტილებით.
5. ობიექტის გაცილებას საპატრულო ეკიპაჟები ახორციელებენ თავიანთი სამოქმედო ტერიტორიების ფარგლებში. ობიექტის გადაბარება ხდება წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე, ხოლო დავალებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების მეთაურების ურთიერთშეთანხმებით. საპატრულო ეკიპაჟების მიერ დავალების შესრულება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით.
6. საპატრულო ეკიპაჟები მათზე დაკისრებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს ახორციელებენ შესაბამის სამართალდამცავ და სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში. საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო ეკიპაჟები მოქმედებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო ეკიპაჟებთან კოორდინირებულად.
7. სამზე ნაკლები ტექნიკის გაცილებისას ობიექტი და საპატრულო ეკიპაჟი უნდა გადაადგილდეს საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.
მუხლი 9🔗. ობიექტის გაცილების დამატებითი წესები დასახლებულ პუნქტში გადაადგილების დროს
ობიექტის დასახლებულ პუნქტში გაცილებისას:
ა) საპატრულო ეკიპაჟების მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს, შესაბამის ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე რიცხული ტექნიკის გამოყენებისა და ექსპლოატაციის წესებს, ასევე, გაცილების დამკვეთის ბრძანებებს ობიექტის გადაადგილების შესახებ;
ბ) გზაჯვარედინების გავლისას, ეკიპაჟის უფროსი/გაცილების ხელმძღვანელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აფრთხილებს სხვა ავტომანქანების მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს ობიექტის მოახლოების შესახებ ხმოვანი და ციმციმა მანათობელი სიგნალების გამოყენებით და მოსთხოვს მათ მოძრაობის შეჩერებას. ამისათვის მან საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიკავოს შესაბამისი პოზიცია და როგორც კი შეჩერდება მოძრაობა, უზრუნველყოს ობიექტის გავლა გზაჯვარედინზე, მიუხედავად იმისა, რომელი ფერის ნათურა ანთია შუქნიშანზე. ობიექტის პირველი ავტომანქანის გზაჯვარედინზე უსაფრთხოდ გავლის შემთხვევაში, ის კვლავ უნდა ჩაუდგეს ობიექტს სათავეში და გააგრძელოს მარშრუტზე მოძრაობა.
მუხლი 10🔗. საპატრულო ეკიპაჟის მოქმედება ობიექტის გაცილებისას წარმოშობილი დამაბრკოლებელი გარემოებებისას
1. ობიექტში მოძრავი ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მის შეკეთებას და დაცვას უზრუნველყოფს ობიექტის უფროსი, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში –
უსაფრთხოებისათვის საჭირო დაცვის ჯგუფი, ობიექტი კი აგრძელებს მოძრაობას. შეკეთებული ტექნიკური ერთეული შეკეთების შემდეგ მოძრაობს დამოუკიდებლად, ხოლო თუ ის დამოუკიდებლად წარმოადგენს ობიექტს, მის გაცილებას ახორციელებს საპატრულო ეკიპაჟი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც შეკეთებული ტექნიკური ერთეული დამოუკიდებლად წარმოადგენს ობიექტს, საპატრულო ეკიპაჟები უნდა გადანაწილდნენ იმგვარად, რომ არ დაირღვეს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მოთხოვნები. ამისათვის, საჭიროების შემთხვევაში საპატრულო ეკიპაჟის უფროსი ან გაცილების ხელმძღვანელი (ასეთის არსებობისას) დამატებით იძახებს ახალ საპატრულო ეკიპაჟს.
3. საპატრულო ეკიპაჟის მიერ ობიექტის გაცილებისას, გამცილებელი საპატრულო ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში საპატრულო ეკიპაჟის უფროსი კავშირის საშუალებებით ატყობინებს ობიექტის უფროსს და აყენებს საქმის კურსში, უკავშირდება თავის უშუალო უფროსს და ითხოვს შემცვლელ საპატრულო ავტომანქანას. ობიექტი მოძრაობას აგრძელებს მხოლოდ გამართული საპატრულო ავტომანქანის მოსვლის შემდეგ, ხოლო დაზიანებული საპატრულო ავტომანქანა უბრუნდება დისლოკაციის ადგილს ან გადაიყვანება შესაბამის სერვისცენტრში შემდგომი ტექნიკური მომსახურების ან რემონტის ჩასატარებლად.
4. გაცილების განმავლობაში მძღოლის სიმთვრალის ან სხვა დამაბრკოლებელი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში ეკიპაჟის უფროსი/გაცილების ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ აჩერებს ობიექტს, საჭიროების შემთხვევაში ადგენს შესაბამის ოქმს, აცნობებს გაცილების დამკვეთს აღნიშნულის შესახებ და მოსთხოვს მას პრობლემის აღმოფხვრას. ობიექტის გადაადგილება და გაცილება არ უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ გაცილების დამკვეთი არ უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას.
მუხლი 11🔗. ობიექტის უსაფრთხოებისათვის საჭირო დაცვის ჯგუფი
იმ შემთხვევაში, თუ ობიექტში არსებული ტექნიკა ან ტვირთი თავისი მნიშვნელობით და მდგომარეობით საჭიროებს შეიარაღებულ დაცვას, გაცილების დამკვეთის მიერ გამოყოფილი უნდა იქნეს ტვირთის უსაფრთხოებისათვის საჭირო დაცვის ჯგუფი, რომლის ოდენობა, შეიარაღება/აღჭურვილობა უნდა განსაზღვროს გაცილების დამკვეთმა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ ინსტრუქციას და თან ერთვოდეს გაცილების შესახებ წერილობით მოთხოვნას.