აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
ძალის დაკარგვა 01.03.2025
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 430210000.32.057.016256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 01.03.2025
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№21
2017 წლის 30 ივნისი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს
დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანდართული დებულება.
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 53 (ორმოცდაცამეტი) საშტატო ერთეულით.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №72, 03.07.10).
4.
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
6. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
7. სამინისტროს სახელწოდებაა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”.
8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.
მუხლი 2🔗.
. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. სამინისტრო არის ერთმმართველობის პრინციპზე დაფუძნებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.
2. სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის სისტემაში შემავალი ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.
3. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის სისტემის მართვას;
ბ) განათლების სისტემის ინსტიტუციურ და პროგრამულ რეფორმირებას;
გ) სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;
დ) ეკონომიკის ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ფორმირების ხელშეწყობას;
ე) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ორგანიზებას;
ვ) განათლების, კულტურისა და სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ზ) საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის გაცემას;
თ) კულტურისა და სპორტის სფეროებში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდას და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებას;
ი) კულტურისა და სპორტის დაწესებულებების ოპტიმალურ ინსტიტუციურ მოწყობას;
კ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების პროგრამულ დაფინანსებას;
ლ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში დამტკიცებული პროგრამების მართვას, განხორციელებასა და კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას;
ნ) თავისი საქმიანობის სფეროში საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების აღსრულებას;
ო) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
4. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო:
ა) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს/კოორდინაციას უწევს მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებებზე;
ბ) გამოითხოვს მასალებს ან/და ადგილზე შეისწავლის სამინისტროს სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებებში კანონმდებლობის ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესრულებას;
გ) უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს მისცეს წერილობითი გაფრთხილება მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში. წერილობითი გაფრთხილების მიცემა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
დ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, ასევე მთავრობის წინაშე დასვას იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში მიიღებს ახალ წერილობით გაფრთხილებას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით იბარებს საჯარო სკოლის, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების მიერ გასული წლის საქმიანობის ანგარიშს სასწავლო პროცესისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. ითანხმებს აღნიშნული დაწესებულებების საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და ბიუჯეტს;
თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს. რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;
ი) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს;
კ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
ლ) მონაწილეობს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენების, საკონცერტო ჩვენების, სახალხო დღესასწაულების, მასობრივი ღონისძიებების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა სახის ღონისძიებების გამართვაში;
მ) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗.
სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც თანამდებობაზე ინიშნება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით.
2. მინისტრი კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინიტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვასა და კოორდინაციას.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, დებს ადმინისტრაციულ, შრომით ხელშეკრულებებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს დასანიშნად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარეს; ნიშნავს ან მთავრობას დასანიშნად წარუდგენს სამინიტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;
ე) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს ან მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს და სტრუქტურას;
ვ) ითანხმებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას; ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
ზ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ დებულებას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, ითანხმებს ტერიტორიული ორგანოების ხარჯთა ნუსხას;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს მოთხოვნისამებრ, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
ი) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათ ამოცანებს, აგრეთვე დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;
მ) ამტკიცებს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმას და მისი გაცემის წესს;
ნ) წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ო) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის;
პ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
5. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დროებით ასრულებს მინისტრის მოვალეობას, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗.
სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა.ა) განათლების დეპარტამენტი;
ა.ბ) კულტურის დეპარტამენტი;
ა.გ) რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ა.დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ა.ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
ა.ვ) ბუღალტრული აღრიცხვა–ანგარიშგების დეპარტამენტი;
ა.ზ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;
ბ) ტერიტორიულ ორგანოებს:
ბ.ა) ბათუმის რესურსცენტრი;
ბ.ბ) ქობულეთის რესურსცენტრი;
ბ.გ) ხელვაჩაურის რესურსცენტრი;
ბ.დ) ქედის რესურსცენტრი;
ბ.ე) შუახევის რესურსცენტრი;
ბ.ვ) ხულოს რესურსცენტრი;
გ) საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო;
ე) სამინისტროს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.
2. განათლების დეპარტამენტი:
ა) წარმოადგენს წინადადებებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სფეროში მოქმედი დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ოპტიმალური ინსტიტუციური მოწყობის შესახებ;
ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სისტემის რეფორმირების თაობაზე;
გ) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სფეროში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას განათლების სფეროში;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს და აფასებს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს განათლების სფეროში ეროვნული პროგრამების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას;
თ) კოორდინაციას უწევს პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სოციალური, აღმზრდელობითი, საყოფაცხოვრებო და სასწავლო პროცესების მიმდინარეობას;
ი) წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ხელს უწყობს მათ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას განათლების სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში;
ლ) განათლების სფეროში სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას და მათ საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას;
მ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განათლების სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კულტურის დეპარტამენტი:
ა) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენს მინისტრს;
ბ) უზრუნველყოფს კულტურის სფეროში ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
გ) მონაწილეობას იღებს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებებთან ერთად ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში;
დ) კოორდინაციას უწევს კულტურის ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლასა და მხარდაჭერას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ე) უზრუნველყოფს აუდიოვიზუალური, სახვითი, საშემსრულებლო, სადადგმო და სანახაობითი ხელოვნების, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ხელშემწყობი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
ვ) უზრუნველყოფს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას;
ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას კულტურის სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის კოორდინაციას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურის დაწესებულებების საქმიანობას;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა) ორგანიზებას უწევს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას;
ბ) ახორციელებს სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავების, სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტალების და კალენდარული წლების მიხედვით განწერის ორგანიზებას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;
დ) ახორციელებს სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებას, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს;
ვ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გაანგარიშებებს;
ზ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსურ მართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას;
თ) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტებს;
ი) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმებას;
კ) კოორდინაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების პროცესს;
ლ) ამზადებს დასკვნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ;
ნ) ახორციელებს მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობას;
ო) ახდენს საზოგადოების ინფორმირებას სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
პ) ახორციელებს მედიასაშუალებებთან ურთიერთობას, საინფორმაციო მასალების მომზადებას, პრესრელიზების გავრცელებას, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზებას;
ჟ) ახდენს სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფას, ინფორმაციის განახლებასა და ვებგვერდის მართვას;
რ) ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ს) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელებას;
ტ) ახორციელებს ფოტოვიდეომასალის არქივის წარმოებას;
უ) ახდენს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის მოთხოვნილებების კვლევას, საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ფ) ახდენს სამინისტროს საქმიანობის პიარს;
ქ) უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელების გაზრდას სამინისტროს საქმიანობის შესახებ და ამ მიზნით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიურ გამოყენებას;
ღ) ახორციელებეს შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის გაცვლას;
ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
დ) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ე) შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის სამინისტროში შემოსულ განცხადებებს, რომელთა განხილვის შედეგად ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს;
თ) ხელს უწყობს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო, ორგანიზაციული და სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვას;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას;
კ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში საკადრო საქმის ორგანიზებას;
ლ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის, მობილობის, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზებას, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების პროცესში მონაწილეობას;
მ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადებას;
ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს საარქივო საქმის წარმოებას;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზებას;
ბ) ხელს უწყობს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ზრდას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის დამკვიდრებას;
დ) ახდენს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადებას, მასში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანასა და გეგმის შესრულების კონტროლის წარმოებას;
ე) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების პროექტებს;
ვ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, მათ რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და არქივის წარმოებას;
თ) ადგენს სატენდერო დოკუმენტაციას, განიხილავს სატენდერო წინადადებებს, ამზადებს ოქმებისა და წერილების პროექტებს;
ი) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსების განხორციელებას;
კ) შეისწავლის შესყიდვებში მონაწილე პირების მიერ სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებს, რომელთა განხილვის შედეგად ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს წინასწარი კონტროლის განხორციელებას საბუთების დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე;
ბ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრების (მათ შორის სამინისტროს პროგრამების) და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებულ აღრიცხვას;
გ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების დროულ დარიცხვას, სახელფასო უწყისების შედგენას, ხარჯთა ნუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ წარმოებას;
დ) მონაწილეობს ფულადი სახსრების ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა შეფასებაში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში;
ე) უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენასა და დაწესებულ ვადაში წარდგენას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ე) დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;
ვ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები-რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა.(ა).ი.პ.-ები) მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით;
ზ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა;
ლ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
მ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ნ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ო) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
პ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
ჟ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
რ) სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია რესურსცენტრები.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.
3. რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება რესურსცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6🔗.
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება
1. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.
2. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სტრუქტურა, საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები, უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.