შპს ,,ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს’’ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1324-17
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2017 წლის 30 ივნისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“
(230029714)
დირექტორი: ვახტანგ ბეგაძე.
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
2017 წლის 29 მაისს შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ვახტანგ ბეგაძემ და აღნიშნა, რომ შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ რეგისტრირებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ და შპს-ს 100% წილის მფლობელი არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ უზრუნველყოფილი კრედიტორი – სახელმწიფო ბიუჯეტი, თანხით – 130700,88 ლარი. სხვა კრედიტორები და დებიტორები საზოგადოებას არ ჰყავს. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია, გარდა ელიფსური ცისტერნისა („მოდელი KO-503B“ რეგისტრაციის ნომრით: DBF-782), რომელიც არის ექსპლოატაციისათვის უვარგისი და საჯართე მდგომარეობაში მყოფი. ამასთან მიუთითა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
2017 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე, განჩინების ჩაბარების დღიდან და დაევალა წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ: ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან – არის თუ არა შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული; წარმოედგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ საბანკო ანგარიშების თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით ასევე წარმოედგინა ცნობები შესაბამისი ბანკი(ებ)დან შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის თაობაზე. წარმოედგინა მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი.
2017 წლის 9 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ დირექტორმა ვახტანგ ბეგაძემ და წარმოადგინა: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საბანკო ანგარიშების შესახებ, დირექტორის 2017 წლის 19 მაისის ბრძანება, 2014 წლის 18 სექტემბრის №43 24 ბრძანება წესდების დამტკიცების შესახებ და საზოგადოების წესდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით.
2017 წლის 26 ივნისს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ დირექტორმა ვახტანგ ბეგაძემ და წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმად, შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველო“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული არ არის.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, გარდა ელიფსური ცისტერნისა („მოდელი KO-503B“ რეგისტრაციის ნომრით: DBF-782), რომელიც არის ექსპლოატაციისათვის უვარგისი და საჯართე მდგომარეობაში მყოფი (ცნობა მომსახურების სააგენტოდან, ცნობა საჯარო რეესტრიდან და კომპანიის დირექტორის 2017 წლის 19 მაისის ცნობა). საბანკო ანგარიშებზე კომპანიას თანხა არ ერიცხება. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება (საბიუჯეტო დავალიანება) 130700,88 ლარის ოდენობით (იხ. სსიპ – შემოსავლების სამსახური წერილი).
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „ზესტაფონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ (ს/კ 230029714) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე