სს ”პერლიტის” გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16328-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2017 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი : სს „პერლიტი“
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია“, დირექტორი თამარ მუმლაძე
მოთხოვნა: სს „პერლიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
2017 წლის 21 ივნისს სს „პერლიტის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს სს „პერლიტის“ (ს/ნ 216292385) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განმცხადებლის მითითებით, სს „პერლიტი“ წარმოადგენს სახელმწიფოს (წილი − 27.08%), თამარ ჩიხლაძის (წილი − 71,12%) და სხვა აქციონერების (წილი − 1,8%) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. სს „პერლიტს“ საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებული უძრავი ქონება, რომელზეც ვრცელდება ყადაღა. სს „პერლიტი“ არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. სს „პერლიტის“ სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება MAZ 5549, სახელმწიფო სანომრე ნიშნით EEC 124. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების და სხვა მოძრავი ქონების ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაცია. თუმცა ახალ მესაკუთრეს, შპს „რუსმეტალს“ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, სს „პერლიტს“ საკუთრებაში მოძრავი ქონება არ ერიცხება. სს ”პერლიტის” არაუზრუნველყოფილი კრედიტორია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 6 626,96 ლარს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ დავალიანება 7 859,69 ლარია. სს ”პერლიტს” ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ვი-თი-ბი ბანკ ჯორჯიაში“. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ გააჩნია.
ამდენად, სს „პერლიტი“ გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს სს „პერლიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ სს „პერლიტს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის , თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან სს „პერლიტს“ არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან , უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. სს „პერლიტის“ (ს/ნ 216292385) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს სს „პერლიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი