შპს ”კოლხის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8772-2012
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „კოლხის“ მიმართ.
2017 წლის 24 მაისს შპს „კოლხის“ გაკოტრების მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კოლხის“ ქონება გაიყიდა აუქციონზე ერთიანი სახით 1 032 256.84 ლარად 2015 წლის 6 აგვისტოს. აუქციონის შედეგად მიღებული თანხა განთავსებულია სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. აღნიშნული თანხიდან მოხდა დამატებითი ღირებულების გადასახადის – 157 462,91 ლარის გადახდა და კრედიტორებს შორის გასანაწილებელი დარჩა 874 793,93 ლარი. კრედიტორთა აღიარებული მოთხოვნების ჯამია 6 809 574,89 ლარი, საიდანაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მეოთხე რიგში აღიარებული მოთხოვნა შეადგენს 510449,4 ლარს. სამეურვეო ქონების გაყიდვის შემდეგ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა დამატებითი მოთხოვნის წარმოდგენა 475074,77 ლარის ოდენობით. მოთხოვნა არ არის აღიარებული. ამდენად, განმცხადებელი ითხოვს თანხის წინასწარ განაწილებას. კერძოდ, კრედიტორებზე გასანაწილებელი თანხიდან 874 793,93 ლარიდან ანგარიშზე ხელუხლებლად დარჩეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის დამატებითი მოთხოვნის შესაბამისი თანხა 475074,77 ლარი, ხოლო დარჩენილი 399719,16 ლარი განაწილდეს კრედიტორებს შორის კანონით დადგენილი წესით. უპირველესად უნდა მოხდეს გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველის მომსახურების საფასურის – 58 000 ლარის გადახდა; სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე დარჩენილი თანხა განაწილდეს მას შემდეგ, რაც დაზუსტდება სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა და მოხდება მისი აღიარება.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრება სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების საკითხის განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მოწვეულ იქნეს შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 24 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს შპს „კოლხის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი