შპს „საქართველოს მარკის“ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/15987-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2017 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განმცხადებელი: შპს „საქართველოს მარკა“ (ს/კ 202906962)
წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე, შპს ”რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2017 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს მარკის“ (ს/კ 202906962) ლიკვიდატორის შპს „რეაბილიტაციის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ საწარმო წარმოადგენს 51% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. გარდა სახელმწიფოსი, საწარმოს პარტნიორები არიან ხადიჯა ჯაიანი, ვლადიმერ ბალასანიანი, ბაადურ ქობლიანიძე, ბიჭიკო ბრეგვაძე და ლიანა აბესაძე. დღეისათვის საწარმო არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში; მის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, კომპანიას საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ სამარკო პროდუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულებაც, განმცხადელის განმარტებით, აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს. საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ დავალიანებაც შეადგენს 588 184,51 ლარს. სხვა არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება საწარმოს არ ერიცხება. შპს „საქართველოს მარკას“ არ უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშები. ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება არც სალაროში. ამ გარემოებებზე მითითებით შპს „საქართველოს მარკა“ ითხოვს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს „საქართველოს მარკას“ (ს/კ 202906962) დაევალა სასამართლოსათვის წარედგინა საწარმოს საკუთრებაში არსებული სამარკო პროდუქციის შეფასების აქტი (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა). ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს განესაზღვრა 5 (ხუთი) დღის ვადა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება განმცხადებელს კანონით დადგენილი წესების დაცვით ჩაჰბარდა 2017 წლის 23 ივნისს.
2017 წლის 27 ივნისს, 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით დადგენილ 5 (ხუთი) დღიან ვადაში სასამართლოს განცხადებით მომართა თამარ მუმლაძემ, შპს „საქართველოს მარკის“ დირექტორის შპს ”რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა. ხარვეზის გამოსწორების მიზნით განმცხადებელმა სასამართლოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოადგინა 2017 წლის 26 ივნისს 26 ივნისს შედგენილი №129 აუდიტორული დასკვნა მატერიალური ფასეულობების შეფასების შესახებ. მითითებული დასკვნის თანახმად, შპს „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილი მარკების ღირებულება შეადგენს 397 413,80 ლარს, ხოლო კონვერტების, ალბომებისა და ბუკლეტების ღირებულებაა 2944,90 ლარი, ანუ ჯამში საწარმოს აქტივის ღირებულებაა 400 358,7 ლარი.
სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებას, მასზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „საქართველოს ფოსტის“მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „საქართველოს მარკის“ (ს/კ 202906962) განცხადება მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს „საქართველოს მარკის“ (ს/კ 202906962) მეურვედ დაინიშოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „საქართველოს მარკას“ (ს/კ 202906962) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „საქართველოს მარკის“ (ს/კ 202906962) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს მეურვეს, რომ ის ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „საქართველოს მარკის“ (ს/კ 202906962) ლიკვიდატორს შპს „რებილიტაციის“ დირექტორს თამარ მუმლაძეს, რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „საქართველოს მარკის“ (ს/კ 202906962) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 9 აგვისტოს, 17 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6, დარბაზში N9.
კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი;
ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
10. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე.
განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2017 წლის 6 ივლისისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ –აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე