„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1199-IIს
სარეგისტრაციო კოდი
240000000.05.001.018548
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2017

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არსებობდეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით, თუ მოხდება მათი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 58 მუხლი:

„მუხლი 58. ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ ყველა წილის/აქციის ერთი პარტნიორის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ეს საზოგადოება ხდება ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება. ამის შესახებ ინფორმაცია და პარტნიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში უნდა აისახოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – აქციათა რეესტრში და საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

3. თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს. ამგვარი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება.

4. სამეწარმეო საზოგადოებასა და მის ერთადერთ პარტნიორს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში იდება.“.

3. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.“.

4. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. იმ სამეწარმეო საზოგადოების მიმართ, რომლის წლიური ბრუნვა გასული საგადასახადო წლისათვის არ აღემატება 1 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში (შესაბამისი საგადასახადო წლის ბოლოსათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით), ამ კანონის 58 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ივნისი 2017 წ.

N1199-IIს