შპს „ბიოპოლუსის“ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/1333
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2017წლის27 ივნისი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს „ბიოპოლუსი“ (ს/კ 445389696)
დირექტორი: ზურაბ მეხრიშვილი
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს „ბიოპოლუსის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ცირა ხუნწარიამ და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებლის განმარტებით შპს „ბიოპოლუსს“ არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს ვადამოსული კრედიტორული დავალიანებები. მართალია მის სახელზე ირიცხება ქონება, მაგრამ ეს ქონება სრულად დაყადაღებულია კრედიტორების მიერ და ასევე საკმარისი არ არის ვადამოსული ვალდებულებების დასაფარად, რაც ცალსახად ადასტურებს ასევე კომპანიის გადახდისუუნარობას. 2016 წლის 27 ოქტომბერს, სს „ბანკმა რესპუბლიკამ“ 7290666 ლარად შეიძინა კომპანიის კუთვნილი ფარმაცევტული ქარხანა, რის საფუძველზეც მოხდა მხოლოდ აღნიშნული კომპანიის ვალის დაფარვა. ამავე დროს, ვინაიდან ქარხანა გაიყიდა, შეუძლებელი გახდა საქმიანობის შემდგომი გაგრძელება. მოვალეს არ გააჩნია ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე, ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში“, სს „საქართველოს ბანკში“, სს „რესპუბლიკა ბანკში“, თუმცა ანგარიშზე ირიცხება მხოლოდ 68,9 აშშ დოლარი.
განმცხადებლის განმარტებით მოვალის კრედიტორული დავალიანება შეადგენს 522 008,43 ლარს და 24257,12 დოლარს. მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორი არის სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით – 3 551 870,14 ლარი. ამასთან, კომპანიას არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო დებიტორი ჰყავს ერთი, რომლის ვალდებულება შეადგენს 64000 ლარს.
განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ბიოპოლუსის“ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განმცხადებლის შპს „ბიოპოლუსის“ (ს/კ 445389696) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება.
5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.
8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 11 აგვისტოს 13:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3), შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.
11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივლისამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
12 . განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) .
მოსამართლე გენადი მაკარიძე