სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.07.2017
ძალაში შესვლა 13.07.2017
ძალის დაკარგვა 14.12.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ნანობაშვილი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 14.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №32
2017 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 202 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 13 ივლისს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი
სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით ნებადართული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. აღნიშნული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ისაგან, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის შემთხვევებისა.
4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათაგან გამომდინარე, ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 2🔗. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება
1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) განთავსებასა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილ სხვა აუცილებელ ორგანიზაციულ და მიმდინარე საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის პირობები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და პირობები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
4. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესყიდვის პროცედურების საჯაროობა და გამჭვირვალობა, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული და თანასწორი მოპყრობა.
6. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია უფლებამოსილია, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
მუხლი 3🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლის შესაბამისად დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური).
2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ პირობებსა და ტარიფს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების მოქმედების ვადა (ტენდერის მოქმედების ვადა) განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
მუხლი 4🔗. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა
1. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადება ფასდება და გამარჯვებული პრეტენდენტი ვლინდება სატენდერო კომისიის მიერ ამ წესის, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. სატენდერო წინადადების განხილვასა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტ(ებ)ი, რომელიც დაეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ პირობებს.
4. კონსოლიდირებულ ტენდერში შესაძლებელია ერთზე მეტი გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა.
მუხლი 5🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)თან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.
2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
3. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, არაგამარჯვებული მიმწოდებლისაგან სატელევიზიო საეთერო დროის შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით, გადაიხადოს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო წინადადების მოქმედების (ტენდერის მოქმედების) ვადით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმსჯელოს ტენდერის მთლიანად ან მისი ნაწილობრივ, კონკრეტულ მიმწოდებელთან მიმართებით შეწყვეტის თაობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
მუხლი 6🔗. ანგარიშსწორების პირობები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშსწორების ვადები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
მუხლი 7🔗. ხელშეკრულების შეუსრულებლობა
1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საჯარიმო თანხის გადახდა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმსჯელოს ტენდერის მთლიანად ან მისი ნაწილობრივ, კონკრეტულ მიმწოდებელთან მიმართებით შეწყვეტის თაობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.