შპს ”არდურ ჯეომეტი”-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/15750-17
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2017 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე − თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი − შპს „არდურ ჯეომეტი“ (ს.ნ 204380053)
წარმომადგენელი − ლევან ნემსაძე (დირექტორი)
მოთხოვნა − გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ ერთპიროვნულად განიხილა შპს „არდურ ჯეომეტის“ დირექტორის ლევან ნემსაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „არდურ ჯეომეტის“ (ს/კ 226109804) დირექტორმა ლევან ნემსაძემ და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს „არდურ ჯეომეტის“ დირექტორის მიერ წარმოდგენილ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს „არდურ ჯეომეტის“ (ს/კ 226109804) წარმომადგენელს დაევალა სასამართლო განჩინების ჩაბარებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში შემდეგი მტკიცებულებების წარმოდგენა: შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა „არდურ ჯეომეტის“ ანგარიშწორების ანგარიშების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − მომსახურების სააგენტოს, საჯარო რეესტრის და საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია, შპს „არდურ ჯეომეტის“ (ს/კ 226109804) სახელზე უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის თაობაზე, ანგარიშებზე თანხის არსებობის შესახებ. საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შპს „არდურ ჯეომეტის“ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნასთან დაკავშირებით;
2017 წლის 5 ივლისს შპს „არდურ ჯეომეტის“ წარმომადგენელმა პაატა ლობჟანიძემ ხარვეზის შევსების განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა 2017 წლის 19 ივნისის განჩინებაში მითითებული მტკიცებულებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს „არდურ ჯეომეტის“ წარმომადგენელს დაევალა მოთხოვნის დაზუსტება და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 05 სამუშაო დღე.
2017 წლის 7 ივლისის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე შპს „არდურ ჯეომეტის“ წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2017 წლის 10 ივლისს.
2017 წლის 12 ივლისს შპს „არდურ ჯეომეტის“ წარმომადგენლის პაატა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა შპს „არდურ ჯეომეტის“ გამოცხადება გაკოტრებულად.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „არდურ ჯეომეტს“ არ გააჩნია არავითარი ქონება, ფულადი თანხები ანგარიშზე და მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით შპს „არდურ ჯეომეტს“ საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხა, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 − 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „არდურ ჯეომეტის“ დირექტორს ლევან ნემსაძეს (საიდენტიფიკაციო ნომერი 204380053) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში, მხარეზე განჩინების გადაცემის დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი).
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე