ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.07.2017
ძალის დაკარგვა 04.03.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (30)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2017 წლის 19 ივლისი
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის და საშვის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საშვის ფორმა დამტკიცდეს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ქალაქ თელავის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები განსაზღვროს ქალაქ თელავის საკრებულომ.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი №1
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო
საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი (შემდგომში –
წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში; თელავში სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს.
3. წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თელავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.
4. წესი, არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი –
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი –
კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;
გ) გაჩერება –
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა –
მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს, როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) –
გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) –
საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;
ზ) ველოსიპედი –
სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) –
ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტისაგან;
ი) მარშრუტი –
პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი;
კ) მძღოლი –
ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას;
ლ) პარკირება –
დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
მ) პარკირების ადგილი –
დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა;
ნ) პარკირების ოპერატორი –
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ან შერჩეული პირი;
ო) პარკირების პირობები –
პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია და ან რაიმე სხვა პირობები;
პ) პარკირების საფასური –
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
ჟ) პირი –
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
რ) საგზაო მონიშვნა –
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ს) საგზაო მოძრაობა –
გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
ტ) საგზაო მოძრაობის მონაწილე –
პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
უ) საგზაო ნიშანი –
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობების და მოძრაობის რეჟიმს, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ფ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება –
გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება;
ქ) სატრანსპორტო საშუალება –
გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავის ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ღ) საცნობი ნიშანი –
სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი;
ყ) სპეციალური პარკირების ადგილი –
ადგილი სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით;
შ) სპეციალური საშვი –
სამსახურის მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ჩ) ტაქსი –
დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;
ც) ტროტუარი –
გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
ძ) ქვეითთა გადასასვლელი –
სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
წ) ქვეითი –
საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებული პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილება;
ჭ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი –
საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი.
მუხლი 3🔗. პარკირება
1. სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების;
ბ) ქალაქის განვითარების ინტერესების;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის;
დ) სატრანსპორტო ნაკადის;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობის;
ვ) გზის გამტარუნარიანობის;
ზ) საზოგადოების სხვა ინტერესების.
მუხლი 4🔗. პარკირების სფეროს მართვა
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან შერჩეული იურიდიული პირის მეშვეობით.
2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 5🔗. გაჩერებისა და დგომის წესები
სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესები განისაზღვრება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.
მუხლი 6🔗. პარკირების წესები
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
მუხლი 7🔗. პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ადგილზე პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა.
5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 3 მეტრის რადიუსის დაშორებით.
6. ქალაქ თელავში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მინიშნება.
8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის მინიშნებები.
9. ტროტუარზე აიკრძალოს პარკირება.
10. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისათვის ქალაქ თელავის მერია უფლებამოსილია, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქ თელავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
11. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ქალაქ თელავის მუნიციპალიეტის მერია.
12. დაუშვებელია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანასპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
მუხლი 8🔗. სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა
ქალაქ თელავის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის;
ბ) ტაქსების, ქალაქ თელავის ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების და ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;
დ) საწვავის, რადიაქტიული და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზის და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის.
მუხლი 9🔗. სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომის ადგილების განსაზღვრის წესი
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას:
ა) თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ორგანოებს;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებს;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
დ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ვ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისიებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე –
დაერთოთ ნება შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიები გამოიყენონ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომისათვის, რა დროსაც ყველა ზემოაღნიშნული პირები ვალდებულნი არიან ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინონ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომის ადგილების მოწყობის ესკიზი-პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ავტომანქანების დგომის წესებს (მართებული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა).
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობის ძირითადი შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა მათთვის განკუთვნილ ადგილას რეგულირდება საშვის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საშვის ფორმა მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.
3. აკრძლულია სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა ტროტუარზე.
4. სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უცხო პირთა მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომის შემთხვევაში განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებანი.
მუხლი 10🔗. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე ისე, რომ:
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიკაციას;
გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას –
პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი.
2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე.
მუხლი 11🔗. საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი, დანართი №1-ის შესასბამისად.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრასნპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.
4. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
5. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.
6. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სამსახურს.
7. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით სამსახურს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი.
8. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.
9. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
10. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;
ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;
გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.
მუხლი 12🔗. სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
1. სპეციალური საშვის მისაღებად ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირი (გარდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერისა) წერილობითი ფორმით მიმართავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი სპეციალური საშვის გაცემას ავალებს სამსახურს.
2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.
3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის ,,შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით.
4. სპეციალური საშვის ფორმის და გაცემის წესს ამტკიცებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და დამტკიცების შემდეგ სპეციალური საშვის ფორმას უგზავნის პარკირების ოპერატორს.
5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 13🔗. დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირება
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება.
მუხლი 14🔗. კონტროლი და პასუხისმგებლობა
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს შესაბამისი იურიდიული პირის მეშვეობით.
2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის.
3. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქციის გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია, რაც დაუყოვნებლი ეცნობება პარკირების ოპერატორს.
4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 15🔗. დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
.