აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/312
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

მინისტრისბრძანება № 1-1/312   

2017 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის 14 ივნისის (№01/2039) განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში– საავტომობილო გზების დეპარტამენტი) E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში– სამინისტრო) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

● პროექტის მოკლე აღწერა:

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველომ მოიპოვა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი, შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის (კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის) და ჩრდილოეთ–სამხრეთის გზის (რუსეთსა და თურქეთს შორის) გაუმჯობესება. საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა სთხოვა ევროპის საინვესტიციო ბანკს. კერძოდ, დახმარებისათვის მიმართა სამტრედია-გრიგოლეთის ახალი 4-ზოლიანი გზის პროექტის მხარდასაჭერად. 2009 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წარედგინა მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდებული მიმართულების გარემოსდაცვითი შეფასება. გზის ამ მონაკვეთმა უნდა უზრუნველყოს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის უწყვეტობა.

2014 წელს დამუშავებული ტექნიკური დავალების თანახმად, საავტომობილო გზა დაიყო 4 ლოტად: I ლოტი კმ0+000–კმ11+500; II ლოტი კმ11+500–კმ30+000; III ლოტი კმ30+000–კმ42+000; IV ლოტი კმ42+000–კმ51+570.

 პროექტის ზემოქმედების ქვეშ (E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ30+000-კმ42+000 (ლოტი III)) მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მიხეილ კოჩალიძესთან (61009025711).

სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის კმ30+000-კმ42+000 მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალშიც მოექცა მიხეილ კოჩალიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი.

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგვზიანში, ს/კ 27.14.43.052 რეგისტრირებულია მიხეილ კოჩალიძის საკუთრების უფლებით. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 3359 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთი 1827 კვ.მ, მასზე მდგომი შენობა-ნაგებობით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეს და შესთავაზა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, რაზედაც მან უარი განაცხადა. მითითებული შეტყობინებით მოქალაქეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მისი უარის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მის საკუთრებაზე (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.

ვინაიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრესთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – ,,თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.".

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 27 ივნისის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე – მესაკუთრე მიხეილ კოჩალიძე პ/ნ 61009025711 (მიწის ნაკვეთი მდებარე ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგვზიანი ს/კ27.14.43.052 (ნაკვეთის წინა ნომერი 27.14.06.238)), მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 3359 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 1827კვ.მ და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა, ნარგავები.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის .: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრიგიორგი გახარია