შპს ”ნოვოფარმის” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9937-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/9937-17

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი – შპს „ნოვოფარმი’’

(საიდენტიფიკაციო კოდი 431174686)

დირექტორი – ნინო გელაშვილი

  მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს, „ნოვოფარმის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

გამოარკვია

2017 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ნოვოფარმის” დირექტორმა ნინო გელაშვილმა და მოითხოვა შპს „ნოვოფარმის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

2017 წლის 19 აპრილს შპს „ნოვოფარმის” დირექტორს ნინო გელაშვილს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის გადახდის ქვითარის წარმოდგენა ან/და მოთხოვნის დაზუსტება შპს ”ნოვოფარმის” ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

2017 წლის 21 აპრილს შპს „ნოვოფარმის” დირექტორის ნინო გელაშვილის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ იქნა განცხადება, სადაც ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დააზუსტა მოთხოვნა .

2017 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ნოვოფარმის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ გამოქვეყნდა 2017 წლის 28 აპრილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 22 მაისს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მომართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა შპს ,,ნოვოფარმის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2017 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსასწორებლად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანა - აღნიშნული მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა და მოთხოვნის დაზუსტება;

აღნიშნული განჩინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩაჰბარდა 2017 წლის 30 მაისს.

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2017 წლის 29 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად, სასამართლოსთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უარი ეთქვას შპს „ნოვოფარმის” (ს/ნ 431174686) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩაჰბარდა 2017 წლის 11 ივლისს. მხარეს საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში (05 დღე) არ წარმოუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სხვა კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 01 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ნოვოფარმი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ნოვოფარმის" რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,ნოვოფარმი" (საიდენტიფიკაციო ნომერი 431174686) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ნოვოფარმის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” .

 

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე