სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.07.2017
ძალის დაკარგვა 01.05.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №357
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020066
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №357
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ –
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სსიპ –
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, სააგენტოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. სააგენტო დამოუკიდებელია თავის ყოველდღიურ ოპერაციებსა და საქმიანობაში. სხვა ორგანოს უფლება არ აქვს, ჩაერიოს მის საქმიანობაში, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ამოცანები
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) კომერციულ ბანკებში სადაზღვევო შემთხვევათა დადგომისას ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება;
გ) კომერციულ ბანკებში სადაზღვევო შემთხვევათა დადგომისას კომერციული ბანკებიდან დეპოზიტების მასობრივი გადინების პრევენცია.
2. სააგენტოს ამოცანებია:
ა) განსაზღვროს ან/და მიიღოს პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანები და უზრუნველყოს მათი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში (შემდგომში – ფონდი) აკუმულირება;
ბ) მართოს ფონდი;
გ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და, შესაბამის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი მოზიდვა;
დ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) განახორციელოს სააგენტოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი;
ვ) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს;
ზ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომერციული ბანკებისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ი) დეპოზიტების დაზღვევის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკების შესახებ ინფორმაცია;
კ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება;
ლ) კომერციული ბანკის მიმართ გაკოტრების, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ;
მ) ინსტრუქციის შესაბამისად, კომერციული ბანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ნ) ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია;
ო) კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ კომერციული ბანკებისგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების გარე აუდიტორების მეშვეობით;
პ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში;
ჟ) მოსთხოვოს კომპენსაცია შესაბამის პირს სასამართლოს მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის ან თანამშრომლის არამართლზომიერი ქმედების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება;
რ) უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და შესაბამისი შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე ითანამშრომლოს შესაბამის პირებთან;
ს) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
მუხლი 3🔗. სააგენტოს სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მეშვეობით;
ბ) სააგენტოს უფროსის მეშვეობით;
გ) სააგენტოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) მეშვეობით.
2. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით:
ა) სააგენტოს მართვის მიზნით იქმნება საბჭო;
ბ) სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს საშტატო განრიგი და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას უზრუნველყოფს აპარატი.
მუხლი 4🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 (ორი) დამოუკიდებელი წევრი.
2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება, ის იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში კომერციული ბანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი.
3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი.
4. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა.
5. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკების 2/3 მონაწილეობს.
6. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ კენჭისყრაში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
7. თუ საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ პირველ კენჭისყრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის.
8. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის.
9. საბჭოს სხვა წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით.
10. საბჭოს 1 წლის ვადით, როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ თანამიმდევრობით.
11. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს საბჭოს თავმჯდომარე.
12. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
მუხლი 5🔗. საბჭოს ფუნქციები
საბჭო:
ა) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს;
ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებული შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს:
ბ.ა) სააგენტოს საშტატო განრიგსა და შესაბამისი წლის ბიუჯეტს;
ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკასა და წლიურ საინვესტიციო გეგმას;
ბ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმასა და წლიურ გეგმას;
ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესსა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს;
ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას;
ბ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობასა და მიზნობრივი ფონდის ოდენობას;
ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს;
ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას;
ბ.ი) კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას;
ბ.კ) კომერციული ბანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას;
ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის ინსტრუქციას;
ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას;
ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;
ბ.ო) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს;
გ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში, იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს;
დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;
ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ აპარატისადმი სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებათა მინიჭებისა და მოვალეობათა დაკისრების საკითხს;
ზ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
თ) არჩევს გარე აუდიტორს;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 6🔗. საბჭოს სხდომების ჩატარების წესი
1. საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
2. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, აგრეთვე საბჭოს არანაკლებ 2 წევრისა, წერილობითი მოთხოვნით.
3. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული საბჭოს წევრი.
4. საბჭოს სხდომას ორგანიზებას უწევს სააგენტო.
5. საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილი და დღის წესრიგი და უნდა მიეწოდოს სათანადო მასალები, როგორც წესი, შესაბამის თარიღამდე არანაკლებ 2 დღით ადრე.
6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება. საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს სხდომას შეიძლება დაესწრონ მოწვეული პირები.
9. საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
10. საბჭოს სხდომის მუშაობა და საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. მას ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 7🔗. სააგენტოს უფროსის შერჩევისა და დანიშვნის წესი
1. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსით. საკონკურსო კომისია შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან. გადაწყვეტილება კანდიდატის დანიშვნაზე მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სააგენტოს უფროსის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის ჩატარების ფორმას, თარიღსა და იმ შესაბამის უწყებას, რომელიც ორგანიზებას გაუწევს კონკურსის ჩატარებას.
3. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ვადის ამოწურვის შემდეგ მისი თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნა შეზღუდული არ არის.
4. სააგენტოს უფროსი:
ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ქმედუნარიანი პირი;
ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე დარგში და საფინანსო, საბანკო, დაზღვევის ან ეკონომიკური სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
გ) უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე პირი;
დ) არ უნდა იყოს სამსახურიდან დათხოვნილი სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო;
ე) უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი.
5. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
6. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას.
მუხლი 8🔗. სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება
სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან თავისუფლდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არაუგვიანეს 2 თვისა უნდა მიმართოს საბჭოს;
ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით (კონსენსუსით);
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
დ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ე) სააგენტოს ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით;
ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ზ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში;
თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
მუხლი 9🔗. სააგენტოს უფროსის ფუნქციები და მოვალეობები
სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და ორგანიზებას უწევს მის საქმიანობასა და ფუნქციონირებას;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
დ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტულ ღონისძიებებს;
ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს მიერ დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების პროცესს;
ვ) ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
ზ) საბჭოს წარუდგენს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;
თ) საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომერციული ბანკების სავალდებულო შენატანის ოდენობას;
ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) შეიმუშავებს და საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემდეგ სამართლებრივ აქტებს/ინსტრუქციებს:
კ.ა) სააგენტოს მომდევნო წლის საშტატო განრიგსა და ბიუჯეტს;
კ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკასა და წლიურ საინვესტიციო გეგმას;
კ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმასა და წლიურ გეგმას;
კ.დ) ბაზის დაანგარიშების წესსა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს;
კ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას;
კ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობასა და მიზნობრივი ფონდის ოდენობას;
კ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს;
კ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას;
კ.ი) კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას;
კ.კ) კომერციული ბანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას;
კ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის ინსტრუქციას;
კ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას;
კ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;
კ.ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ აქტებს/ინსტრუქციებს;
ლ) საბჭოსთან შეთანხმებით, აპარატზე უზრუნველყოფს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებათა მინიჭებასა და მოვალეობათა დაკისრებას;
მ) ასრულებს საბჭოს მითითებებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 10🔗. სააგენტოს შიდა აუდიტი
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი.
2. შიდა აუდიტის დროს მოწმდება სააგენტოს საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის, აგრეთვე შესაბამისი ფინანსური განაცხადების სანდოობა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
3. შიდა აუდიტი ხორციელდება სააგენტოსა და შესაბამის პირს შორის დადებული ხელშეკრულებით.
4. საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში, შიდა აუდიტის განმახორციელებელი პირი ანგარიშვალდებულია ასევე საბჭოს წინაშე.
5. სააგენტოში აუდიტის ჩატარების პერიოდულობა და შესაბამისი პროცედურები განისაზღვრება სააგენტოს ინსტრუქციითა და შესაბამისი ხელშეკრულებით.
მუხლი 11🔗. სააგენტოს გარე აუდიტი
1. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტს ყოველწლიურად ახორციელებს საბჭოს მიერ შერჩეული გარე აუდიტორი.
2. სააგენტოსთვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისათვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი.
3. სააგენტოს გარე აუდიტის დასკვნა საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 12🔗. სააგენტოს ანგარიშვალდებულება
1. სააგენტო ვალდებულია, ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, კვარტალური და წლიური ანგარიშები სააგენტოს საქმიანობის შესახებ, სააგენტოს დებულება, ინსტრუქციები, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და გარე აუდიტორის ანგარიში.
2. სააგენტოს უფროსი ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, ასევე წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას.
3. სააგენტო თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს უგზავნის საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს.
მუხლი 13🔗. კონფიდენციალურობა და სამართლებრივი დაცვის გარანტიები
1. სააგენტოს მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს ან სააგენტოს სახელით კანონიერად მოქმედ პირს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისი ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს თანამშრომლებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და მათ თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, დაუშვან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.
3. კომერციული ბანკის ან მისი კლიენტების შესახებ სააგენტოში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 14🔗. სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) შემოწირულობები;
დ) ტექნიკური და სხვა სახის დახმარებები;
ე) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
ვ) ფონდის სახსრები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 15🔗. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით.
მუხლი 16🔗. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება
სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 17🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗. გარდამავალი დებულება
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში აირჩევა საბჭოს 2 დამოუკიდებელი წევრი. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას. პირველი კენჭისყრის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. დარჩენილ კანდიდატებს შორის ტარდება განმეორებითი კენჭისყრა, რომლის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელია.