დეკლარაცია საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.1993
ძალაში შესვლა 19.05.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000266
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/03/1999
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) | სომხეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
დეკლარაცია საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ
დეკლარაცია
საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის
ეკონომიკურ ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ
1. საქართველოს რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა ისტორიულად ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით ესწრაფვიან თვისებრივად ახალი ორმხრივი თანამშრომლობის დამყარებას, განზრახული აქვთ განავითარონ ერთმანეთისათვის ყოველმხრივ სასარგებლო კავშირები, რაც ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და აყვავებას.
ორივე მხარე თავის ურთიერთობებს აგებს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურთიერთპატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის, თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის შინაგან საქმეებში ჩაურევლობის, ძალისა და ძალის მუქარის, მათ შორის ეკონომიკური და სხვა დაწოლის საშუალებების, გამოყენების უარყოფის, დავების მშვიდობიანი მოწესრიგების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულების პრინციპების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების საფუძველზე.
2. საქართველო და სომხეთი ადასტურებენ განზრახვას განავითარონ ეკონომიკური თანამშრომლობა, ხელი შეუწყონ ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკაში ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაციისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალური პროგრესის დაჩქარებისა და სამეწარმეო საქმიანობის წახალისების მიზნით, ორივე მხარე იზიარებს საერთო ამოცანებს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად.
მხარეები ერთსულოვნები არიან, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ მიერ ადრე აღებული ვალდებულებების დაურღვევლად განვითარება, ხელს არ შეუშლის ურთიერთობას მესამე ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რეგიონული ინიციატივების ფარგლებში.
3. საქართველო და სომხეთი, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამ მიზნით შესაბამის დარგებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის როგორც ახალი, ასევე უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციული კონტაქტების ხელშეწყობასა და განვითარებასთან ერთად წახალისდება თანამშრომლობის ყველა ფორმა.
მხარეები შეეცდებიან საკუთარი კანონმდებლობები მიუსადაგონ თავისუფალი მეწარმეობის მოთხოვნილებებს.
4. საქართველო და სომხეთი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კონცენტრირებას საჭიროდ ცნობენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პრიორიტეტულ დარგებზე.
ორივე მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლობას ენერგეტიკის სისტემების მართვის, ტრანსპორტის, ინფორმატიკის და კავშირგაბმულობის დარგებში, ხელს უწყობს ამ სფეროებში არსებული კომპლექსებისა და ერთიანი სისტემების შენარჩუნებას, მათ რაციონალურ გამოყენებასა და განვითარებას.
5. მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი საწარმოო კავშირების და აგრეთვე, სპეციალიზაციისა და კოოპერირების შენარჩუნებასა და განვითარებას ორივე სახელმწიფოს საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის, კავშირებით გათვალისწინებული ნედლეულისა და მასალების, მათ შორის ტექნოლოგიურად დაკავშირებულ წარმოებებში გამოყენებული, მონოპოლიურად წარმოებული მაკომპლექტებელი დეტალების მიწოდებას ორმხრივი სარგებლიანობისა და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე.
6. ვაჭრობის, მრეწველობისა და გარემოს დაცვის ჩათვლით, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობით გაფართოებისა და გაღრმავებისაკენ თავიანთი მისწრაფების დადასტურებასთან ერთად, ორივე მხარე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ისინი ორმხრივი ინტერესების საფუძველზე შეისწავლიან, დაამუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.
7. ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, საქართველო და სომხეთი ხელს შეუწყობენ საქმიანი გარემოს გაუმჯობესებას და საწარმოთა და ორგანიზაციების ინდივიდუალურ ინიციატივას, ერთი მხარის მოქალაქეთა მეორის ტერიტორიაზე დაუბრკოლებელი შესვლის, ყოფნისა და გადაადგილების გაადვილების, საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის (საკუთრების ფორმის მიუხედავად) პირდაპირი კავშირების ხელშეწყობის, ერთმანეთს შორის საქონლისა და მომსახურეობის გაცვლის გაფართოების და ამისათვის ყოველგვარი დაბრკოლების შემცირებისა და ლიკვიდაციის გზით.
8. საქართველო და სომხეთი აგებენ საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის საფუძველზე შემდგომში თავისუფალი ვაჭრობის პრინციპზე გადასვლით.
9. მხარეები, მათ ტერიტორიაზე მდებარე საზღვაო და საჰაერო პორტების, სარკინიგზო, საავტომობილო გზებისა და მილგაყვანილობის მეშვეობით უზრუნველყოფენ თითოეული მხარის მგზავრებისა და ტვირთის დაუბრკოლებელ ტრანზიტს.
10. ორივე მხარე ხელს შეუწყობს საკრედიტო და საფინანსო შეთანხმებების დადებას სამთავრობო და არასამთავრობო დონეზე; ორმხრივი ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობისა და კონკრეტული პროექტების შესრულების მიზნით ყველაფერს გააკეთებს როგორც თავისი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნიდან საშუალებათა მობილიზაციისათვის.
11. მხარეები ერთმანეთს დროულად მიაწვდიან ინფორმაციას იმ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეიძლება მეორე მხარის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ეხებოდეს.
12. მხარეები ითანამშრომლებენ და სტრუქტურული, ფულად-საკრედიტო, ფასების, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის ჩათვლით სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას ეკონომიკური რეფორმების სფეროში.
13. საქართველო და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ შემდგომში ანგარიშსწორება ორმხრივი სასაქონლო მიწოდებების, შესრულებული სამუშაოსა და გაწეული მომსახურეობის მიხედვით ერთმანეთთან განახორციელონ ანგარიშსწორების დაბალანსებისათვის გამიზნული საერთაშორისო სავაჭრო და საბანკო პრაქტიკის შესაბამისად.
14. საქართველოსა და სომხეთს განზრახული აქვთ განავითარონ თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში, წაახალისონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და საპროექტო-საკონსტრუქტორო ორგანიზაციების პირდაპირი კავშირები ერთობლივი პროგრამების განხორციელებისას, განსაკუთრებით, პრიორიტეტულ დარგებსა და მოწინავე ტექნოლოგიის სფეროში.
მხარეები ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე მათი ეროვნული აკადემიებისა და გამოყენებითი სამეცნიერო ცენტრების მჭიდრო კავშირების გაღრმავებას, სამეცნიერო კადრების ფართო გაცვლას.
15. საქართველო და სომხეთი სეისმოლოგიის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ და მოქმედებენ ორივესათვის ძალაში შესული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესაბამისად, დაეხმარებიან ერთმანეთს სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციაში, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში; ისინი ხელს უწყობენ ბუნების დაცვის სპეციალური ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, განსაკუთრებით ეკონომიკურად დაძაბულ რაიონებში; ისწრაფვიან ამიერკავკასიის რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ურთიერთშეთანხმებული მოქმედების ერთიანი სისტემის შექმნისაკენ.
16. ორივე მხარე ადასტურებს, რომ საქართველოსა და სომხეთს, როგორც ორმხრივ ეკონომიკურ, ისე რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე ურთიერთობის შემდგომი განვითარების გზით შეუძლიათ საგრძნობი წვლილი შეიტანონ ამიერკავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაციასა და მის ეკონომიკურ აღმავლობაში.
17. მხარეები მორიგდნენ, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის მთელი კომპლექსის კონკრეტულ მიმართულებებსა და დარგებში დადონ ცალ-ცალკე შეთანხმებები.
18. საქართველო და სომხეთი ადასტურებენ, რომ მათი თანამშრომლობა არანაირი სახით არ ეწინააღმდეგება მათ მიერ ადრე დადებული ხელშეკრულებებით, ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ეს დეკლარაცია რომელიმე მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული.
19. საქართველოსა და სომხეთს სჯერათ, რომ მათი ურთიერთობის განმტკიცება შესაძლებელს გახდის ორივე სახელმწიფოში რეფორმების ეფექტური განხორციელების მეშვეობით ერთობლივად უზრუნველყონ ეკონომიკის უფრო სწრაფი სტაბილიზაციისა და საერთო განვითარების ახალი მიჯნების მიღწევა.
ქ. ერევანი, 1993 წლის 19 მაისი
საქართველოს რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)
სომხეთის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)