შპს ,,სერვის ერთს’’ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/1504-17
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2017 წლის 17 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,სერვის ერთი’’ (ს/კ 445455757)
დირექტორი: გიორგი გოგეშვილი.
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,სერვის ერთის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი
გამოარკვია:
2017 წლის 07 ივნისს შპს ,,სერვის ერთის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა გიორგი გოგეშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებლის განმარტებით, შპს ,,სერვის ერთის“ არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან:
1) სახელმწიფო, სსიპ შემოსავლების სამსახური აღიარებული საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს 15926,90 ლარს (კომპანიამ გადაიხადა 10,000 ლარი) 2) შპს ,,ბარამბო და კომპანია’’ (ს/კ 400052287), რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 2455 ლარს. მოვალე საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 2017 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შპს ,,სერვის ერთს’’ კომპანიის ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების თანახმად, შპს ,,სერვის ერთის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სერვის ერთი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
2017 წლის 12 ივნისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზი და დაევალა: წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ განცხადების შეტანის დროისთვის არსებული მდგომარეობით, კერძოდ: ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შპს ,,სერვის ერთის’’ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე წარმოადგინოს ინფორმაცია არის თუ არა შპს ,,სერვის ერთი’’ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული; წარმოედგინა ცნობა განცხადების შეტანის დროისთვის არსებული მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან; წარმოედგინა შპს ,,სერვის ერთის’’ საბანკო ანგარიშების თაობაზე ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განცხადების შეტანის დროისთვის არსებული მდგომარეობით; წარმოედგინა კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები; დაეზუსტებინა უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობა და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
2017 წლის 12 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,სერვის ერთის’’ წარმომადგენელმა ზურაბ კავილაძემ და წარმოადგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ განცხადების შეტანის დროისთვის არსებული მდგომარეობით, რომელთა თანახმად: შპს ,,სერვის ერთის’’ სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი და ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან), ასევე შპს ,,სერვის ერთი’’ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული არ არის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი); შპს ,,სერვის ერთს’’ ანგარიში გახსნილი აქვს პროკრედიტ ბანკში, საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ ანგარიშზე თანხა არ ერიცხება (ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და საბანკო ამონაწერი). წარმოადგინა კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები (საგადასახადო მოთხოვნა, შედარების აქტი, ელ. ზედნადები და სხვა).
განმცხადებელმა ასევე დააზუსტა კრედიტორთა ვინაობა და განმარტა, რომ შპს ,,სერვის ერთის’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან: სსიპ – შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ დავალიანება არის 15926,90 ლარი და შპს ,,ბარამბო და კომპანია’’, რომლის მიმართ დავალიანება არის 2455 ლარი, ხოლო სხვა კრედიტორები კომპანიას არ ჰყავს.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია , რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო :
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და ცნობა საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას გახსნილი აქვს სს ,,პროკრედიტ ბანკში’’, თუმცა თანხა ანგარიშზე არ გააჩნია. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება (საბიუჯეტო დავალიანება) 15926,90 ლარის ოდენობით და შპს ,,ბარამბო და კომპანიის“ მიმართ დავალიანება 2455 ლარი (იხ. შედარების აქტი და ელ. ზედნადები).
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16,მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,სერვის ერთს’’ (ს/კ 445455757) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე