შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 04.04.1996
ძალაში შესვლა 20.01.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000155
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/04/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით | თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა იტყობინებიან თითოეულ ქვეყანაში კავშირგაბმულობის გაერთიანებული სისტემის არსებობის შესახებ და გამოთქვამენ სურვილს, განავითარონ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა კავშირგაბმულობის სფეროში, იმისთვის რათა ხელი შეუწყონ ელექტრონული და საფოსტო კავშირის ქსელებისა და საშუალებების უხარვეზო ფუნქციონირებას, ამ სფეროში კანონიერ რეგულირებასთან ერთად.
მათ დადეს შემდეგი შეთანხმება:
მუხლი 1🔗
საკუთარი ძალებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე და საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კანონების თანახმად, მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობის გაფართოებას საფოსტო კავშირის, ტელეკომუნიკაციების, რადიო-სატელევიზიო და სატელიტური კავშირის სფეროებში.
მუხლი 2🔗
მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, ააგონ საკუთარი ურთიერთობანი მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენციისა და მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების თანახმად და ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირის (ITU) რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. ეს განსაზღვრავს ორმხრივ ურთიერთობებს ხსენებული კავშირების წევრი ქვეყნების კავშირგაბმულობის სამმართველოებს შორის, რომლებიც ორმხრივ შეთანხმებებსა და კონტრაქტებს ეფუძნება.
მუხლი 3🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ საფოსტო ერთეულების გაცვლას თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს შორის. თანხების გადარიცხვასთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციები მხარეთა შორის, რომლებიც კავშირგაბმულობის სამმართველოებს წარმოადგენენ, რეგულირებული იქნება ცალკე შეთანხმებაში.
მუხლი 4🔗
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საფოსტო ერთეულების გადატანის დასაჩქარებლად, საფოსტო გზავნილების გაცვლა განხორციელდება თურქეთის მთავარი საფოსტო დირექტორატის მეშვეობითა და საქართველოს ფოსტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს უწყებრივი ავტოტრანსპორტის მეშვეობით. ხოფა და თბილისი საერთაშორისო გაცვლების ადგილები იქნება.
მუხლი 5🔗
ყველა ტიპის ტელეკომუნიკაციებთან და სატელევიზიო და რადიოპროგრამების გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მხარეები მოაგვარებენ კავშირგაბმულობის უსწრაფესი ხელთარსებული საშუალებების გამოყენებით.
მუხლი 6🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ტექნიკურ და საორგანიზაციო დახმარებას საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული რადიო- და სატელევიზიო პროგრამების გადაცემაში, შესაბამისად თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ტერიტორიებზე, მხარეთა მიერ ან შესაბამისი სამმართველოების შეთანხმებებში განსაზღვრული მოცულობითა და პირობებით.
მუხლი 7🔗
მხარეები ურთიერთხელსაყრელი პირობებით თანამშრომლობენ ელექტრონული და საფოსტო კავშირის ქსელების ექსპლუატაციის დარგში.
მუხლი 8🔗
ექსტრაორდინალურ სიტუაციებში მხარეები უზრუნველყოფენ შეტყობინებათა პრიორიტეტულ გადაცემას კავშირგაბმულობის საშუალებებით.
მხარეები დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს სახელმწიფო კავშირგაბმულობის ხაზებზე მომხდარი ავარიების ლიკვიდაციაში.
თანამშრომლობის წესები მოქმედებს რეკონსტრუქციის პერიოდის განმავლობაში და შეთანხმებულია კავშირგაბმულობის სამმართველოთა წარმომადგენელ მხარეთა მიერ.
მუხლი 9🔗
ამ შეთანხმების ყველა სადავო საკითხი მოგვარდება მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების პროცესში.
ამ შეთანხმებაში განპირობებული ვალდებულებების შესრულების პროცესში წარმოქმნილ წინააღმდეგობებს განიხილავს დროებით მოქმედი სამთავრობათშორისო კომისია, რომელიც წარმომადგენელთა თანაბარი რაოდენობისგან შედგება.
მუხლი 10🔗
ზემოხსენებული შეთანხმება არ შეეხება მხარეთა უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც მათ მიერ დადებულ სხვა შეთანხმებებშია განპირობებული.
მუხლი 11🔗
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საფოსტო ერთეულების გასაცვლელად, როგორც ეს საქართველოს ფოსტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ არის შეთანხმებული, ამ „შეთანხმებას“ თან ერთვის დანართი, რომელიც 10 მუხლისგან შედგება.
მუხლი 12🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის ბოლო წერილობითი შეტყობინების დღეს იმის თაობაზე, რომ მხარეებმა დაასრულეს მის ძალაში შესასვლელად აუცილებელი ყველა ეროვნული იურიდიული პროცედურა, და ძალაში რჩება ხუთწლიანი ვადის განმავლობაში.
იგი ავტომატურად განახლდება ხუთწლიანი ვადებით, თუკი ერთ-ერთი მხარე არ გამოთქვამს მისი გაწყვეტის სურვილს სულ მცირე ექვსი თვით ადრე ვადის ამოწურვამდე.
შესრულებულია ანკარაში 1996 წლის 4 აპრილს ორ დედნად ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
თურქეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
დანართი
მუხლი 1🔗
მხარეთა ურთიერთობანი საფოსტო ერთეულების გაცვლის სფეროში დაეფუძნება მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს.
მუხლი 2🔗
მხარეები უზრუნველყოფენ სატრანზიტო საფოსტო ერთეულების გაგზავნას და ტრანსპორტირებას საკუთარ ტერიტორიაზე პრიორიტეტული სატრანსპორტო საშუალებებით. კავშირგაბმულობის საწარმოები ვალდებულებას კისრულობენ, არ გაატარონ რაიმე ისეთი ზომები, რომლებიც თავისუფალ გაცვლას აბრკოლებს.
მუხლი 3🔗
მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ პირდაპირი საფოსტო გაცვლა მხოლოდ ერთმანეთს შორის, სხვა ქვეყნების საფოსტო სამმართველოების გარეშე.
მუხლი 4🔗
საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო საფოსტო გაცვლის ადგილები იქნება ხოფა და თბილისი.
მუხლი 5🔗
საქართველოს ფოსტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო ვალდებულებას კისრულობს, კვირაში ორჯერ მოახდინოს საფოსტო ერთეულების გაცვლა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თურქეთის მთავარი საფოსტო დირექტორატის მეშვეობითა და საქართველოს უწყებრივი ავტოტრანსპორტის მეშვეობით თბილისიდან გაცვლის ადგილამდე კვირაში ორჯერ 1996 წლიდან.
მუხლი 6🔗
მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, საფოსტო ერთეულების გაცვლის აღრიცხვა აწარმოონ უშუალოდ საფოსტო სამმართველოთა სააღრიცხვო ცენტრების მეშვეობით.
მუხლი 7🔗
საფოსტო გაცვლის ადგილის ცვლილების, საფოსტო ტრანსპორტირების მიმართულებათა ცვლილებისა და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ერთი თვით ადრე აცნობონ ერთმანეთს ზემოხსენებულის თაობაზე.
მუხლი 8🔗
მხარეები კვირაში ორჯერ გაცვლიან საფოსტო ერთეულებს ზემოხსენებული საშუალებებით გაცვლის ადგილზე მათი გაგზავნით.
მუხლი 9🔗
მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ტექნიკური დახმარება აღმოუჩინონ ერთმანეთს პერსონალის მომზადებაში.
მუხლი 10🔗
მხარეები პასუხისმგებელნი არიან ამ დანართში განპირობებული მუხლების დარღვევის შემთხვევაში.