ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ექსპერტთა მომზადების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.1992
ძალაში შესვლა 01.05.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000158
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/03/1998
matsne.gov.ge 395 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.1992 მიღება
01.05.1992 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიკმეტ ჩეტინი

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ექსპერტთა მომზადების შესახებ ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ექსპერტთა მომზადების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, მოწადინებულნი, ხელი შეუწყონ მათ შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს ყველა შესაძლო დარგში, შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის განკარგულებაში გადასცემს (_) სტიპენდიას, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ექსპერტების მოსამზადებლად საბაზრო ეკონომიკის, საბანკო საქმის, საერთაშორისო ვაჭრობის, საერთაშორისო საბანკო საქმის და ა.შ. დარგებში. თურქეთის მხარე უმოკლეს ვადაში გადაგზავნის თურქეთში არსებული კურსების სიას. 2. შეთავაზებული კურსები იქნება ორიდან ოთხ თვემდე ხანგრძლივობისა, რაც სწავლების თემატიკის მიხედვით განისაზღვრება და, როდესაც ეს პრაქტიკული თვალსაზრისით გამართლებული იქნება, მოიცავს აგრეთვე სამუშაო ადგილზევე სწავლებას. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებლად იქნება მიჩნეული, მომზადების გამვლელნი გაივლიან ენობრივი ადაპტაციის კურსებს თურქულ ან ინგლისურ ენაზე. 3. პირებს, რომლებიც მომზადებას გაივლიან, ირჩევს საქართველოს მთავრობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანდიდატების განათლების დონეს, ენის ცოდნასა და გამოცდილებას, რათა პროგრამებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება იქნეს შესაძლებელი. თურქეთის ელჩი თბილისში მონაწილეობას მიიღებს კანდიდატთა შერჩევაში. 4. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს მომზადების შინაარსს კანდიდატთა თითოეული ჯგუფისთვის. 5. საქართველოს მთავრობა თურქეთის შესაბამის ორგანოებს სულ მცირე 60 დღით ადრე გადაუგზავნის კანდიდატების პირად საქმეებს, რომლებშიც აღნიშნული იქნება მათი სახელები, შესასწავლი საგანი, ენების ცოდნა და ა.შ. 6. მომზადების გამვლელთა თურქეთში და თურქეთიდან მგზავრობის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს საქართველოს მთავრობა. კვებისა და საბინაო ხარჯებს და მოსამზადებელ კურსებთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს თურქეთის მთავრობა. 7. საქართველოს მთავრობის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით გაკეთებული მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს საქართველოში ექსპერტების გასაგზავნად, რომლებიც კონსულტანტების რანგში იმუშავებენ იმ დაწესებულებაში, რომელსაც საქართველოს ორგანოები განსაზღვრავენ. 8. კონსულტანტების თურქეთში და თურქეთიდან მგზავრობის ხარჯებს მათი მუშაობის დაწყებისა და დასრულების დროს საკუთარ თავზე იღებს თურქეთის მთავრობა. კვებისა და საბინაო ხარჯებს და სათანადო ხელფასს, რომლის დონეც მათს თანამდებობას, სტატუსსა და მდგომარეობას შეესატყვისება, იხდის საქართველოს მთავრობა. 9. ორივე მხარე, ცალ-ცალკე და ერთობლივად, ყველა ღონეს იხმარს ამ პროგრამისთვის სპონსორების საპოვნელად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე მხარეებს შორის. ორივე მხარე თანხმდება, კვლავაც არ დაიშურონ ძალისხმევა საერთაშორისო ორგანიზაციათა და მესამე მხარეთა დახმარებისა და ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ამ დარგში თავიანთი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზების მიზნით და დააარსონ „მუდმივი მოსამზადებელი ცენტრი“ და ერთობლივად შესთავაზონ სხვა ქვეყნებს ამ პროგრამებიდან სარგებლის მიღება. 10. ეს ოქმი ძალაში რჩება ორი წლის განმავლობაში და, თუ მისი მოქმედების შეწყვეტას ერთ-ერთი შემთანხმებელი მხარე მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე არ მოითხოვს, იგი ძალაში მყოფად ჩაითვლება კიდევ ერთი ორწლიანი ვადის განმავლობაში. შესრულებული და ხელმოწერილია თბილისში 1992 წლის 1-ლ მაისს. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიკმეტ ჩეტინი