„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2017
ძალის დაკარგვა 30.05.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №207
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016418
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.05.2025
დოკუმენტის ტექსტი
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს”
შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №207
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. რუსთავი
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო”.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს” დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ლომიძე
დანართი
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს”
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში - საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;
დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი;
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3 . საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით –
საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.