შპს „შორაპნის წყალსადენის“ მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1216-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2017 წლის 31 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს „შორაპნის წყალსადენი’’ (ს/კ 230075986)
დირექტორი: დიმიტრი ფერაძე.
მოთხოვნა - შპს „შორაპნის წყალსადენის’’ გაკოტრება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „შორაპნის წყალსადენის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,
გამოარკვია:
2017 წლის 18 მაისს შპს „შორაპნის წყალსადენის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა დიმიტრი ფერაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ უზრუნველყოფილი კრედიტორი - სახელმწიფო ბიუჯეტი, თანხით - 499,711 ლარი. სხვა კრედიტორული და დებიტორები საზოგადოებას არ ჰყავს. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ამასთან, მიუთითა, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე - შპს ,,შორაპნის წყალსადენი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
2017 წლის 23 მაისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ: ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან - არის თუ არა შპს „შორაპნის წყალსადენი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული; წარმოედგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან შპს „შორაპნის წყალსადენის“ საბანკო ანგარიშების თაობაზე და, აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე წარმოედგინა ცნობები შესაბამისი ბანკი(ებ)დან შპს „შორაპნის წყალსადენის“ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის თაობაზე; წარმოედგინა მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი;
2017 წლის 14 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „შორაპნის წყალსადენის“ დირექტორმა დიმიტრი ფერაძემ და წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმად, შპს „შორაპნის წყალსადენი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული არ რის; ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან; ცნობა სსიპ _ შემოსავლების სამსახურიდან საბანკო ანგარიშების შესახებ; საწარმოს დირექტორის ბრძანება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება ააიპ-ების და შპს-ების წესდების დამტკიცების შესახებ და შპს „შორაპნის წყალსადენის“ წესდება.
2017 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს „შორაპნის წყალსადენს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „შორაპნის წყალსადენის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 27 ივნისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „შორაპნის წყალსადენი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „შორაპნის წყალსადენის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. შპს „შორაპნის წყალსადენი“ (ს/ნ 230075986) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „შორაპნის წყალსადენის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე