ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2017
ძალის დაკარგვა 28.11.2025
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას. შეიმუშავებს შესაბამის ღონისძიებებს და ახორციელებს კოორდინაციას ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
2. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო).
3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;
ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;
ე) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;
ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
ზ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
თ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ი) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;
მ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;
ნ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და საჭიროების შემთხვევაში ეგზავნება პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციების წარმომადგენლები ან და ექსპერტები. შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფი ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით მოიწვიოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ტყიბულის მუნიციპალიტეტი;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს მდივანი. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა წევრები. (მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები).
4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის გამგებლის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.
5. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
6. გენდერული თანასწორობის საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წამომადგენელი.
7. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს გამგეობის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას კოორდინაციას უწევს და დღის წესრიგს ადგენს საბჭოს მდივანი.
5. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
6. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
7. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.
8. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობით ფორმით, ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
მუხლი 5🔗.
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
2. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
4. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც 1 თვის ვადაში იხილავენ მიღებული წინადადებებს და რეკომენდაციებს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ საბჭოს.