აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/356
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის 11 ივლისის (N01/2494) განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
● პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი. ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზა იწყება ,,თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის" და ,,ბაკურციხე-თელავი-ახმეტის" გზის გადაკვეთიდან და მთავრდება ,,ბაკურციხე-თელავი-ახმეტის" გზაზე. შემოსავლელი გზა ძირითადში იყენებს 1980-იანი წლების თავდაპირველი გზის დერეფანს, თუმცა ითვალისწინებს ახალ რელიეფსაც. ძირითად განსხვავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ახალი გზა გვერდს უვლის იმ ფართობებს, რომლებიც განაშენიანებული და ათვისებული იქნა 1980-იანი წლების შემდეგ.
საპროექტო მონაკვეთი მოიცავს 15-კილომეტრიან გზის მონაკვეთს კახეთის რეგიონში, სოფელ ბაკურციხიდან სოფელ ჩუმლაყამდე. შემოსავლელი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ,,თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის" საზღვრის საერთაშორისო გზას და ,,ახმეტა-თელავი-ბაკურციხის" არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზას, რომელიც კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზაა.
პროექტით გათვალისწინებულია ორზოლიანი გზის მოწყობა წრიული გზაჯვარედინებით ტრასის დასაწყისსა და დასასრულში კმ0-ზე (სოფ. ბაკურციხე) და 15.6-ზე (სოფ. ჩუმლაყი), წრიული გზაჯვარედინის მოწყობა გურჯაანთან კმ9.6-ზე. ასევე გადასასვლელების, მილების, საყრდენი კედლების, ნაპირსამაგრი და სარეგულაციო ნაგებობების მოწყობა.
პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში, შემუშავებულია განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გიორგი ძველიშვილთან
სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალშიც მოექცა გიორგი ძველიშვილის (პ/ნ 13001011436) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, ს/კ 51.14.61.231 რეგისტრირებულია გიორგი ძველიშვილის საკუთრების უფლებით. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 428 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთი 227 კვ.მ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეს და შესთავაზა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, რაზედაც მან უარი განაცხადა. მითითებული შეტყობინებით მოქალაქეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მისი უარის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მის საკუთრებაზე (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.
ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივლისის სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე – მესაკუთრე გიორგი ძველიშვილი პ/ნ 13001011436 (მიწის ნაკვეთი მდებარე გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, ს/კ 51.14.61.231, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 428 კვ.მ. საექსპროპრიაციო ფართი 227 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა, ნარგავები.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჯავახაძე