აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/355
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის 01 აგვისტოს №01/2993, №01/2971, 31 ივლისის №01/2958, №01/2957, №01/2959, 26 ივლისის №01/2761, №01/2757, 01/2758, 13 ივლისის №01/2545 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის სამინისტრომ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
● პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). ამჟამად მიმდინარეობს კმ1+000-კმ13+325 მონაკვეთის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს მონაკვეთს მახინჯაურიდან მდინარე ჭოროხამდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ, ხოლო სიგანე 14.0 მეტრს. ბათუმის შემოვლითი გზა აღმოსავლეთიდან უვლის ქ. ბათუმს და მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის (ასაქცევი) სარფის საავტომობილო გზაზე არსებული საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ სოფ. მახინჯაურის მისადგომებთან. ბათუმის შემოვლითი გზა ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, გააუმჯობესებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, სატრანსპორტო კორიდორს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბის, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. გზის მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ტექნიკური პარამეტრები: გზის ხარისხი – საერთაშორისო ავტომაგისტრალი, საანგარიშო სიჩქარე – 100 კმ/სთ, გზის საფუძვლის სიგანე - 14.0 მ, სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ, სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ, მოპირკეთებული გვერდულების სიგანე – 2.5 მ, მოსაპირკეთებელი გვერდულების სიგანე 1.0, საფარის ტიპი – ასფალტ-ბეტონი გზისათვის, ცემენტ ბეტონი – 5 (ხუთი) გვირაბისათვის.
პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მესაკუთრეების გარკვეულ ნაწილთან, ესენია: ნიაზ ჭანიძე, ბიძინა ბეჟანიძე, გოჩა ჯაფარიძე, ლეილა გოგიაშვილი, ჯამბულ ჩიკვაიძე, შპს „ლუგო,“ სს „ავტომობილისტი 96,“ შპს „ჩემპიონი-2.“
სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალშიც მოექცა ნიაზ ჭანიძის, გოჩა ჯაფარიძის, ლეილა გოგიაშვილის, ჯამბულ ჩიკვაიძის, ბიძინა ბეჟანიძის, შპს „ლუგოს“, სს „ავტომობილისტი 96“-ის, შპს „ჩემპიონი-2“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.22.09.007 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ორთაბათუმი, 3576 კვ.მ მიწის ნაკვეთი, (კატეგორია სასოფლო-სამეურნეო)) მესაკუთრეა ნიაზ ჭანიძე. საექსპროპრიაციო ფართი 3576 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა;
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.21.10.485 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, 704 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საექსპროპრიაციო სრულად, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობა და ნარგავები); ს/კ 22.21.10.484 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, 2734 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, საექსპროპრიაციო ფართი 1054 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნარგავები); ს/კ 22.21.10.491 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, ქუჩა მე-16, N13ა, 788 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, საექსპროპრიაციო ფართი 413 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ნარგავები) მესაკუთრეა ბიძინა ბეჟანიძე;
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.22.13. 030 (მის: ხელვაჩაურის რაიონი,, სოფელი ქვედა სამება, 426 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კატეგორია, სასოფლო-სამეურნეო) მესაკუთრეა გოჩა ჯაფარიძე. საექსპროპრიაციო ფართი 426 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.22.09.116 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წინსვლა, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 2337 კვ.მ) მესაკუთრეა ჯამბულ ჩიკვაიძე. საექსპროპრიაციო ფართი 2337 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 05.35.22.022 (მის: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, აღმაშენებლის №9, მიწის ნაკვეთი 5219 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 302.70 კვ.მ) მესაკუთრეა შპს „ჩემპიონი - 2,“ საექპროპრიაციო ფართი 5219 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 05.35.28.071 (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის 258, მიწის ნაკვეთი 39 880 კვ.მ და მასზე არსებული შენობანაგებობა) მესაკუთრეა შპს „ლუგო,“ საექსპროპრიაციო ფართი 5559 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 05.35.22.024 (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №371, მიწის ნაკვეთი 17 672 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, საექსპროპრიაციო ფართი 17 672 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა); ს/კ 05.35.22.067 (მის: ქალაქი ბათუმი, ფრიდონ ხალვაში №371, 5828 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საექსპროპრიაციო ფართი 5828 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) მესაკუთრეა სს „ავტომობილისტი 96“.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.22.09.338 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წინსვლა, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, მთლიანი ფართი 1702 კვ.მ) მესაკუთრეა ლეილა გოგიაშვილი. საექსპროპრიაციო ფართი 224 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეებს. დასახელებულ წერილობით შეთავაზებაში მესაკუთრეებს ასევე განემარტათ, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა მშენებლობისათვის.
ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ მესაკუთრეთა უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:
1.1 უძრავი ქონება ს/კ 22.22.09.007 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ორთაბათუმი, 3576 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო), მესაკუთრე ნიაზ ჭანიძე. საექპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 3576 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
1.2 უძრავი ქონება ს/კ22.21.10.485 (წინა ნაკვეთის ნომერი: 22.01.01.238) (მის.: ხელვაჩაურის რაიონი,, სოფელი განთიადი, 704 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო), საექსპროპრიაციო ფართი 704 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები; ს/კ 22.21.10.484 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, 2734 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო), საექსპროპრიაციო ფართი 1054 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები; ს/კ 22.21.10.491 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, ქუჩა მე-16, №13ა, 788 კვ.მ, მიწის ნაკვეთი, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო), საექსპროპრიაციო ფართი 413 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა დანარგავები. მესაკუთრე ბიძინა ბეჟანიძე.
1.3 უძრავი ქონება ს/კ 22.22.13.030 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ქვედა სამება, 426 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო), მესაკუთრე გოჩა ჯაფარიძე. საექსპროპრიაციო ფართი 426 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
1.4 უძრავი ქონება ს/კ 22.22.09.116 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წინსვლა, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 2337 კვ.მ), მესაკუთრე ჯამბულ ჩიკვაიძე. საექსპროპრიაციო ფართი 2337 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
1.5 უძრავი ქონება ს/კ 05.35.22.022 (მის: ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, აღმაშენებლის №9, მიწის ნაკვეთი 5219 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 302.70 კვ.მ), მესაკუთრე შპს „ჩემპიონი-2“. საექპროპრიაციო ფართი 5219 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
1.6 უძრავი ქონება ს/კ 05.35.28.071 (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის №258, მიწის ნაკვეთი 39 880 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 1569.80), მესაკუთრე შპს „ლუგო“, საექსპროპრიაციო ფართი 5559 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
1.7 უძრავი ქონება ს/კ 05.35.22.024 (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №371, მიწის ნაკვეთი 17 672 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა), მესაკუთრე სს „ავტომობილისტი 96“, საექსპროპრიაციო ფართი 17 672 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა; უძრავი ქონება ს/კ 05.35.22.067 (მის: ქალაქი ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №371, 5828 კვ.მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრე სს „ავტომობილისტი 96“, საექსპროპრიაციო ფართი 5828 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
1.8 უძრავი ქონება ს/კ 22. 22.09.338 (მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წინსვლა, კატეგორია სასოფლო-სამეურნეო, მთლიანი ფართი 1702 კვ.მ), მესაკუთრე ლეილა გოგიაშვილი. საექსპროპრიაციო ფართი 224 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჯავახაძე