შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგეტიკის, საქართველოს ენერგეტიკის, ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის, პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკის და უკრაინის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროებს შორის
მიღების თარიღი 10.10.2007
ძალაში შესვლა 10.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000682
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/01/2008
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგეტიკის, საქართველოს ენერგეტიკის, ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის, პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკის და უკრაინის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროებს შორის
შეთანხმება
ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შესახებ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგეტიკის, საქართველოს ენერგეტიკის, ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის, პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკის და უკრაინის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროებს შორის
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის, საქართველოს ენერგეტიკის, ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის, პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკის და უკრაინის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროები, რომლებიც შემდგომში მოიხსენებიან როგორც „მხარეები“
ანიჭებენ რა ენერგეტიკის სექტორს უდიდეს მნიშვნელობას მხარეთა მიერ წარმოდგენილი ქვეყნების ეკონომიკის სფეროების მდგრადი განვითარებისთვის, სურთ რა თანამშრომლობის ჩამოყალიბება აღნიშნულ საკითხში უფლებათა თანასწორობის და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, რაც მიმართული იქნება აღნიშნული თანამშრომლობის განვითარებისკენ მხარეებს შორის;
ესწრაფვიან რა ენერგეტიკის სექტორის საიმედო და ქმედითი განვითარების განმტკიცებას, რაც მიმართული იქნება მხარეთა ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდისკენ და ბუნებრივი გარემოსთვის საფრთხის შემცირებისკენ, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია კასპიის ზღვის რეგიონიდან ნახშირწყალბადის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების ჩამოყალიბებასთან;
აცხადებენ რა მხარეთა მზადყოფნასა და სურვილს, საერთაშორისო და სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის კანონების მიხედვით, უზრუნველყონ ნახშირწყალბადის შეუფერხებელი ტრანსპორტირება კასპიის ზღვის რეგიონიდან და ასევე ხელი შეუწყონ აუცილებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას;
აღიარებენ რა მხარეების ქვეყნების ეკონომიკისთვის ენერგეტიკასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ასევე მოიცავს ნახშირწყალბადზე მოთხოვნის დადგენას, ნახშირწყალბადის ტრანსპორტირების ტარიფების გამჭვირვალობას, ენერგიის მოწოდების უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობას, შენაცვლებითი საწვავის და ენერგიის განახლებადი წყაროების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, კლიმატური ცვლილებების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციაში მოცემული მიზნების პატივისცემას და კიოტოს პროტოკოლის მექანიზმების განხორციელებას;
ითვალისწინებენ რა:
– ოდესა-ბროდი-პლოცკის პროექტის ჩარჩო ბიზნეს-გეგმას, მომზადებულს SWECO-ILF-KANTOR საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ევროკომისიის დაკვეთით;
– ევროკომისიის თანხმობას, ისარგებლონ ზემოხსენებული ბიზნეს-გეგმით და საფუძვლად დაუდონ იგი შემდგომ ქმედებებს, და მხარეების სურვილს, მოამზადონ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა პროექტისათვის მთლიანი მარშრუტის გასწვრივ, ანუ კასპიის ზღვის რეგიონიდან აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის რესპუბლიკის გავლით საერთაშორისო ბაზრებამდე;
– ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რომელიც ჩამოყალიბდა 2007 წლის 11 მაისს კრაკოვის ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებულ სამიტზე,
აღიარებენ რა, ძლიერ ურთიერთინტერესს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ენერგეტიკის წყაროების უსაფრთხო და საიმედო დაშვებას საერთაშორისო ბაზრებზე;
განსაკუთრებით აღნიშნავენ რა, ენერგომომარაგების და სატრანზიტო მარშრუტების მრავალფეროვნებისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას;
ათვითცნობიერებენ რა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, როგორც ენერგიის მწარმოებლის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის დამაკავშირებლის, გადამწყვეტ მნიშვნელობას და განჭვრეტენ რა, კასპიის ზღვის რეგიონში ნახშირწყალბადის წარმოების და, ასევე, ნახშირწყალბადის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის სწრაფ ზრდას მომავალი ათწლეულის მანძილზე;
აღიარებენ რა, რომ მხარეებს აქვთ საერთო ინტერესები ენერგეტიკის სფეროში და შეუძლიათ სარგებელი მიიღონ თავისი შესაბამისი ბაზრების ინტეგრირებით, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მხარეთა ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას.
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. ითვალისწინებენ რა ნახშირწყალბადის ტრანსპორტირების არსებული ქსელის და მის შესაძლებლობების მნიშვნელობას მხარეების ქვეყნებისთვის და, ასევე, მხარეების სურვილს, გააფართოონ და განაახლონ იგი, მხარეები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
a. კომერციულად მიმზიდველი დერეფნის შექმნა და განვითარება ნახშირწყალბადის ტრანსპორტირებისათვის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზრებამდე, რომელიც სათავეს აიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, გაივლის საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს (შემდგომში „დერეფანი“);
b. სატრანზიტო ქსელის უსაფრთხოების გაძლიერების გზების, საზღვაო გზებითა და მილსადენით ტრანსპორტირების ჩათვლით, გამოკვლევა, რაც მიმართული იქნება ნახშირწყალბადის მიწოდებისკენ კასპიის ზღვის რეგიონიდან;
c. ნახშირწყალბადის დამატებითი წყაროების დადგენა და მათი მოწოდების და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ახალი მარშრუტების შექმნა;
d. მხარეთა ენერგოსექტორებში არსებული ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების ჰარმონიზება ევროკავშირის სამრეწველო პრაქტიკასთან;
e. ნახშირწყალბადის მოპოვებასთან, დამუშავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მხარეთა ქვეყნების გარემოსდაცვითი სტანდარტების ჰარმონიზება ევროკავშირის სტანდარტებთან.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების მიზანია იმ პოლიტიკური ჩარჩოს ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ნახშირწყალბადის ტრანსპორტირების დერეფნის ჩამოყალიბებას, მხარეებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მასშტაბის განსაზღვრა და თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტის შექმნა.
მუხლი 3🔗
1. მხარეები ეცდებიან, შექმნან ოპტიმალური პირობები არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის ნახშირწყალბადის ტრანსპორტირების, მისი გაფართოების და გამოყენების მიზნით, რაც შესაძლებელს გახდის ნახშირწყალბადის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან დერეფნის განვითარების საფუძველზე.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლ პარაგრაფში მოცემული მიზნების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ საერთაშორისო კონსორციუმის შექმნას მილსადენის საერთაშორისო კომპანიის შპს „სარმატიის“ საფუძველზე მათი სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობით, რათა რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს და განხორციელდეს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, დაკავშირებული კასპიის ზღვის რეგიონიდან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებასთან დერეფნის გავლით.
მუხლი 4🔗
მხარეები ითანამშრომლებენ ენერგეტიკული ტექნოლოგიების და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლის სფეროებში, მათ შორის, ენერგოსექტორებისთვის ტექნიკური დახმარების საკითხებში. აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის შესაძლო საკითხებია:
•
მხარეთა ქვეყნების ენერგოსექტორებში კანონმდებლობების ჰარმონიზების ხელშეწყობა;
•
მხარეთა ქვეყნების ენერგოსექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანის ხელშეწყობა;
•
ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ენერგოსექტორებს შორის.
მუხლი 5🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ზღუდავს მხარეთა იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო შეთანხმებიდან.
მუხლი 6🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დავები მხარეთა შორის გადაწყდება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 7🔗
1. მხარეები ათვითცნობიერებენ, რომ წინამდებარე შეთანხმებას შეუძლია ნებისმიერ დროს მიუერთდეს ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება.
2. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეთანხმებასთან მისაერთებლად შეიძლება მოწვეულ იქნენ მესამე მხარეები.
მუხლი 7🔗 (ალტერნატიული)
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეთანხმებასთან მისაერთებლად შეიძლება მოწვეულ იქნენ მესამე მხარეები.
მუხლი 8🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მისი ხელმოწერის თარიღიდან;
2. წინამდებარე შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით. იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთი წლით იმ მხარეებისთვის, რომლებიც არ გამოხატავენ შეთანხმებიდან გასვლის სურვილს, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტში;
3. მხარეების თანხმობით, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება დამატებების და/ან შესწორებების შეტანა ცალკე ოქმის სახით, რომელიც იქნება წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი;
4. ნებისმიერ მხარეს შეუძლია გასვლა წინამდებარე შეთანხმებიდან მხოლოდ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც დიპლომატიური არხებით მიეწოდება ყველა მხარეს. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შესაბამისი მხარისთვის შეწყდება თორმეტ თვეში შეტყობინების მოწოდების დღიდან.
წინამდებარე შეთანხმება შედგენილია ვილნიუსში, 2007 წლის 10 ოქტომბერს, ხუთ ეგზემპლარად ინგლისურ და რუსულ ენებზე. თითოეული მათგანს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასა თუ გამოყენებაში აზრთა რაიმე სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
ნატიკ ალიევი,
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინდუსტრიისა
და ენერგეტიკის მინისტრი
_______________________
ბ-ნი ალექსანდრე ხეთაგური,
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
_______________________
ბ-ნი ვიტას ნავისკასი,
ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი
_______________________
ბ-ნი პიოტრ ნაიმსკი,
სახელმწიფო მინისტრი
პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში,
მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი
ენერგომატარებლების მარაგების დივერსიფიკაციის საკითხებში
_______________________
ბ-ნი ვადიმ ჩუპრუნი,
უკრაინის საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრის
პირველი მოადგილე