შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 03.06.1993
ძალაში შესვლა 03.06.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000077
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/01/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სპორტკომიტეტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის სახელმწიფო კომიტეტი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
– ხელმძღვანელობენ რა მისწრაფებით განავითარონ ორივე ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობები და სპორტული გაცვლები და თანამშრომლობა,
– ისწრაფვიან რა გაატარონ ცხოვრებაში ოლიმპიური ქარტიის მიზნები და პრინციპები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
სპორტული გუნდების და დელეგაციების გაცვლა
1. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე კონსულტაციების ჩატარების მიზნით ხელს შეუწყობენ სპორტის მაღალი დონის ხელმძღვანელ მუშაკთა შეხვედრების ჩატარებას.
2. მხარეები, საერთაშორისო სპორტულ და ოლიმპიურ მოძრაობაში თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის თაობაზე ურთიერთ კონსულტაციების ჩატარებისა და ორმხრივი სპორტული გაცვლებისა და თანამშრომლობის შეთანხმების მიზნით ხელს შეუწყობენ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შორის კავშირების დამყარებას.
3. მხარეები ხელს შეუწყობენ ერთმანეთის გუნდების მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებსა და სპორტულ ღონისძიებებში, რომლებიც ჩატარდება ამ ორ ქვეყანაში.
4. მხარეები ხელს შეუწყობენ სპორტის სასურველი სახეების მიხედვით გუნდებისა და კლუბების გაცვლას საწვრთნელი შეკრებების, ერთობლივი ვარჯიშების, ამხანაგური და სამატჩო შეხვედრების ჩატარების მიზნით.
5. მხარეები ხელს შეუწყობენ სპორტის საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სემინარებში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც ჩატარდება ორივე ქვეყანაში.
6. მხარეები ხელს შეუწყობენ სპორტის სასურველი სახეობების მიხედვით მწვრთნელებისა და სპეციალისტების გაცვლას.
მუხლი 2🔗
ინფორმაციის და მასალების გაცვლა
1. მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს სპორტის სფეროში, სასპორტო მეცნიერებისა და მედიცინის, მაღალი კლასის სპორტსმენებისა და სასპორტო რეზერვების მომზადების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
2. მხარეები შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობენ სასპორტო სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა სახეობების მწვრთნელებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებასა და გადამზადებას.
მუხლი 3🔗
სასპორტო ფორმის, მოწყობილობისა და ინვენტარის გაცვლა
მხარეები შეისწავლიან სასპორტო ფორმის, მოწყობილობისა და ინვენტარის წარმოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს და ამ მიზნით, შეძლებისდაგვარად, ხელს შეუწყობენ სასპორტო საქონლის, მოწყობილობისა და ინვენტარის გამოშვებისა და მათი რეალიზაციისათვის ერთობლივი საწარმოების შექმნას.
მუხლი 4🔗
საფინანსო ხარჯები
1. ქვეყანა, რომელიც ორმხრივი გაცვლის მიზნით აგზავნის სპორტულ დელეგაციებსა და გუნდებს, ანაზღაურებს მიმღები ქვეყნის დედაქალაქამდე და უკან მათი მგზავრობის ხარჯებს. ჩასული დელეგაციებისა და გუნდების ცხოვრების, კვებისა და ქვეყანაში გადაადგილების ხარჯებს, შეთანხმების საფუძველზე, ანაზღაურების მიმღები მხარე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ქვეყნის სასპორტო გუნდები მონაწილეობენ მეორე ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, ფინანსური საკითხების რეგულირება მოხდება ამ შეჯიბრებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
3. მწვრთნელებისა და ტექნიკური პერსონალის გაცვლასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებს მხარეები შეათანხმებენ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.
მუხლი 5🔗
საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ამ შეთანხმებისა, მხარეები აფორმებენ სამუშაო ოქმებს, რომელთა მეშვეობით დაზუსტდება ურთიერთთანამშრომლობის შინაარსი.
მუხლი 6🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს სამი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი შემდგომი სამი წლით, თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არც ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება.
შესრულებულია ქ. პეკინში 1993 წლის 3 ივნისს ორ პირად, ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს ერთნაირი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის
სახელით
(ხელმოწერილია)
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
სახელით
(ხელმოწერილია)