შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების(GTZ)ადგილობრივი ბიუროს დაარსების შესახებ”
მიღების თარიღი 08.10.2004
ძალაში შესვლა 11.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000596
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/07/2006
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი | ს. ზურაბიშვილი თბილისი 01.11.2004 |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების(GTZ)ადგილობრივი ბიუროს დაარსების შესახებ”
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
GEORGIA
MINISTRY OF
FOREIGN AFFAIRS
N11-11/1846
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსადმი და აქვს პატივი „საქართველოში შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი ბიუროს დაარსების შესახებ შეთანხმებასთან“ დაკავშირებით აცნობოს შემდეგი:
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ქართული მხარე სთავაზობს გერმანიის მხარეს მხარეს შეთანხმების მე-6 მუხლის ბ) პუნქტით განსაზღვრულ GTZ-ის საკონტაქტო პარტნიორად საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ნაცვლად განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს აქვს პატივი, სთხოვოს გერმანიის მხარეს დაუდასტუროს მისი თანხმობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს პატივი, კვლავ დაუდასტუროს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თავისი ღრმა პატივისცემა.
თბილისი, 2005 წლის 8 დეკემბერი
გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის საელჩო
ქ. თბილისი
საქართველოში გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს
ბატონ უვე შრამს
თქვენო აღმატებულებავ,
მაქვს პატივი დაგიდასტუროთ 2004 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებული თქვენი ნოტის Gz.: Wi 440.45 მიღება, რომლითაც თქვენ, თქვენი მთავრობის სახელით, გვთავაზობთ შეთანხმებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ პროექტზე „შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ადგილობრივი ბიუროს დაარსების შესახებ“.
მაქვს პატივი დაგიდასტუროთ ჩემი მთავრობის თანხმობა თქვენი ნოტის 1-დან მე-10 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებზე. ამრიგად, 2004 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებული თქვენი ნოტა და წინამდებარე საპასუხო ნოტა წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, რომელიც ძალაში შედის საპასუხო ნოტის დათარიღების დღიდან. ამასთან, ქართულ და გერმანულ ენებზე შესრულებულ ტექსტებს თანაბარი ძალა გააჩნიათ.
ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა თქვენს მიმართ.
მინისტრი
ს. ზურაბიშვილი
თბილისი
01.11.2004
თარგმანი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო
თბილისი
VN No. 218/05
Gz: WZ-1-440.45 SB 1
ვერბალური ნოტა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აქვს პატივი, სამინისტროს 2005 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული ნოტა №11-11/1846-ზე დაყრდნობით, რომელიც ეხება შეთანხმებას საქართველოში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ბიუროს გახსნის თაობაზე, დაუდასტუროს სამინისტროს, რომ გერმანიის მხარე ეთანხმება GTZ-ის ბიუროსათვის საკონტაქტო პარტნიორის შეცვლას. შესაბამისად, შემდეგნაირად შეიცვლება შეთანხმების პუნქტი 6 ბ: „საქართველოს მთავრობა ასახელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც GTZ-ის საკონტაქტო პარტნიორის.“
საელჩო მადლობელი იქნებოდა დროული შეტყობინებისათვის იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა უკვე მოხდეს ნოტების გაცვლა აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესასვლელად.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ განუახლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა.
თბილისი, 2005 წლის 12 დეკემბერი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
თ ბ ი ლ ი ს ი
თარგმანი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
ელჩი
Gz: Wi 440.45
თბილისი, 8 ოქტომბერი 2004
ქალბატონო მინისტრო,
პატივი მაქვს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვახორციელებთ რა ჩვენს მთავრობებს შორის 1998 წლის 11 მაისს გაფორმებულ შეთანხმებას ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ადგილობრივი ბიუროს დაარსების შესახებ:
1. ორივე ქვეყანას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება თანხმდებიან თბილისში შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ადგილობრივი ბიუროს, შემდგომში „ბიურო“, დაარსების შესახებ. განვითარების სფეროში თანამშრომლობის ეს გერმანული ბიურო შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სხვა გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ.
2. ბიუროს შეიძლება დაეკისროს შემდეგი ამოცანები:
ა) პროექტების მხარდაჭერა მათი განხორციელების ყველა საკითხში;
ბ) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით მრავლისმომცველი დარგობრივი და ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელება, რომლებიც GTZ-ს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ეკისრება;
გ) ქვეყანაზე ორიენტირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც პროექტის ფარგლებს სცილდება;
დ) GTZ-ის ადგილზე წარმოდგენა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
იგი
ა) გასწევს ბიუროს ყველა საინვესტიციო და ადმინისტრაციულ ხარჯს;
ბ) საკუთარ თავზე იღებს ბიუროს ამოცანების შესასრულებლად წარგზავნილი მოკლე და გრძელვადიანი ექსპერტების, ასევე ბიუროს მიერ დაქირავებული ადგილობრივი თანამშრომლების ხარჯებს.
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
იგი
ა) ათავისუფლებს ბიუროსთვის გადასაცემ საგნებს, ავტომობილების ჩათვლით, სალიცენზიო, ნავსადგურის, ექსპორტ-იმპორტისა და სხვა სახის ოფიციალური მოსაკრებლებისგან; თავად გაიღებს საწყობის გამოყენების გადასახადებს და უზრუნველყოფს აღნიშნული საგნების შეუფერხებელ განბაჟებას. გადასახადებისგან გათავისუფლება, ბიუროს განაცხადის საფუძველზე, ასევე ვრცელდება ბიუროს დავალებით საქართველოში შეძენილ საგნებზე და მომსახურებაზე;
ბ) დასაწყისში ხსენებული, 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების შესაბამისად, გადასახადებითა და სხვა მოსაკრებლებით არ ბეგრავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახსრებით დაფინანსებულ საგნებსა და მომსახურებებს, რომლებიც, ამ შეთანხმების ფარგლებში, შეძენილ იქნება ბიუროს მიერ;
გ) მხარს უჭერს ბიუროს განაცხადებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- სატელეკომუნიკაციო შეერთებების შექმნა, რადიო და სატელიტური კავშირების ჩათვლით;
- ქვეყანაში ცხოვრებისა და შრომითი საქმიანობის უფლება წარმოგზავნილი პერსონალისთვის, ასევე შრომითი საქმიანობის უფლება ბიუროს ადგილობრივი თანამშრომლებისთვის.
დ) ანიჭებს წარმოგზავნილ ექსპერტებსა და მათ კმაყოფაზე მყოფ ოჯახის წევრებს დასაწყისში ხსენებული, 1998 წლის 11 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა უფლებას.
5. ბიუროსთვის შეძენილი საგნები, ავტომობილების ჩათვლით, რჩება შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) საკუთრებაში. ბიუროს დახურვის შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, ხსენებული საგნები გადაეცემა საქართველოში ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებს ან გადავა უშუალოდ საქართველოს საკუთრებაში.
6. განმახორციელებელი ორგანიზაციების დასახელება:
ა) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საკუთარ ღონისძიებებს ახორციელებს შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ), ეშბორნი, საშუალებით;
ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ასახელებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას, როგორც GTZ-ის საკონტაქტო პარტნიორს.
7. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია 3 წლის ვადით და გრძელდება მომდევნო 2 წლით, თუ რომელიმე მხარე, მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე დიპლომატიური გზით, წერილობით არ მოშლის მას.
8. სხვა მხრივ, ძალაშია დასაწყისში აღნიშნული, ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების პირობები.
9. წინამდებარე შეთანხმება ფორმდება გერმანულ და ქართულ ენებზე, ამასთან თითოეულ მათგანს თანაბარი ძალა გააჩნია.
10. ეს შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, რომ შესრულებულია შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი წინაპირობები. გადამწყვეტია შეტყობინების მიღების დღე.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ეთანხმება 1-დან მე-10 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის გამომხატველი, თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა შეადგენენ ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის იმ დღეს, როდესაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, რომ შესრულებულია შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი წინაპირობები. გადამწყვეტია შეტყობინების მიღების დღე.
ნება მიბოძეთ, ქალბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი უღრმესი პატივისცემა.
უვე შრამი