ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2017
ძალის დაკარგვა 09.06.2025
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.06.2025
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2017 წლის 8 სექტემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო“.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს" დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ –
საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;
ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;
დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;
ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თნასწორობის შეფასების თვალსაზრისით;
ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უფლებების რეალიზაციისათვის;
ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;
თ) მოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
კ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;
ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ასპინძის მუნიციპალიტეტი;
ბ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;
გ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად, არის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. საბჭოს წევრებად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არარსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარისადმი მათი მიმართვის საფუძველზე.
6. გენდერული თანასწორობის საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წამომადგენელი.
7. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს გამგეობის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
5. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.
7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
8. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს საბჭოს.
მუხლი 5🔗.
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.