„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №29 |
|
2017 წლის 11 სექტემბერი ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
|
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ბულვარის ხელმძღვანელობა 1. ბულვარს ხელმძღვანელობს ბულვარის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით. 2. ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობას. 3. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. ბულვარის დირექტორი თავისუფლდება თანამდებობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ბულვარის დირექტორი კონტროლს და კოორდინაციას უწევს ბულვარის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, წარმოადგენს ბულვარის ინტერესებს მესამე პირთან ურთიერთობაში. 5. ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) არაუმეტეს ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების ვადით. ბულვარის დირექტორის მოადგილეები თავისუფლდებიან თანამდებობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ბულვარის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობის თავმჯდომარეს. 7. ბულვარის დირექტორის მოადგილეები ახორციელებენ კონტროლს და კოორდინაციას უწევენ ბულვარის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, უზრუნველყოფენ ბულვარის შესაბამისი ზონის მართვას. მოადგილეთა კონკრეტულ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ბულვარის დირექტორი შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. 8. ბულვარის დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე. ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოადგილეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ბულვარის ახალი დირექტორის დანიშვნამდე. 9. ბულვარის დირექტორს ჰყავს მრჩეველი, რომელიც დირექტორის დავალებით ახორციელებს საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით და ასევე კონკრეტულ დავალებებს; ამზადებს ინფორმაციას ბულვარის მიმდინარე საქმიანობისა და პრობლემების შესახებ; ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დირექტორის ოფიციალურ შეხვედრებს, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების გამართვას და სხვა.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|