შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2017
ძალაში შესვლა 14.09.2017
ძალის დაკარგვა 15.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.020138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2017
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | სამელიორაციო საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მანქანა-მექანიზმების დაქირავება. |
| 2 | სამელიორაციო საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მანქანა-მექანიზმების ავტოტექმომსახურება. |
| 3 | სამელიორაციო დანიშნულების სატუმბო სადგურების ელ/მეურნეობის გაშვება-გაწყობასა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურება. |
| 4 | ელ.მოწყობილობებისა და ტრანსფორმატორების რემონტი და ტექმომსახურება (ზეთის შრობა). |
| 5 | პროექტირება, ექსპერტიზა, კვლევები, აუდიტორიული და საკონსულტაციო მომსახურება. |
| 6 | საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება სამელიორაციო დანიშნულების სპეციფიკური პროექტებისათვის. |
| 7 | თარჯიმნის, თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურება, სამელიორაციო საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. |
| 8 | მზომი და გადამწოდი ხელსაწყოები და მრიცხველების მონტაჟის მომსახურება. |
| 9 | სატრენინგო მომსახურება. |
| 10 | პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება. |
| 11 | საიზოლაციო, ჰიდროსაიზოლაციო და ანტიკოროზიული მასალები. |
| 12 | მზომი და გადამწოდი ხელსაწყოები და მრიცხველები. |
| 13 | ხის მასალა და კომპოზიციური მასალის ქარგილები. |
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №429
2017 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს 2 (ორი) წელი, ამ დადგენილების ამოქმედებიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 14 სექტემბრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების
შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები.
3. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული და საწარმოს გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი – შპს „საქართველოს მელიორაცია“;
ბ) შესყიდვა – შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);
ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);
ვ) პრეტენდენტი – პირი, რომელიც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობს;
ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ;
თ) სატენდერო წინადადების გარანტია − 1%-იანი გარანტია, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ტენდერში მონაწილეობისათვის და რომლის ვადაც განისაზღვრება წინადადების წარდგენიდან 120 კალენდარული დღის ვადით;
ი) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
კ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ, განცხადებითა და დოკუმენტაციით;
მ) ელექტრონული ვაჭრობა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ნ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.);
ო) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვა, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი;
ს) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ტ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება;
უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის საქმიანობის მიზნებიდან ან/და ინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი, ამასთან, ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 200,000.00 ლარს;
ბ) დირექტორის ან კომისიის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა. ასეთ შემთხვევაში, შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების მოცულობა და ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესყიდვის მოცულობასა და ვადას. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელოვნურად იწვევს გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობას.
3. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველის კომისია.
მუხლი 5🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას განსაზღვრავს და ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში ხელმოწერისთანავე, გარდა შესყიდვის პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 6🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) სამუშაო დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ ორი დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ მის გარეშე;
ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
ი) წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი გარანტიის მითითება;
კ) ბიჯის ოდენობა;
ლ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
მუხლი 8🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვ.;
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;
ვ) მითითებას ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ზ) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადებისა და პირობების წარდგენის შესახებ.
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 9🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნეს დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია (მათ შორის, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი).
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.
მუხლი 11🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადება ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ამოწმებს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იან გარანტიას.
3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
6. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი დოკუმენტაცია არ დაზუსტდება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია (მათ შორის, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი) შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებით ან/და დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნას/მოთხოვნებს, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.
2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
გ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში;
დ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული წინადადების 1%-იანი გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.
მუხლი 13🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად.
4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია (წარდგენილი მხოლოდ საბანკო დაწესებულებებიდან), ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200,000.00 ლარს.
5.1. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი ნაკლებია 200 000.00 ლარზე, შესასყიდი ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა.
6. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.
7. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესის თანახმად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.
9. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
10. ტენდერისთვის სტატუსების − „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „კონკურსი შეწყვეტილია“ − მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია 10 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მუხლი 14🔗. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა
1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას, კომისია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
დანართი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
საქონლის დასახელება
1
წყალგამტარი ღარები, მილები და მილსადენის ფასონური ნაწილები.
2
სამელიორაციო დანიშნულების რკინაბეტონის კონსტრუქციები, გამანაწილებელი ჭები და მათი მაკომპლექტებელი დეტალები.
3
მავთულბადე გაბიონებისათვის.
4
საირიგაციო ფარები, ამწე მექანიზმები და მათი მაკომპლექტებელი მარაგნაწილები.
5
უკუსარქველები, ურდულები და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები.
6
სამელიორაციო დანიშნულებისათვის გამოსაყენებელი რედუქტორები, ძრავები, ტუმბოები, მათი მაკომპლექტებელი დეტალები და მარაგნაწილები.
7
ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურის აღრიცხვის კვანძები, ელექტროკარადები, ტრანსფორმატორები და მათი მაკომპლექტებელი მარაგნაწილები.
8
ცემენტი, ინერტული მასალა, ბეტონი და ბეტონის დანამატები.
9
ავტოგაზი, კარბიდი, ჟანგბადი და თხევადი გაზი.
10
დიზელი (სპეცტექნიკისა და მანქანა-მექანიზმებისათვის).
11
საიზოლაციო, ჰიდროსაიზოლაციო და ანტიკოროზიული მასალები.
12
მზომი და გადამწოდი ხელსაწყოები და მრიცხველები.
13
ხის მასალა და კომპოზიციური მასალის ქარგილები.
მომსახურების დასახელება
1
სამელიორაციო საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მანქანა-მექანიზმების დაქირავება.
2
სამელიორაციო საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მანქანა-მექანიზმების ავტოტექმომსახურება.
3
სამელიორაციო დანიშნულების სატუმბო სადგურების ელ/მეურნეობის გაშვება-გაწყობასა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურება.
4
ელ.მოწყობილობებისა და ტრანსფორმატორების რემონტი და ტექმომსახურება (ზეთის შრობა).
5
პროექტირება, ექსპერტიზა, კვლევები, აუდიტორიული და საკონსულტაციო მომსახურება.
6
საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება სამელიორაციო დანიშნულების სპეციფიკური პროექტებისათვის.
7
თარჯიმნის, თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურება, სამელიორაციო საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
8
მზომი და გადამწოდი ხელსაწყოები და მრიცხველების მონტაჟის მომსახურება.
9
სატრენინგო მომსახურება.
10
პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება.