ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 04.12.2009
ძალაში შესვლა 14.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/141
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2017
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით გიორგი ხაჩიძე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვეისელ ეროღლუ გარემოსა და სატყეო მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„პარიზის შეთანხმება“ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა
შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პარიზის შეთანხმების განხორციელების შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მოხსენებულნი როგორც „მხარეები“,
გამოხატავენ რა სურვილს, გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობები ქართველ და თურქ ხალხს შორის და განავითარონ თანამშრომლობა, რათა დაიცვან გარემო,
ესმით რა, მდგრადი განვითარების მიდგომის მნიშვნელობა გარემოს დაცვის და გაუმჯობესებისთვის ახლანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნით,
მხედველობაში იღებენ რა, სამეცნიერო, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ასპექტებში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის თვალსაზრისით,
მიზნად ისახავენ რა, სატყეო და მეტყევეობის კვლევის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას, გაფართოებასა და განვითარებას,
აღნიშნავენ რა, ორივე მხარის რეგიონული და გლობალური ვალდებულებების შესრულებისათვის გარემოს დაცვით საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას,
იცავენ რა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და გარემოსდაცვის სფეროში არსებულ მრავალმხრივი ხელშეკრულებების ფართოდ აღიარებულ ნორმებს,
აღიარებენ რა, გაერთიანებული ერების გარემოს დაცვის და განვითარების კონფერენციის მიერ მიღებული პრინციპების მნიშვნელობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
იმისათვის რომ შეამცირონ გარემოს დაბინძურება და დაიცვან ბუნება, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაცვლის მეშვეობით მიუკერძოებლობის, ურთიერთგაგებისა და ორმხრივი სარგებლობის საფუძველზე.
მუხლი 2🔗
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
1. გარემოს დაცვის თვალსაზრისით მყარი ნარჩენების მართვის მიზანშეწონილი სტრატეგიების შემუშავება;
2. სახიფათო ნარჩენების არალეგალური გადაზიდვის თავიდან აცილება; ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე კანონმდებლობის ჰარმონიზება და ადრეული შეტყობინებისა და საინფორმაციო მექანიზმების განვითარება;
3. ინფორმაციის გაცვლა მდინარე ჭოროხის აუზისა და მდინარე მტკვრის ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ;
4. შიდა, სანაპირო და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი წყლების უსაფრთხო განთავსება;
5. ხმელეთიდან ზღვაში ჩამდინარე დაბინძურების ანალიზი, მონიტორინგი (პერიოდულად ერთობლივი) და ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის დაარსება;
6. შავი ზღვის გარემოს დემპინგით გამოწვეული დაბინძურებისაგან დაცვის სფეროში თანამშრომლობა;
7. დამაბინძურებლების ტრანსსასაზღვრო მოძრაობებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებისა და მჟავური წვიმების თავიდან აცილება;
8. ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ახალი და განახლებადი ენერგეტიკული რესურსების შესატყვისი ტექნოლოგიების შეფასება ენერგიის წარმოებითა და მოხმარებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;
9. კლიმატის ცვლილებების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი საქმიანობის წარმართვა;
10. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების, განსაკუთრებით მიგრირებადი ცხოველების (ძუძუმწოვრების, მათ შორის ზღვის ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და თევზების ჩათვლით) დაცვა;
11. დაცული ტერიტორიების განსაზღვრა, დაგეგმვა და მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, მონიტორინგისა და ეკოტურიზმის პროექტების შემუშავება და განხორციელება, გარეული ცხოველების გაცვლითი პროგრამები.
12. ერთობლივი პროგრამების მომზადება ეკოტურიზმის განვითარებისათვის ორივე ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე;
13. საწარმოო ავარიებით გამოწვეული შედეგების შესამცირებლად და თავიდან ასაცილებლად საჭირო ერთობლივი კვლევების ჩატარება;
14. ნავთობით და სხვა მავნე ნივთიერებებით ზღვის გარემოს დაბინძურებისას გადაუდებელი შემთხვევების მართვა;
15. ნიადაგის ეროზიის თავიდან აცილებისა და რეაბილიტაციის პროექტების ერთობლივი კვლევები;
16. თანამშრომლობა საწარმოო და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გარემოსდაცვით ასპექტებში, ისევე როგორც ტრანსპორტირების, ენერგეტიკის, მეტყევეობისა და მეთევზეობის (მათ შორის ზღვის პროდუქტების) საკითხებში; გარემოს დაცვისა და განვითარების პოლიტიკის ინტეგრაცია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;
17. გარემოსადაცვითი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
18. თანამშრომლობა აქტიური ხანძრის, ტყის ხანძრების ჩაქრობისა და ლიკვიდირებული კერების მონიტორინგის საქმეში;
19. ტყის მავნებელდაავადებათა შესწავლისა და გასატარებელი ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება;
20. საპილოტო პროექტებისათვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავება.
მუხლი 3🔗
მხარეები ითანამშრომლებენ წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში გადმოცემულ საკითხებზე შემდეგი საშუალებებით:
1. ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური კვლევები/პროგრამები;
2. სათანამშრომლო პროექტების შემუშავება;
3. საუკეთესო გარემოსდაცვითი მენეჯმენტის პრაქტიკის და სამეცნიერო და განვითარების კვლევების შესახებ არსებული დოკუმენტებისა და სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა;
4. საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გაცვლა;
5. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების, მკვლევარების, ექსპერტებისა და მომსახურე პერსონალის გაცვლა;
6. სატრენინგო პროგრამების, შეხვედრების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება;
7. ნებისმიერი სხვა სახის თანამშრომლობა, რომელსაც მხარეები მიიჩნევენ საჭიროდ.
მუხლი 4🔗
მხარეებს შეუძლიათ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებულ თანამშრომლურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიონ სახელმწიფო ორგანოები, სამეცნიერო ინსტიტუტები, კერზო ფირმები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
მუხლი 5🔗
თანამშრომლობის პრაქტიკულად განხორციელების მიზნით, ორივე მხარემ უნდა აწარმოოს შეთანხმებულ სფეროებში ექსპერტებისა და სტაჟიორების გაცვლა შემდეგი სახით: მგზავრობის ხარჯები დაფარული უნდა იქნეს გამგზავნი მხარის მიერ, ხოლო შიდა ხარჯების დაფარვა უნდა წარმოადგენდეს მასპინძელი მხარის მოვალეობას.
მუხლი 6🔗
1. წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს ამ ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლური საქმიანობის მენეჯმენტზე პასუხისმგებელი ეროვნული კოორდინატორი.
2. ეროვნული კოორდინატორის სახელი მხარეებმა უნდა შეატყობინონ ერთმანეთს. მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ ეროვნული კოორდინატორი და წერილობით შეატყობინონ ამის შესახებ მეორე მხარეს.
3. მხარეების ეროვნული კოორდინატორები ამზადებენ ყოველწლიურ სამუშაო პროგრამებს, რომლებიც შეიცავენ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სათანამშრომლო ქმედებების შემუშავებულ კონკრეტულ გეგმებს.
4. ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე, ეროვნულ კოორდინატორებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეხვდნენ ერთმანეთს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული საქმიანობის ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა თანამშრომლობის განსახილველად.
მუხლი 7🔗
თითოეულ მხარეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლია თავისი თანამშრომლობის შედეგები გაუზიაროს მესამე მხარეს თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
ამ შეთანხმების განხორციელებისა და განმარტების თაობაზე მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, სადავო საკითხები მოგვარდება მხარეთა შორის მოლაპარაკების საშუალებით.
მუხლი 9🔗
ამ ხელშეკრულების არცერთი პირობა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ზიანი მიაყენოს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ თითოეული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დადებული სხვა ხელშეკრულებებიდან.
მუხლი 10🔗
1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო დღეს.
2. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე, პირელი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ან შემდგომში ნებისმიერ დროს, სულ ცოტა სამი თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება. ხელშეკრულება მოქმედებას წყვეტს ასეთი შეტყობინების მიღებიდან 90-ე დღეს.
3. ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან/და დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
4. ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა არ მოახდენს გავლენას ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული საქმიანობის მიმდინარეობასა და კანონიერებაზე, თუ საქმე ეხება გაუქმებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
5. შესრულებულია 2009 წლის 4 დეკემბერს ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. ურთიერთობის ენად გამოყენებული იქნება ინგლისური.
საქართველოს მთავრობის
სახელით
გიორგი ხაჩიძე
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ვეისელ ეროღლუ
გარემოსა და სატყეო მეურნეობის
მინისტრი