შპს ”ციტოს” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18982-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/18982-17

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2017 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი – შპს „ციტო“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 405093624)

დირექტორი – თამარ ქამუშაძე

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ციტოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია:

2017 წლის 17 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ციტოს“ დირექტორმა თამარ ქამუშაძემ და მოითხოვა შპს „ციტოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „ციტოს“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება.

2017 წლის 18 ივლისს განჩინებით შპს „ციტოს“ დირექტორს თამარ ქამუშაძეს დაუდგინდა ხარვეზი იმის თაობაზე, რომ სასამართლოში წარმოედგინა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის გადახდის ქვითარი ან/და დაზუსტებული მოთხოვნა შპს „ციტოს“ მიმართ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

2017 წლის 20 ივლისს შპს „ციტოს“ დირექტორის თამარ ქამუშაძის მიერ შევსებულ იქნა ხარვეზი.

2017 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ციტოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა 2017 წლის 24 ივლისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 01 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ციტო“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „ციტოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ციტო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405093624) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ციტოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                 თამარ ბურჯანაძე