ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2017
ძალის დაკარგვა 30.07.2025
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.07.2025
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2017 წლის 29 სექტემბერი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო).
3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;
ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;
დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;
ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;
ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზებისათვის;
ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;
თ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
კ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;
ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო:
ა) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები.
2. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.
3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი. რომელიც თანამდებობრივად არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული გამგეობის გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
5. საბჭოს წევრებად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი წარდგინების არარსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარისადმი მათი მიმართვის საფუძველზე.
6. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.
7. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
5. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.
7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
8. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს.
12. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოს.
მუხლი 5🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული გამგეობის გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.