საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016468
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.06.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №39
2017 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 აგვისტოს № 29 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
1.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, მათი ჰაბიტატების და ზოგადად ეკოსისტემების) დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება და/ან ამ პროცესში მონაწილეობა;
ბ)
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში მათი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მისი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ)
ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილების მიღება;
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ)
საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სატყეო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
თ)
სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ი)
ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ორგანიზების ხელშეწყობა;
კ)
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
ლ)
გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება;
მ)
„გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო)
ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა;
პ)
სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავება;
ჟ)
სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
რ)
ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დასამტკიცებლად მინისტრისთვის წარდგენა;
ს)
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;
ტ)
სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია;
უ)
სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება;
ფ)
საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
ქ)
ტყის სტატუსის შეცვლის შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
ღ)
ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ყ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სატყეო სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება;
შ)
სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სატყეო სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ჩ)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სატყეო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ც)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ძ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2.
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა)
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან სათანადო ინფორმაცია და მასალები დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;
ბ)
მოამზადოს წინადადებები ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის;
გ)
მონაწილეობა მიიღოს ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საერთო საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ)
აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ)
მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)
ორგანიზებას უწევს დეპარტამენტისათვის დებულებით დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი)
შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ)
პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ)
შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ)
დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
ნ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2.
დეპარტამენტის ხელმძღვანლის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მისი ფუნქციები დროებით ეკისრება დეპარტამენტის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
ბიომრავალფეროვნების სამმართველო;
ბ)
სატყეო პოლიტიკის სამმართველო.
მუხლი 8🔗
ბიომრავალფეროვნების სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კოპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მისი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბ)
საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია.
გ)
ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია;
დ)
ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია;
ე)
ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია;
ვ)
ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
ზ)
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
თ)
გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება;
ი)
„გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;
კ)
საქართველოს „წითელი ნუსხაში” ცვლილებებისა და/ან დამატებების პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, „საქართველოს წითელი წიგნის” გამოცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია; „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ)
ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების წესების (მათ შორის, მოპოვების ვადების, ადგილების, აკრძალული იარაღებისა და მეთოდების, მოპოვებისათვის დაშვებული სახეობების, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის) დამდგენი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ)
ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა;
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში სამონადირეო მეურნეობის შექმნის პროცესში მონაწილეობა;
ო)
სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავება;
პ)
სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ჟ)
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;
რ)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობა;
ს)
კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ტ)
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 9🔗
სატყეო პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია;
დ)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სატყეო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების კოორდინაცია;
ე)
დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;
ვ)
სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
თ)
ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფა;
ი)
ტყის საზღვრის კორექტირების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ)
უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ)
უფლებამოსილი უწყებების სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
მ)
სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ნ)
სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ო)
სამინისტროს მიერ ინიციირებული ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
პ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗
1.
დეპარტამენტის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ)
განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებასა და შრომითი დისციპლინის დაცვას;
დ)
აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას;
ე)
დადგენილი პერიოდულობით ამზადებს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ;
ვ)
ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
ზ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელის წინაშე.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11🔗
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.