შპს „სერვის ერთის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1504-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

  საქმე №2/1504-17

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2017 წლის 20 სექტემბერი

 ქ. ქუთაისის

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე − გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს „სერვის ერთი“ (ს/კ 445455757)

დირექტორი: გიორგი გოგეშვილი.

მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სერვის ერთის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

გამოარკვია:

2017 წლის 7 ივნისს, შპს „სერვის ერთის“ სახელით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა გიორგი გოგეშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „სერვის ერთის“ არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან: 1) სახელმწიფო, სსიპ შემოსავლების სამსახური აღიარებული საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს 15926,90 ლარს (კომპანიამ გადაიხადა 10,000 ლარი); 2) შპს „ბარამბო და კომპანია“ (ს/კ 400052287), რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 2455 ლარს. მოვალე საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 2017 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შპს „სერვის ერთს“ კომპანიის ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების თანახმად, შპს „სერვის ერთის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სერვის ერთი“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

2017 წლის 12 ივნისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზი და დაევალა: წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ განცხადების შეტანის დროისთვის არსებული მდგომარეობით, კერძოდ: ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შპს „სერვის ერთის“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე წარმოადგინოს ინფორმაცია, არის თუ არა შპს „სერვის ერთი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული; წარმოედგინა ცნობა განცხადების შეტანის დროისთვის არსებული მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან; წარმოედგინა შპს „სერვის ერთის“ საბანკო ანგარიშების თაობაზე ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განცხადების შეტანის დროისთვის არსებული მდგომარეობით; წარმოედგინა კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები; დაეზუსტებინა უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობა და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

2017 წლის 12 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,სერვის ერთის’’ წარმომადგენელმა ზურაბ კავილაძემ და წარმოადგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ განცხადების შეტანის დროისთვის არსებული მდგომარეობით, რომელთა თანახმად: შპს „სერვის ერთის“ სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი და ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან), ასევე შპს „სერვის ერთი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული არ არის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი); შპს „სერვის ერთს“ ანგარიში გახსნილი აქვს პროკრედიტ ბანკში, საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ ანგარიშზე თანხა არ ერიცხება (ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და საბანკო ამონაწერი). წარმოადგინა კრედიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები (საგადასახადო მოთხოვნა, შედარების აქტი, ელ. ზედნადები და სხვა).

განმცხადებელმა ასევე დააზუსტა კრედიტორთა ვინაობა და განმარტა, რომ შპს „სერვის ერთის“ არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან: სსიპ − შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ დავალიანება არის 15926,90 ლარი და შპს „ბარამბო და კომპანია“, რომლის მიმართ დავალიანება არის 2455 ლარი, ხოლო სხვა კრედიტორები კომპანიას არ ჰყავს.

2017 წლის 17 ივლისის განჩინებით, შპს „სერვის ერთს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სერვის ერთის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 4 აგვისტოს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „სერვის ერთი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „სერვის ერთის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 დაადგინა:

1. შპს „სერვის ერთი“ (ს/ნ 445455757) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „სერვის ერთის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                            გენადი მაკარიძე