შპს ,,დიკას” გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 330210317002134132
№2/28345-17
თბილისის საქალაქო სასამართლოს
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2017 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე − ლევან მიქაბერიძე
განმცხადებელი − შპს „დიკა“
წარმომადგენელი − გიორგი გვენეტაძე
მოთხოვნა − მოვალის გაკოტრება (საქმის წარმოება)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს „დიკას“ წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „დიკას“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადენდა პროდუქციის (მზა ტანსაცმლის) იმპორტი და მისი რეალიზაცია იჯარით აღებულ სავაჭრო ფართში. რამდენიმე წელია კომპანიაში შექმნილია კრიზისული ვითარება, რაც გამოწვეულია ვაჭრობის მკვეთრი შემცირებით და 2014-2017 წლებში ეროვნული ვალუტის დევალვაციით. პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი კომპანიის „Dika Stayle ltd /FACTORY OF CLOTHES CHAIN OF STORES“-ის მიმართ დროთა განმავლობაში დაგროვდა დავალიანება, რომლის გადახდა კომპანიას არ შეუძლია გადახდისუუნარობის გამო. შპს ,,დიკას'' არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არის ერთი, რომლის მიმართაც 2017 წლის 5 ოქტომბრის მდგომარებით ვადამოსული დავალიანება შეადგენს 2 568 461.88 ლარს. ვინაიდან შეუძლებელია აღნიშნული დავალიანების დაფარვა და მთლიანობაში საქმიანობის გაგრძელება, შპს „დიკამ“ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა. რეგისტრაციიდან მოხსნა ყველა საკონტროლო სალარო-აპარატი, შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები თანამშრომლებთან, დახურა ყველა საბანკო ანგარიში, ამის შემდეგ კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შესახებ. მას შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა. საბიუჯეტო ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული და გადასახადების მხრივ დავალიანება არ გააჩნია. შპს „დიკას“ არ გააჩნია სალაროში ან საბანკო დაწესებულებაში ფულადი თანხა, ასევე საკუთრებაში არ აქვს უძრავი ან მოძრავი ქონება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალება, არ ერიცხება ბალანსზე ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, ასევე არ აქვს სასაქონლო-მატერიალური მარაგი და დებიტორული მოთხოვნები. გაკოტრების დაწყების შემთხვევაში კომპანია ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „დიკას“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამდენად, უდავოა, რომ კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ცხადია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორის (კრედიტორთა) მოთხოვნა (მოთხოვნები), ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში. ამიტომ, ვინაიდან შპს „დიკას“ არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. უარი ეთქვას „დიკას“ (ს/კ 204 509 399) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე