ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2017
ძალაში შესვლა 01.11.2017
ძალის დაკარგვა 01.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №534
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016681
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№534
2017 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-5 ნაწილის, 313-ე მუხლის მე-18 ნაწილისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე ამ წესის აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილი დანაყოფების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომში –
პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.
3. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ბრუნდება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
მუხლი 3🔗
1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე –
„www.police.ge“-ზე „საჭირო ინფორმაციის“ ველში.
2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
მუხლი 4🔗
1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.
3. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
მუხლი 5🔗
1. საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საჯარიმო ქვითრის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაცია პირს დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, თუ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვალდებულია ეს ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მიაწოდოს მის ბაზაში რეგისტრირებულ იმ მომხმარებელს, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესაბამის პროგრამაში გახსნილი აქვს საკუთარი ანგარიში.
2. საჯარიმო ქვითრის ამ წესით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია ეს ინფორმაცია ელექტრონული პროგრამის გამოყენებით მიაწოდოს კომერციულ ბანკებსა და საგადახდო მომსახურების სხვა პროვაიდერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 6🔗
1. საჯარიმო ქვითარი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.
3. საჯარიმო ქვითრის და შესაბამისი სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის შენახვის წესი და ვადები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი