შეთანხმება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ადგილობრივი ოფისის დაარსების შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2008
ძალაში შესვლა 10.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000745
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 31/12/2009
matsne.gov.ge 682 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2008 მიღება
10.12.2009 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ადგილობრივი ოფისის დაარსების შესახებ [საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ბლანკზე] 9 ივლისი 2008 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბატონ ნიკა გილაურს გორგასლის ქ. 16 თბილისი 0114, საქართველო ასლი: საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტყეშელაშვილს ჩიტაძის ქ. 4 თბილისი, საქართველო ბატონო ნიკა, 1998 წლის თებერვლიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (შემდგომში „კორპორაცია“) მცირე წარმომადგენლობა განთავსებულია თბილისში მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლობის ფარგლებში. მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ კორპორაცია ზრდის თავის წარმომადგენლობას და მიზანშეწონილად მიაჩნია საკუთარი ადგილობრივი ოფისის დაარსება (რაც მოიცავს დამატებით საკუთარი ფართის გამოყოფას და ამავდროულად მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლობის ფარგლებში წარმომადგენლობის შენარჩუნებას). წინამდებარე წერილის მიზანია ადგილობრივი ოფისის ფუნქციონირებისათვის საჭირო ძირითადი საკითხების დარეგულირება. საქართველო (შემდგომში „ქვეყანა“) კორპორაციის წევრი გახდა 1995 წლის 29 ივნისს და ამავდროულად მიუერთდა კორპორაციის სადამფუძნებლო შეთანხმების დებულებებს, რაც ქვეყნისათვის სავალდებულო ხასიათისაა. 2007 წლის 18 ივლისიდან ქვეყანა ასევე მიუერთდა სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენციას კორპორაციასთან მიმართებაში („კონვენცია“). კორპორაციის სადამფუძნებლო შეთანხმების დებულებების VI მუხლის და კონვენციის ასლები ინფორმაციისთვის თან ერთვის წინამდებარე წერილს. შესაბამისად, კორპორაცია, ასევე მისი ადგილობრივი ოფისი და თანამშრომლები ექვემდებარებიან ამ საერთაშორისო შეთანხმებების ყველა დებულებას და წინამდებარე წერილში განსაზღვრული ღონისძიებები ემსახურება ამ შეთანხმებების დებულებების განხორციელებას. ადგილობრივი ოფისი დაასაქმებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კადრებს. კორპორაციის წესების შესაბამისად კორპორაცია გადაუხდის მის მიერ დასაქმებული კადრების ხელფასებს და დაუფარავს სხვა ხარჯებს. კორპორაციის ადგილობრივ ოფისში დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაექვემდებარება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონალურ დირექტორს, თუკი კორპორაცია სხვაგვარად არ აცნობებს საქართველოს მთავრობას („მთავრობა“). მთავრობა საერთაშორისო პერსონალზე, მათ მეუღლეებზე და მათ კმაყოფაზე მყოფ პირებზე გაავრცელებს სულ მცირე იმ პრივილეგიებს, იმუნიტეტებს და შეღავათებს, რაც ვრცელდება ქვეყანაში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური მისიების საერთაშორისო პერსონალზე. ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლობა ხელშეუხებელია და ექვემდებარება კორპორაციის კონტროლს და უფლებამოსილებას. მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივი ოფისის მუშაობა არ შეფერხდეს პირების მიერ, რომელთაც კორპორაცია არ დართავს მის ტერიტორიაზე შესვლის ნებას ან კორპორაციას უახლოეს მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დარღვევით. შესაძლებლობის ფარგლებში, კორპორაცია შეეცდება რომ განთავსდეს თბილისში მსოფლიო ბანკის ოფისში, თუმცა მისი მზარდი შემადგენლობის გათვალისწინებით სავარაუდოა ცალკე საოფისე ფართის გამოყოფა. კორპორაცია ისარგებლებს იმუნიტეტით ნებისმიერი ფორმის სამართალწარმოების მიმართ, გარდა კორპორაციის სადამფუძნებლო შეთანხმების VI მუხლის, მე-3 ნაწილის დებულებებით განსაზღვრული შემთხვევებისა. კორპორაციის სადამფუძნებლო შეთანხმების VI მუხლის, მე-3 ნაწილის თანახმად, მთავრობა ან პირები, რომლებიც მოქმედებენ მთავრობის სახელით ან მისი მოთხოვნით კორპორაციის წინააღმდეგ არ აღძრავენ საქმეს, და კორპორაციის აქტივები, მიუხედავად მათი მდებარეობისა და მფლობელობისა კორპორაციის წინააღმდეგ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე არ დაექვემდებარება კონფისკაციას, დაყადაღებას და აღსრულებას. ადგილობრივი ოფისის ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა კომუნიკაციები არ ექვემდებარება ცენზურას. ადგილობრივ ოფისს უფლება აქვს გამოიყენოს კოდები, გააგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია კურიერის და დალუქული გზავნილის მეშვეობით, რომელზეც ვრცელდება იგივე იმუნიტეტები და პრივილეგიები, რაც დიპლომატიურ კურიერებზე და გზავნილებზე. ადგილობრივი ოფისის მოთხოვნის შემთხვევაში, მთავრობა უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ოფისს საჭირო ნებართვებით, ლიცენზიებით ან სხვა დოკუმენტებით, იმისთვის რომ საშუალება მისცეს ადგილობრივ ოფისს ჩაერთოს და სრულად გამოიყენოს მსოფლიო ბანკის ჯგუფის შიდა სატელეკომუნიკაციო ქსელი. კორპორაციას შეუძლია იმ ოდენობით, რაც პერიოდულად ესაჭიროება ქვეყანაში გაწეული დანახარჯების დასაფარად, შეისყიდოს ეროვნული ვალუტა ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტის სანაცვლოდ, ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც არანაკლებ შეღავათიანია ვიდრე ის კურსი, რომელიც ვრცელდება ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ან დიპლომატიურ მისიებზე. კორპორაციის ადგილობრივი ოფისის თანამშრომლები მუდმივად ითანამშრომლებენ მთავრობასთან როგორც კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე კორპორაციის სადამფუძნებლო შეთანხმებით, კონვენციით და წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტების და შეღავათების არასათანადო გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად. თუკი მთავრობა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებას, რეგიონალური დირექტორი ან კორპორაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი დროულად გაივლის კონსულტაციებს სათანადო სახელისუფლებო ორგანოებთან. მთავრობა უზრუნველყოფს კორპორაციის ადგილობრივი ოფისის ყველა თანამშრომელზე შესაბამისი მოწმობის გაცემას, რომელშიც იქნება აღნიშნული, რომ ეს პირები კორპორაციის თანამშრომლებია და რომ მათზე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები. თუ ზემოხსენებული პირობები მისაღებია მთავრობისათვის, გთხოვთ, თანხმობა გამოხატოთ ამ ხელშეკრულების ასლის ხელმოწერით, შეთანხმების ბოლოს მითითებულ ადგილზე და მისი ჩვენთვის უკან დაბრუნებით. წინამდებარე შეთანხმება სამართლებრივად სავალდებულოა კორპორაციისათვის და ქვეყნის მთავრობისათვის და ძალაში რჩება ექვსი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ერთი მხარე მეორე მხარეს წერილობით აცნობებს ამ შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა თბილისში ხელს შეუწყობს ქვეყანაში კორპორაციის საქმიანობის ჩამოყალიბებას, განხორციელებას და ზედამხედველობას და მჭიდრო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას მთავრობასთან, არსებულ კლიენტებთან, ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან და ზოგადად ბიზნეს საზოგადოებასთან. ეს შეთანხმება ძალაშია ხელმომწერი მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების დასრულების დამადასტურებელი ბოლო წერილობითი შეტყობინების გაცვლის შემდეგ. პატივისცემით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია სნეჟანა სტოილკოვიჩ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი შეთანხმებულია და მიღებული საქართველოს მხრიდან: ბატონი ნიკა გილაურის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრი თარიღი: დანართები: 1. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სადამფუძნებლო შეთანხმების VI მუხლი. 2. სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენცია.