ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2017
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.06.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2017 წლის 10 ნოემბერი
დაბა ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №15 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა
დანართი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და
განათლების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილების შესაბამისად.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახური (შემდგომში –
სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდეგში –
მუნიციპალიტეტი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „კულტურის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ. №10.
მუხლი 2🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.
2. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება კულტურის, განათლების, საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
3. განათლებისა და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება.
4. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება.
5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია.
6. ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია.
7. სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის კოორდინაცია, მათში მედპუნქტის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
8. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა.
9. კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება.
10. მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
11. თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
12. ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
13. სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის შესაბამის საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევა.
14. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სემინარების, კონკურსების, შეჯიბრებების, გამოფენების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა.
15. შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა.
16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა.
17. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია.
18. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში – მერი) სხვა დავალებების შესრულება.
19. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურის საშტატო ნუსხას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
7. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელისგან (მოხელეებისგან).
8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით.
9. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
დ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
10. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
11. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ა.შ) აღრიცხვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
გ) კულტურული ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.