ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.11.2017
ძალის დაკარგვა 17.01.2018
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.138.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 12.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2017 წლის 14 ნოემბერი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის
დებულება
წინამდებარე დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ - მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
მერია
1. მერია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.
2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული წარმოების ენა
მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 4🔗.
მერიის ადგილსამყოფელი
მერიის ადგილსამყოფელია - ქალაქი ახალციხე, მ. კოსტავას №14.
თავი II. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 5🔗.
მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
3. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართელოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 6🔗.
მუნიციპალიტეტის მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
3. მერი:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს, წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) საქართველოს ორგანული კანონით „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) საქართველოს ორგანული კანონით „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით, ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ)უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.
5. მერის თანამდებობაზე არჩევის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“.
6. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − მერის მოადგილე
მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
მუხლი 7🔗.
მერის პირველი მოადგილე
1. მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის პირველი მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
მუხლი 8🔗.
მერის მოადგილე (მოადგილეები)
1. მერის მოადგილეს (მოადგილეებს), კანონით გათვალისწინებული წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
3. მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 9🔗.
მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
თავი III. მერიის სტრუქტურა
მუხლი 10🔗.
მერიის სტრუქტურული აგებულება
1. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელიც მერიის წარდგინებით მტკიცდება საკრებულოს მიერ.
3. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
მუხლი 11🔗.
მერიის სამსახურები
1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით გათალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე, მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
ე) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ვ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
ზ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;
თ) ზედამხედველობის სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელიც მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
მუხლი 12🔗.
მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოება, საკადრო საკითხთა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა, გენდერულ თანასწორობასთან და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. მერის მინდობილობის საფუძველზე მერიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სახელმწიფო ორგანოებთან თუ მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას, კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების საჩივრებისა და მომართვების განხილვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლების იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მერიის მიერ მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ პროექტების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი, ბიზნესის სტიმულირების ხელშეწყობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: შესაბამისი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.
5. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაციის მართვა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება.
6. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება და მათ უზრუნველყოფა ტურიზმის განვითარებასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშრებით.
7. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
8. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობას, ფარული და შუალედური სამუშაოების შემოწმება, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
9. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
თავი IV. მერიის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 13🔗.
მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულებში
1. მერის წარმომადგენელი არის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3. მერის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და მერის წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს/არ ადასტურებს:
ე.ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საქონლისა და ხემცენარეების ადგილწარმოშობას (გარდა ისეთი ხემცენარეებისა, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაში);
ე.ბ) პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს.
ე.გ) ოჯახის ფაქტობრივ შემადგენლობას;
ე.დ) ინფორმაციას პირის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის თაობაზე.
ვ) იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადება სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, მერის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, აღნიშნულის შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში;
ზ) მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
თ) თუ მერის წარმოადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს.
ი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას;
კ) ახორციელებს მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.
4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. მერის წარმომადგენელს აქვს ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი.
მუხლი 14🔗.
მერიის პროფესიული საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) მერიის პროფესიული საჯარო მოხელეა პირი, რომელიც მერიაში ინიშნება უვადოდ, მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;
ბ) მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2. მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 15🔗.
მერიის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. მერიის პროფესიული საჯარო მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, წინამდებარე დებულებითა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად.
2. მერიაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
მ) მოითხოვოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება;
ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;
ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. მერიის მოხელე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 16🔗.
მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
2. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, რომელსაც ინდივიდუალური აქტით ამტიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. მუნიციპალიტეტის მერის მიერ, სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დგინდება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული, დასაკავებელი თანამდებობისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები რომელიც ითვალისწინებს დასაკავებელი თანამდებობისათვის საჭირო სამუშაო სტაჟს, განათლებას, ცოდნას და უნარ-ჩვევებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან.
თავი V. მერიის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 17🔗.
მერიის ადმინისტრაციული სამართალწარმოების საფუძვლები და მიზნები
1. მერიის ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების უზრუნველყოფა.
2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართელოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", სხვა მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 18🔗.
მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
1. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში:
ა) მერიის ვალდებულება, შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მერიის ვალდებულება, უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;
გ) მერიის ვალდებულება, გამოსცეს ბრძანება კანონით გათალისწინებული საკითხის ირგვლივ;
დ) მერიის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება, შეადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ე) დაინტერესებული პირის განცხადება;
ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.
მუხლი 19🔗.
მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერიის წერილობითი დავალების საფუძველზე არაუმეტეს ერთი თვისა.
2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება მერიისა და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე მერის დავალებებით.
მუხლი 20🔗.
მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
1. მერიის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმის შესაბამისად
2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას, ახალციხის მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმის მოთხოვნებთან, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება.
მუხლი 21🔗.
მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია
1. მერიის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, გაფორმებას, მოძრაობას, შესრულებაზე კონტროლის განხორციელებასა და დაარქივებას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურები.
მუხლი 22🔗.
მერიის შინაგანაწესი
1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივი საკითხების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაქმებულამდე დაყვანის წესი;
ე) შრომითი სარგოს გაცემის დრო და წესი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი და ა.შ.
2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.
4. სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს უნდა გაეცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), და ადმინისტრაციულმა და იურიდიულმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.
მუხლი 23🔗.
საქმიანობის შეფასება
1. ყოველ მოხელეს, წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად, აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი.
2. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი.
3. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:
ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება –მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
4. მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი მოხელის შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ.
5. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს.
6. მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.
7. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.
8. საჯარო დაწესებულება მოხელეთა შეფასების შედეგებს ასახავს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
9. მერის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერის ანგარიში განიხილება და ფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 24🔗.
მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
1. მერიაში საქართელოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფილია:
ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;
გ) მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა.
2. საქართველოს კანონით „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით, მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ხოლო გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირია – გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი.
თავი VI. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
მუხლი 25🔗.
მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:
ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;
გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.
2. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.
3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სტენდზე, დამატებით აღნიშნული აქტი შესაძლებელია გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
მუხლი 26🔗.
მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.
2. მერიის თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
თავი VII. მერიის რეორგანიზაციის წესი
მუხლი 27🔗.
მერიის რეორგანიზაცია
1. მერიის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება არანალებ ორ სტრუქტურულ ერთეულს ან ტერიტორიულ ორგანოს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის (ტერიტორიული ორგანოს) ლიკვიდაციის შემთხვევაში.
2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და მერიის რეორგანიზაციის შესახებ.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 28🔗.
წინამდებარე დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების შესახებ
1. წინამდებარე დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2018 წლის 28 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნეს შემდეგი დადგენილებები:
ა) ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მერიის სამსახურების დებულებები;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უნიფიცირების წესი;
გ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება;
დ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიკული გამოქვეყნების წესი.