აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/49 7
2017 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 27 სექტემბრის №03/3775 განცხადება სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დავალებით შპს ,,ენერგოტრანსი" ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხდება ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220 კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500 კვ და 220 კვ) მშენებლობა. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის № 122 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KFW და ევროსაბჭოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდის NIF დაფინანსებით.
პროექტი მოიცავს დაახლოებით 2X8 კმ. სიგრძის 500 კვ. გადამცემი ხაზის მშენებლობას, 500 კვ. ,,კავკასიონის“ ხაზის შეჭრით და დაახლოებით 60 კმ (220 კვ) ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ჯვარიდან ხორგაში, რაც გულისხმობს ახალი 220 კვ. ორჯაჭვა ეგხ-ს მიერთებას ხორგის 220 კვ. და ჯვარის 500 კვ. ქვესადგურთან.
პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა მოქალაქე ნიურა ფიფიას (პ/ნ 51001025285) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 47.14.43.094, მდებარე წალენჯიხის რაიონი, ჯვარი) ნაწილის გამოსყიდვა, ხოლო დარჩენილ ნაწილზე სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმება. მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპესაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა.
ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, შპს ,,ენერგოტრანსმა“ წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე ექსპროპრიაციის პროცედურების დაწყების შუამდგომლობის თაობაზე.
2017 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით (№03/3775) მომართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და მოითხოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარში, ნიურა ფიფიას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 47.14.43.094) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის ” აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობა და მითითებული პროექტის განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შპს ,,ენერგოტრანსი“ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს.
განსახორციელებელი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია საექსპროპრიაციო უძრავი ქონება, მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ჯვარი ს/კ 47.14.43.094.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნიურა ფიფია. დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ფართობი 3635 კვ.მ (დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, სახნავი).
დადგენილია, რომ შპს ,,ენერგოტრანსმა“ მესაკუთრეს შესთავაზა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის 484 კვ.მ ნებაყოფლობით გამოსყიდვა. მესაკუთრეს ასევე შეეთავაზა დარჩენილ ფართობზე სერვიტუტი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.
ვინაიდან, ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ, ნიურა ფიფიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება.
2. უძრავი ქონება ს/კ 47.14.43.094 (წალენჯიხის რაიონი, ჯვარი, 3635 კვ.მ) საექსპროპრიაციო ფართი: 484 კვ.მ.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი