1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.

4.საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებულ საკრებულოს წევრს კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენამდე უფლება აქვს, უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე სხვა კანდიდატის სასარგებლოდ ან უარი განაცხადოს კანდიდატობაზე  მიზეზის დასახელებით ან მის გარეშე.

5. კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრას. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით ბიულეტენების საშუალებით.

6. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევ ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს, კენჭი იყაროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.

7. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისია (ხოლო მის შექმნამდე ხმის დამთვლელი დროებითი კომისია).

8. ბიულეტენს საკრებულოს წევრი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ხმის მიცემისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატურის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა (ხოლო მის შექმნამდე ხმის დამთვლელი დროებითი კომისია) კომისიის თავმჯდომარეს, გაფუჭებულ ბიულეტენს ჩამოაჭრას რიგითი ნომრების აღმნიშვნელი კიდე, ჩააბაროს იგი და მიიღოს ახალი. შევსებულ ბიულეტენს საკრებულოს წევრი უშვებს კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთში.

9. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, სამანდატო, საპროცედურო,  ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა (ხმის დამთვლელი) კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის  კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.

10. სამანდატო, საპროცედურო,  ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა (ხმის დამთვლელი) კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმს საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.

11. საკრებულოს თავმჯდომარედ  არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

12. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

13. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.

14. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.

16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ