შპს ”კრწანისი 2020-ს” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10524-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/10524-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და

რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2017 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

განმცხადებელი : სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მამუკა ნოზაძე

მოთხოვნა: შპს „კრწანისი 2020”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კრწანისი 2020”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „კრწანისი 2020“-ს (ს/კ 200275353) უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „კრწანისი 2020“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული განჩინება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 24 მარტს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 24 აპრილს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ითხოვა შპს „კრწანისი 2020“-ის (ს/კ 200275353) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანა და აღნიშნული მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა;

2017 წლის 8 მაისს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება 14 დღით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შემოსავლების სამსახურს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით. აღნიშნული განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2017 წლის 16 მაისს.

2017 წლის 1 ივნისსა და 2017 წლის 2 ივნისს სსიპ – შემოსავლების სამსახურმა კვლავ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება 14 დღით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს „კრწანისი 2020”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ განცხადების მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინება.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „კრწანისი 2020” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურმა (კრედიტორმა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი იყო მხოლოდ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომელმაც არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „კრწანისი 2020” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კრწანისი 2020” (ს/ნ 200275353) გამოცხადდეს გაკოტრებულად, შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს „კრწანისი 2020”-ის რეგისტრაცია.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე:                                                                       ლაშა ქოჩიაშვილი