შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2017
ძალაში შესვლა 01.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/22
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016506
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2017
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით _________________________ | ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ________________________ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება სქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი),
გამოთქვამენ რა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს, ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ,
განზრახული აქვთ რა ხელსაყრელი პირობების ხელშეწყობა ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებისთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და
აცნობიერებენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ინვესტიციების ხელშეწყობა და ურთიერთდაცვა ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოში ბიზნეს ინიციატივების განხორციელებას და ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას,
შეთანხმდნენ შემდეგზე: საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი),
გამოთქვამენ რა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს, ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ,
განზრახული აქვთ რა ხელსაყრელი პირობების ხელშეწყობა ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებისთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და
აცნობიერებენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ინვესტიციების ხელშეწყობა და ურთიერთდაცვა ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოში ბიზნეს ინიციატივების განხორციელებას და ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემული ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
1. ინვესტიცია –
ნიშნავს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, ინვესტირებულ ყველა სახის ქონებას, რომელიც მოიცავს:
a) მოძრავ და უძრავ ქონებას, ასევე ნებისმიერ სხვა სანივთო უფლებას, როგორიცაა სერვიტუტი, გირავნობა, იპოთეკა და უზუფრუქტი;
b) აქციებს, წილებს ან კომპანიაში მონაწილეობის ნებისმიერ სხვა ფორმას;
c) ობლიგაციები, გირავნობის სიგელები, სესხები და სავალო ვალდებულების სხვა ფორმები;
d) ხელშეკრულების საფუძველზე ფულად ან ნებისმიერი მოქმედების მოთხოვნებს, რომელსაც გააჩნიათ ეკონომიკური ღირებულება;
e) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ინვესტიციასთან;
f) კონცესიებს, რომლებიც მინიჭებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების საფუძველზე, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიციები, ან ხელშეკრულების და ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების საფუძველზე, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების მოძიების, მოპოვების ან ექსპლუატაციის კონცესიებს.
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ქონება ინვესტიციად განიხილება, თუ მას გააჩნია ინვესტიციისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმები, მათ შორის, ისეთი კრიტერიუმების ჩათვლით, როგორიცაა კაპიტალის ან სხვა რესურსების დაბანდება, შემოსავლის ან მოგების მიღების მოლოდინი და რისკი;
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, არბიტრაჟის გადაწყვეტილება ან სხვა ბრძანება ან გადაწყვეტილება, გამოტანილი განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, არ განიხილება ინვესტიციად.
2. ამონაგები –
ნიშნავს ინვესტირების შედეგად მიღებულ თანხებს, რომლებიც უნდა მოიცავდეს მოგებას, დივიდენდებს, პროცენტს, როიალტს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, ან ნებისმიერ ანაზღაურებას და ყველა სხვა სახის კანონიერ შემოსავალს, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია ინვესტიციებთან.
3. ინვესტორი თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე:
a) ფიზიკური პირი ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობა ამ სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;
b) იურიდიული პირი თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს:
ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილი, ან რეგისტრირებულია მისი სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად და რომელსაც ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქვს ოფისი და ეწევა არსებით ეკონომიკურ საქმიანობას.
4. „ტერიტორია“ ნიშნავს:
a) საქართველოსთან მიმართებით: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ბელარუსის რესპუბლიკასთან მიმართებით: ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიას, ბელარუსის კონსტიტუციის თანახმად და მოიცავს ბელარუსის რესპუბლიკის მიწას, შიდა წყლებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიას, რომელთა მიმართებაში ბელარუსის რესპუბლიკა ახორციელებს სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
5. კანონები და რეგულაციები თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს.
მუხლი 2🔗
ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციების განხორციელებას, ინვესტორების მიერ, თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მიიღებს ასეთ ინვესტიციებს თავისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს ყოველთვის უნდა მიენიჭოთ სამართლიანი და თანასწორი რეჟიმი და ისინი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნდა სარგებლობდნენ სრული დაცვითა და უსაფრთხოებით საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის შესაბამისად. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არაგონივრული და დისკრიმინაციული ზომებით ხელს არ შეუშლის თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობას ან განკარგვას.
მუხლი 3🔗
ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს, მათი მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობის ან განკარგვის მიზნით, თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიანიჭებს სამართლიან და თანასწორ რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს საკუთარ ინვესტორთა ინვესტიციებს, ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციებს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეჟიმი უფრო ხელსაყრელია.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს თავიანთი ინვესტიციების მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობის ან განკარგვის მიზნით, თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს საკუთარ ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეჟიმი უფრო ხელსაყრელია.
3. წინამდებარე მუხლის (1) და (2) პუნქტების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი ავალდებულებდეს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს მიანიჭოს ნებისმიერი რეჟიმი, შეღავათი ან პრივილეგია, რომელიც შესაძლოა მინიჭებული იყოს პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ შემდეგის საფუძველზე:
a) თავისუფალი სავაჭრო ზონა, საბაჟო კავშირი, საერთო ბაზარი, ეკონომიკური და სავალუტო კავშირი, ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის მსგავსი ფორმები, რომლის წევრიც არის ან შეიძლება გახდეს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო;
b) ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების ან სხვა ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მთლიანად, ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას.
4. ხელშემკვრელი მხარეები აცნობიერებენ, რომ ამ მუხლის (1) და (2) პუნქტებით განსაზღვრული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ ვრცელდება საინვესტიციო დავების მოგვარების მექანიზმზე და ასევე, ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ გარანტიებზე საკონტრაქტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია მასპინძელი ქვეყნის მიერ გაფორმებული წინამდებარე ან სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით.
5. წინამდებარე მუხლის დებულებები არ უნდა გავრცელდეს სახელმწიფო შესყიდვებზე.
მუხლი 4🔗
ექსპროპრიაცია
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ დაექვემდებარება, ნაციონალიზაციას ან ექსპროპრიაციას, ან ნაციონალიზაციის ან ექსპროპრიაციის ექვივალენტური ეფექტის მქონე ნებისმიერ სხვა პირდაპირ ან ირიბ ზომებს (შემდგომში –
„ექსპროპრიაცია“), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს, ხორციელდება არა-დისკრიმინაციულ საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად და მყისიერი, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის სანაცვლოდ.
2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე, იმ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, რომელშიც განხორციელდა ინვესტიცია, უნდა იყოს სრულად რეალიზებადი და თავისუფლად გადაცემადი.
ამგვარი კომპენსაცია უნდა შეადგენდეს ექვივალენტს ექსპროპრირებული ინვესტიციის იმ საბაზრო ღირებულებისა, რომელიც არსებობდა ექსპროპრიაციის მომენტისთვის ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებამდე, რომელიც უფრო ადრე მოხდება, და თანხის გადახდის გაჭიანურების შემთხვევაში უნდა მოიცავდეს ექსპროპრიაციის დღიდან სრულად გადახდის დღემდე ბაზარზე არსებული კომერციული კურსით დარიცხულ პროცენტს, რომელიც არ უნდა იყოს LIBOR-ის (ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსი) მიერ წარმოდგენილ საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები, იმ ვალუტასთან მიმართებით, რომელშიც განხორციელდა ინვესტიცია.
3. თუმცა, წინა პუნქტმა არანაირად არ უნდა შეაფერხოს ხელშემკვრელი მხარის უფლება აღასრულოს ამგვარი კანონები ან მიიღოს ზომები და გაატაროს მარეგულირებელი ღონისძიებები, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს ლეგიტიმური საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნების დასაცავად, ისეთი როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემო ისევე, როგორც დაიცვას გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლებისა და ჯარიმების გადახდა.
მუხლი 5🔗
ზარალის ანაზღაურება
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, თუ მათ მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები ზარალს განიცდის ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, სახელმწიფოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, სახელმწიფო ტერიტორიაზე ამბოხების, აჯანყების ან არეულობის გამო, ზარალის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად დაფარვასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის მიერ მიენიჭებათ რეჟიმი, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს საკუთარ ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, იმისდა მიხედვით თუ რომელი რეჟიმი უფრო ხელსაყრელია.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შეუზღუდავად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებმაც აღნიშნულ პუნქტში მითითებულ რომელიმე სიტუაციაში განიცადეს ზარალი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე:
a) ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მხრიდან მათი ინვესტიციის ან მისი ნაწილის რეკვიზიციის შედეგად;
b) ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მხრიდან მათი ინვესტიციის, ან მისი ნაწილის განადგურების შედეგად, რაც განპირობებული არ იყო საომარი მოქმედებებით ან არსებული მდგომარეობით,
უზრუნველყოფილი იქნებიან უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის მიერ რესტიტუციით ან კომპენსაციით.
მუხლი 6🔗
თავისუფალი ტრანსფერი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, მათ მიერ თავიანთი ფისკალური ვალდებულებების შესრულების შემდეგ, უზრუნველყოფს მათ ინვესტიციებთან დაკავშირებული ყველა სახის თანხის თავისუფალი ტრანსფერით. ტრანსფერები კერძოდ მოიცავს:
a) ამონაგებს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის (2) პუნქტში;
b) კაპიტალი და დამატებითი თანხები ინვესტიციის შენარჩუნების ან გაზრდის მიზნით;
c) სესხის დასაფარად გამიზნული თანხები;
d) ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვის, ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
e) წინამდებარე შეთანხმების მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად გადახდილი კომპენსაცია;
f) უცხოელი ფიზიკური პირების ხელფასი, რომლებიც დაქირავებულ იქნენ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიციები.
2. წინამდებარე მუხლში მითითებული ტრანსფერები განხორციელდება დაუყოვნებლივ, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ტრანსფერის დღეს მოქმედი სავალუტო კურსით, იმ ხელშემკვრელი მხარის მოქმედი სავალუტო რეგულაციების შესაბამისად, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიიდანაც ხორციელდება ტრანსფერი.
3. წინამდებარე მუხლის (1) და (2) პუნქტების მიუხედავად, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გადაავადოს ან აღკვეთოს ტრანსფერი, ზომების სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი წესით გამოყენების საფუძველზე, რომლებიც შეეხება:
a) თავისი ფინანსური სისტემის ერთიანობასა და სტაბილურობას, იმ უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოებს მინიჭებული აქვთ, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებს, ფონდის შეთანხმების მუხლების თანახმად;
b) ბანკროტობას, ვალაუვალობას ან კრედიტორთა უფლებების დაცვას;
c) ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას და სხვადასხვა ოპერაციების შესრულებას;
d) სისხლის სამართლის დანაშაულებს;
e) სოციალურ დაზღვევას ან საჯარო პენსიას;
f) დაბეგვრას;
g) სასამართლო პროცესით მიღებული განაჩენის შესრულების უზრუნველყოფას;
h) აუცილებლობის შემთხვევაში, ტრანსფერების ფინანსურ ანგარიშებში ასახვა ან აღრიცხვა, რაც დახმარებას გაუწევს სამართალდამცავ ორგანოებს ან ფინანსურ მარეგულირებელ ორგანოებს.
მუხლი 7🔗
სუბროგაცია
თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე თავისი ინვესტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით განახორციელებს გადახდას არაკომერციულ რისკებთან მიმართებაში გარანტიის ან სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე აღიარებს ამ ინვესტორის ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის გადაცემას პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის, და პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოს უფლებას სუბროგაციის საფუძველზე ისარგებლოს ნებისმიერი ასეთი უფლებით და მოთხოვნით ისეთივე წესით, როგორითაც სარგებლობდა მისი წინამორბედი.
მუხლი 8🔗
დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს შორის
1. ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დავები იმ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელებულია ამ უკანასკნელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხსენებული ინვესტორის მიერ და ეფუძნება ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სავარაუდო დარღვევას და რომელმაც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს მიაყენა ზარალი ან ზიანი, უნდა მოგვარდეს კონსულტაციების გზით.
2. თუ დავის გადაწყვეტა ვერ ხერხდება მისი წერილობითი შეტყობინებიდან სამი (3) თვის განმავლობაში, ინვესტორი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, სადავო საკითხი გადასცეს:
a) იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოებს, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია; ან
b) არბიტრაჟს, საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ კონვენციის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს, იმ პირობით თუ დავაში მონაწილე ხელშემკვრელი მხარე და ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე ორივე ICSID-ის კონვენციის წევრები არიან; ან
c) ICSID-ის დამატებითი მექანიზმის წესების არბიტრაჟს, იმ პირობით თუ დავაში მონაწილე ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე ან მეორე ხელშემკვრელი მხარე, და არა ორივე, ICSID-ის კონვენციის წევრია; ან
d) სპეციალურ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც უნდა შეიქმნას გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, რომლებშიც შეიძლება ცვლილებები შევიდეს დავაში მონაწილე მხარეთა მიერ, ამასთან გამორიცხავს „საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დაფუძნებული სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის საარბიტრაჟო დავაში გამოსაყენებელი გამჭირვალობის წესების“ გამოყენებას; ან
e) ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც შეიქმნება დავაში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით.
3. მას შემდეგ რაც ინვესტორი გადასცემს სადავო საკითხს წინამდებარე მუხლის მე-2 (a)-(e) პუნქტებში მითითებულ რომელიმე ორგანოს, მის მიერ დავის გადაწყვეტის პროცედურის არჩევა ჩაითვლება საბოლოოდ და გამორიცხავს ყველა სხვა ფორმას მსგავსი ან იდენტური განხილვის საგანის მქონე დავებთან მიმართებაში.
4. წინამდებარე მუხლის (2) პუნქტის (c)–(d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი საარბიტრაჟო სასამართლო გაიმართება იმ სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენს „უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის 10 ივნისს ნიუ-იორკში ხელმოწერილი კონვენციის („ნიუ-ორკის კონვენცია“) მხარეს.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა მასსა და მეორე ხელშემკვრელ მხარის ინვესტორს შორის წარმოშობილი დავა გადაეცეს საერთაშორისო არბიტრაჟს წინამდებარე მუხლის (2) პუნქტის (b)-(d) ქვეპუნქტების შესაბამისად. ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის შემდგომი წერილობითი შეთანხმების გაფორმება საჭირო არ იქნება.
6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა დავის მონაწილე მხარეებისთვის.
7. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეეცდება დიპლომატიური არხების მეშვეობით გადაწყვიტოს საერთაშორისო არბიტრაჟისთვის წარდგენილი დავა.
8. არცერთი საინვესტიციო დავა არ შეიძლება გადაეცეს განსახილველად წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ არბიტრაჟს, თუ გასულია 5 წელზე მეტი იმ დღიდან, როდესაც ინვესტორმა პირველად შეიტყო ან უნდა შეეტყო სავარაუდო დარღვევისა და იმ ზარალის ან ზიანის შესახებ, რომელიც მან, სავარაუდოდ განიცადა.
მუხლი 9🔗
დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარეთა შორის
1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
2. თუ სადაო საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მოლაპარაკებათა დაწყების მოთხოვნიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში, იგი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნისამებრ წარედგინება საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
3. მაგვარი საარბიტრაჟო ტრიბუნალი შეიქმნება თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის შემდეგი წესის დაცვით: არბიტრაჟის მოწვევის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ორი (2) თვის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ტრიბუნალის ერთ წევრს. ეს ორი წევრი შემდგომში შეარჩევს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით დაინიშნება ტრიბუნალის თავმჯდომარედ. თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს აღნიშნული ორი წევრის დანიშვნიდან ოთხი (4) თვის განმავლობაში.
4. თუ აუცილებელი დანიშვნები არ განხორციელდება წინამდებარე მუხლის (3) პუნქტში მითითებულ პერიოდში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელი დანიშვნების განხორციელების მოთხოვნით მიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს. თუ აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ან სხვა გარემოების გამო არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება, აუცილებელი დანიშვნების განხორციელების მოთხოვნა წარედგინება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რიგით მომდევნო ყველაზე მაღალი თანამდებობის წევრს, რომელიც არ არის არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე და არც რაიმე სხვა გარემოება უშლის ხელს თავისი ფუნქციების შესრულებაში.
5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ტრიბუნალის გადაწყვეტილებები საბოლოოა და ხელშემკვრელი მხარეებისთვის სავალდებულოა შესასრულებლად. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად აანაზღაურებს მის მიერ დანიშნული წევრისა და საარბიტრაჟო პროცესში მის წარმოდგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს; თავმჯდომარის, ასევე, ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად გადანაწილდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის. ტრიბუნალს შეუძლია სხვაგვარად გადაწყვიტოს ხარჯების გადანაწილების საკითხი. ყველა სხვა შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალი თავად განსაზღვრავს თავის საპროცედურო წესებს.
მუხლი 10🔗
სხვა წესების გამოყენება
თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების დებულებები ან წინამდებარე შეთანხმებაზე დამატებით, ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებული ან შემდგომში დადგენილი, საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები, რომლებიც შეიცავს ზოგად ან კონკრეტულ რეგულაციებს და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს ან მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ანიჭებს, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულზე, უფრო ხელსაყრელ რეჟიმს, ამგვარ დებულებებს ენიჭება წინამდებარე შეთანხმებასთან შედარებით უპირატესი ძალა, იმდენად რამდენადაც უფრო ხელსაყრელია ინვესტორებისთვის.
მუხლი 11🔗
რეგულირების უფლება
1. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ხელს უშლიდეს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი ნებისმიერი ისეთი ზომის მიღებაში, ხელშეწყობაში ან განხორციელებაში, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს:
(a) შესაბამისობა იმ კანონებთან და კანონქვემდებარე აქტებთან, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოდის წინამდებარე შეთანხმებასთან;
(b) გარემოს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს დაცვა;
(c) ცოცხალი და არაცოცხალი ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის რეგულირება;
(d) საერთაშორისო მშვიდობის ან უსაფრთხოების შენარჩუნება ან აღდგენა, ან საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვა.
2. ამგვარი ზომების მიღების, ხელშეწყობის ან ამოქმედებისას, უნდა შესრულდეს პირობა, რომლის თანახმადაც, ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული თვითნებური ან გაუმართლებელი წესით; ამასთან, ეს ზომები არ უნდა წარმოადგენდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების შენიღბულ შეზღუდვას.
მუხლი 12🔗
შეღავათების დაცვის გავრცელებაზე უარის თქმა
1. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორისათვის, რომელიც წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის იურიდიულ პირს და ამ ინვესტორის ინვესტიციებისათვის, თუ საწარმოს ფლობენ ან მართავენ არახელშემკვრელი მხარის მოქალაქეები და შეღავათებზე უარის მთქმელ ხელშემკვრელ მხარეს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები ამ არახელშემკვრელ მხარესთან.
2. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დაცვის გავრცელებაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორზე, რომელიც წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის იურიდიულ პირს, და ამ ინვესტორის ინვესტიციებზე, თუ აღნიშნული იურიდიული პირი არსებითად არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და თუ იურიდიულ პირს ფლობენ ან მართავენ არახელშემკვრელი მხარის ან დაცვის გავრცელებაზე უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირები.
მუხლი 13🔗
შეთანხმების გამოყენება
წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებულ ყველა ინვესტიციასთან მიმართებაში და არ გავრცელდება ინვესტიციასთან დაკავშირებულ იმ დავებზე ან პრეტენზიებზე, რომლებიც წარმოიშვა ან მოგვარდა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
მუხლი 14🔗
კონსულტაციები
აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლები გამართავენ კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას. ეს კონსულტაციები გაიმართება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის წინადადებით. ხელშემკვრელ მხარეებს შორის, კონსულტაციების ჩატარების ადგილი და დრო შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 15🔗
ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ათი (10) წლის ვადით. ამის შემდგომ, შეთანხმება ავტომატურად გაგრძელდება თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტს მის მოქმედებას წინამდებარე მუხლის (3) პუნქტის შესაბამისად.
3. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება თავდაპირველი ათწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ან შემდგომში, ნებისმიერ დროს, ერთი (1) წლით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
4. აღნიშნულ შეთანხმებაში ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
5. იმ ინვესტიციების მიმართ, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე, წინამდებარე შეთანხმების 1-14 მუხლები ძალაში დარჩება შეთანხმების შეწყვეტის დღიდან კიდევ ხუთი (5) წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. მინსკში, 2017 წლის «__» მარტს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. თარგმანში განსხვავებების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
_________________________
ბელარუსის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
________________________