კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.12.2017
ძალის დაკარგვა 13.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №162/04
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 21.04.2015
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №
162/04
2017 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ თანდართულ დანართ 1 და დანართ 2-თან ერთად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 21 აპრილის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე კომერციული ბანკის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაციის წარმოდგენის წესს.
2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შედგომში – დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ კომერციულ ბანკში (შემდგომში – ბანკი) არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, ბანკის შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი ბანკები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე;
გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
დ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);
ვ) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;
ზ) კლიენტი – ნებისმიერი პირი (გარდა ბანკისა), რომელიც მიმართავს ბანკს, ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
თ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);
ი) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
კ) მერჩანტი – სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტი, რომელიც სარგებლობს პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ელექტრონული კომერციის მომსახურებით;
ლ) ელექტრონული კომერცია (ინტერნეტექვაირინგი) – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს მერჩანტთან ან სხვა პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საგადახდო ინსტრუმენტის რეკვიზიტებით ინტერნეტგადახდის ოპერაციის განხორციელებას და შესაბამის ანგარიშსწორებას;
მ) ვირტუალური ვალუტა – ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არ არის გამოცემული ცენტრალური ბანკის ან სხვა საჯარო ორგანოს მიერ და რომელიც შეიძლება არ იყოს მიბმული ფიატურ ფულზე, თუმცა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიიღება გადახდის საშუალებად და მისი გადაცემა, ვაჭრობა და შენახვა შესაძლებელია ელექტრონულად;
ნ) ოფშორული ზონა – დანართი 2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;
ო) იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ოპერაციები – ოპერაცია, რომლის განხორციელებისასაც არ არის დადგენილი პირის სახელი, გვარი, რეზიდენტობა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში დოკუმენტის ნომერი).
მუხლი 3🔗.
ზოგადი დებულებები
1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება ბანკის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება ბანკის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს (გარიგებებს). უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
4. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ერთი ბანკის ფარგლებში ერთი და იმავე კლიენტის ანგარიშებს შორის თანხების მოძრაობა, ბანკის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე, ჯარიმების, საურავების და დეპოზიტზე დარიცხული სარგებლის (გარდა საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვისა) შესახებ ინფორმაცია.
5. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები, საყოფაცხოვრებო (ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების გადახდები.
6. ანგარიშგებაში არ აისახება ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირების შესახებ, რომელთაც განახორციელეს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები, ასევე საყოფაცხოვრებო მომსახურების გადახდები.
7. ანგარიშგების მიზნებისთვის, ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე სესხის დასმის, ასევე, საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვის ოპერაციები განიხილება ჩარიცხვის ოპერაციებად, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. ანგარიშგების მიზნებისთვის, სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით თანხის ანგარიშზე შეტანები განიხილება შემოსავლის ოპერაციად, ბანკომატის/პოს-ტერმინალის საშუალებით საგადახდო ბარათით თანხის გატანები განიხილება გასავლის ოპერაციად, ხოლო საგადახდო ბარათით თანხის გადახდის ოპერაციები განიხილება, როგორც გადარიცხვა.
9. ანგარიშებაში არ აისახება სხვა ემიტენტის მიერ გამოცემული საგადახდო ბარათით პოს-ტერმინალის ან ბანკომატის საშუალებით თანხის განაღდების ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.
10. ფულადი გზავნილის სისტემით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემების ასახვისას, აისახება მხოლოდ ჩარიცხული და გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემები.
11. ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა-გაყიდვის (კონვერტაციის) შემთხვევაში აისახება მხოლოდ კლიენტის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
12. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.
13. თუ ანგარიშის არმქონე პირმა საანგარიშო პერიოდში გახსნა პირადი ანგარიში, ანგარიშგებაში მის შესახებ ინფორმაცია აისახება როგორც ანგარიშის მქონე პირის შესახებ, ხოლო პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციები ჯამდება ანგარიშზე განხორციელებულ ოპერაციებთან.
14. თუ კლიენტმა საანგარიშო პერიოდში დახურა საბანკო ანგარიში და ოპერაციებს ახორციელებს როგორც ანგარიშის არმქონე პირი, ფორმაში მის შესახებ ინფორმაცია აისახება როგორც ანგარიშის მქონე პირის შესახებ და ჯამურად აისახება როგორც ანგარიშის საშუალებით, ასევე პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციები.
15. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-15 მუხლის 34-ე და 35-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
16. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
17. თუ ანგარიშს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), ფორმაში ინფორმაცია აისახება სტანდარტულად (ერთი კლიენტი), ბანკის მიერ აღრიცხული რეზიდენტობის მიხედვით.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგების ფორმები
ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ინფორმაცია კომერციული ბანკის შესახებ (ფორმა №1);
ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);
გ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №3);
დ) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №4);
ე) ინფორმაცია ანგარიშის მქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №5);
ვ) ინფორმაცია ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №6);
ზ) ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №7);
თ) ინფორმაცია ანგარიშის მქონე პირების რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №8);
ი) ინფორმაცია ფულადი გზავნილის სისტემების შესახებ (ფორმა №9);
კ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №10);
ლ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №11).
მ) ინფორმაცია მოკორესპონდენტო ბანკების შესახებ (ფორმა №12);
ნ) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №13);
ო) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №14);
პ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №15);
ჟ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №16);
რ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №17);
ს) ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №18);
ტ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №19);
უ) ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ (ფორმა №20);
ფ) ინფორმაცია შვილობილი საწარმოების, ფილიალების და წარმომადგენლობების შესახებ (ფორმა №21).
მუხლი 5🔗.
ინფორმაცია კომერციული ბანკის შესახებ (ფორმა №1)
1. ფორმა მოიცავს ბანკის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, საქართველოში არსებული ფილიალების რაოდენობის, ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და შეფასების შესახებ ინფორმაციას.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრე პირების, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არარეზიდენტი პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი) და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).
3. ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.
მუხლი 6🔗.
ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)
1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით ბანკმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
3. ანგარიშის მქონე კლიენტების ოპერაციების მოცულობა ანგარიშდება საკრედიტო და სადებეტო ბრუნვების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით.
4. ანგარიშგების ფორმა მოიცავს ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
5. ერთი კომერციული ბანკის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.
6. თუ ანგარიშის მქონე ფიზიკური პირები ოპერაციებს ახორციელებენ პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე, მონაცემები აისახება მათ ანგარიშებზე განხორციელებულ ბრუნვებთან ერთად.
7. ანგარიშის არმქონე კლიენტების შესახებ ინფორმაციაში აისახება იმ პირების შესახებ მონაცემები, რომელთაც განახორციელეს ვალუტის კონვერტაცია ნაღდი ფორმით, თანხის გადარიცხვა, ანგარიშის მქონე პირის ანგარიშზე თანხის განთავსება, ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით თანხის გაგზავნა/მიღება, თანხის განაღდება (პოს-ტერმინალის, ბანკომატის საშუალებით და სხვ.).
8. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა შესატყვისი ქვეფაქტორები არ არის გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმით, აისახება სხვა რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული/ფიზიკური პირების შესაბამის ქვეფაქტორებში.
9. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ ბანკს გააჩნია ანგარიშის არმქონე კლიენტების რეზიდენტობის შესახებ მონაცემები, მათ მიერ გახორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ასახული უნდა იქნეს ფაქტორის „პირები, რომელთაც არ აქვთ ანგარიშები“ შესაბამის ქვეფაქტორში.
მუხლი 7🔗.
ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №3)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება როგორც ანგარიშის მქონე, ასევე ანგარიშის არმქონე პირების მიერ და მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“, აისახება ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდების, საყოფაცხოვრებო მომსახურების გადახდების) შესახებ ინფორმაცია.
3. ფორმაში აისახება ინფორმაცია ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ, რომლებიც განახორციელეს ანგარიშის არმქონე პირებმა და რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი გარიგების შემთხვევაში აღემატება 15 000 ლარს (ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში).
4. ფორმაში აისახება ინფორმაცია ნაღდი ფორმით მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებზე თანხების განთავსების ოპერაციების შესახებ, როდესაც ერთჯერადი გარიგების თანხა აღემატება 15000 ლარს (ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). თუ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა ხდება მიმდინარე ანგარიშის გამოყენებით, აღირიცხება მხოლოდ ერთ-ერთ ანგარიშზე განხორციელებული შენატანის შესახებ ინფორმაცია.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (სწრაფი გადახდის ტერმინალები და სხვ.) ხდება თანხის ანგარიშზე განთავსება, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განხორციელებული შეტანების შესახებ მონაცემებში.
6. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს იმ საბანკო ჩეკის განაღდების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ემიტირებულია სხვა ბანკის მიერ.
7. ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით (სწრაფი გადახდის ტერმინალები და სხვ.) ქვეყნის გარეთ განხორციელებული გადარიცხვების შესახებ ინფორმაციაში არ აისახება საზღვარგარეთ არსებული ზემოჩამოთვლილი ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის ოპერაციები.
8. ფორმაში აღირიცხება საანგარიშო პერიოდში ათვისებული (მათ შორის, რევოლვირებადი) სესხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ და რეფინანსირებულ სესხებს.
9. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია საქართველოს მთავრობაზე გაცემული სესხების შესახებ.
10. საბლანკო სესხის (მათ შორის, ოვერდრაფტი) შესახებ ინფორმაციის ასახვისას, არ აღირიცხება მონაცემები ხელფასით უზრუნველყოფილი სესხების, განვადების და საკრედიტო ბარათების შესახებ.
11. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ფასიან ქაღალდს და ძვირფას ლითონებს), ინფორმაცია აისახება ფორმით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ-ერთ ქვეფაქტორში.
12. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით და ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შესახებ, თუ სესხი ამავდროულად უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით ან გირავნობის სხვა ნებისმიერი საგნით.
13. ფორმაში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი გარიგების, ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ დადებულ გარიგებათა ერთობლიობის შემთხვევაში საბლანკო და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში აღემატება 50 000, ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით, ასევე, ანტიკვარით ან/და ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში 15 000 ლარს (ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში).
14. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ, თუ მსესხებელი არის ლომბარდი.
15. მესამე პირის ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი, ან იურიდიული პირის დამფუძნებელი/დამფუძნებლის ოჯახის წევრი.
16. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით ან/და ფასიანი ქაღლდებით და ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები აისახება მესამე პირის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.
17. ფორმაში აღირიცხება ბანკის მიერ გამოშვებული ისეთი წინასწარი გადახდის ბარათების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მფლობელიც არ არის იდენტიფიცირებული.
18. დაგროვილი ქონების მართვა (wealth management) მოიცავს ინფორმაციას იმ თანხების შესახებ, რომლებიც სამართავად გადასცა კლიენტმა ბანკს. გარიგებების რაოდენობაში აისახება ხელშეკრულებების რაოდენობა, რომელთა საფუძველზეც მოხდა სახსრების გადაცემა, ხოლო მოცულობაში – სამართავად გადაცემული თანხის ოდენობა.
19. ესქრო მომსახურების შემთხვევაში აისახება ინფორმაცია ესქრო მომსახურების ფარგლებში შიდა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხების შესახებ.
20. ანგარიშგების ფორმაში მოცემული პროდუქტების/ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მხოლოდ იდენტიფიცირებული კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემებს (გარდა ქვეფატორებისა: ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებით თანხის ქვეყნის გარეთ გადარიცხვა, წინასწარი გადახდის ბარათები), ხოლო ინფორმაცია იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ აღირიცხება დიფერენცირებულად – შესაბამის ქვეფაქტორში“.
მუხლი 8🔗.
ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №4)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყნების მიხედვით ნებისმიერი სისტემით (მათ შორის, SWIFT) და სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემებით როგორც იდენტიფიცირებული, ასევე იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ქვეყნების მიხედვით ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება კონტრაჰენტის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
4. ფორმაში დამატებით აისახება ინფორმაცია კლიენტის იდენტიფიკაციის გარეშე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული გარიგებების შესახებ.
5. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე სესხის დასმის, ასევე, საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვის ოპერაციების შესახებ.
მუხლი 9🔗.
ინფორმაცია ანგარიშის მქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №5)
1. ანგარიშების ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია ანგარიშის მქონე მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს გარიგებები.
2. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული გარიგებების რაოდენობის და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის მქონე პირის მიერ და მის სასარგებლოდ ნებისმიერ სისტემით (SWIFT, სწრაფი ფულადი გზავნილი და სხვ.) განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრანზაქციებს.
4. ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის მქონე პირის მიერ საკუთარ ანგარიშზე (მათ შორის, მესამე პირის მიერ თანხის შეტანა მის ანგარიშზე), ასევე პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებულ ოპერაციებს. ანგარიშის მქონე პირის მიერ სხვა პირის ანგარიშზე თანხის შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შემოსავალში, ხოლო გატანის შემთხვევაში – ორივე კლიენტის გასავალში.
5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 10🔗.
ინფორმაცია ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №6)
1. ფორმაში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის რეზიდენტობის მიხედვით, კლიენტების ანგარიშებზე არსებული ნაშთების (კლიენტის მოთხოვნა ბანკის მიმართ) შესახებ.
2. ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ანგარიშზე უფიქსირდებათ ნაშთი.
მუხლი 11🔗.
ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №7)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის არმქონე პირების მიერ, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის არმქონე პირის მიერ და მის სასარგებლოდ ნებისმიერი სისტემით (SWIFT, სწრაფი ფულადი გზავნილი და სხვ.) განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრანზაქციებს.
3. შემოსავლის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის და ანგარიშის მქონე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციების მონაცემებს, ხოლო გასავლის ოპერაციები თანხის განაღდების (პოს-ტერმინალის, ბანკომატის საშალებით და სხვ.) ოპერაციებს.
4. ანგარიშგების ფორმა ასევე მოიცავს ანგარიშის არმქონე პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
6. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ ბანკს გააჩნია კლიენტის რეზიდენტობის შესახებ მონაცემები, მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ასახული უნდა იქნეს ანგარიშგების ფორმაში.
მუხლი 12🔗.
ინფორმაცია ანგარიშის მქონე პირების რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №8)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის მქონე კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ გარიგება საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა ბანკთან.
2. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 13🔗.
ინფორმაცია ფულადი გზავნილის სისტემების შესახებ (ფორმა №9)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს ბანკში არსებული თითოეული სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. ანგარიშგების ფორმაში, ასევე უნდა აისახოს ფულადი ფულადი გზავნილის სისტემების მიხედვით ტრანზაქციების როგორც დღიური, ასევე ერთჯერად ლიმიტი (სისტემის) ეროვნულ ვალუტაში.
მუხლი 14🔗.
ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №10)
1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაციაც განხორციელდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად (მათ შორის რეზიდენტი მესამე პირების/შუამავლების მეშვეობით იდენტიფიცირებული კლიენტების შესახებ).
2. ფორმაში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო ბანკი პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული გარიგებების შესახებ მონაცემები.
3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა ბანკთან.
მუხლი 15🔗.
ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №11)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ანგარიშის მქონე პირების, ასევესხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. ანგარიშის მქონე პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. ანგარიშის მქონე პირების ოპერაციების მოცულობა ანგარიშდება საკრედიტო და სადებეტო ბრუნვების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით.
4. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, გარდა საადვოკატო, საბუღალტრო და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა.
5. აზარტული თამაშების საქმიანობების განმახორციელებელი პირები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებასთან („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).
6. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ლომბარდებს და ძვირფასეულობის მაღაზიებს.
7. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკავრიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.
8. ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაცია ფორმაში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ საბანკო ანგარიშის გამოყენება ხდება ხსენებული საქმიანობისთვის.
9. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ხელოვანი პირების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.
10. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.
11. ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს.
12. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და სხვ.
13. საქველმოქმედო და საგრანტო ორგანიზაციები, ასევე ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვ.) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.
14. ფორმაში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.
15. ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.
16. ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.
17. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას.
18. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ მოახდინოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.
19. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით, მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვ.).
20. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია უცხოურ ვალუტაზე ან/და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე ბინარული ოფციონებით ვაჭრობასთან (Forex and binary options კომპანიები და სხვ.).
21. ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები მოიცავს იურიდიული პირებს, რომელთა ერთ-ერთი საქმიანობას წარმოადგენს ვირტუალური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ან კასტოდიანური მომსახურება.
22. მაღალშემოსავლიანი პირები (High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ნაშთი მინიმუმ ერთი მილიონ ლარის (ეკვივალენტის) ოდენობით.
23. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი, ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.
24. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.
25. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინასური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე) განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.
26. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).
27. გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება, როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე, გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.
28. ველები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება ფმს-ში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ასევე, კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ შემნახველი სეიფებით“ მოიცავს როგორც ანგარიშის მქონე, ასევე ანგარიშის არმქონე პირების შესახებ ინფორმაციას.
29. ველში „კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ შემნახველი სეიფებით“ გარიგებების მოცულობის სვეტში აისახება ინფორმაცია მათ მიერ, როგორც საბანკო ანგარიშის, ასევე ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
30. ფორმაში გათვალისწინებული არააქტიური ანგარიშის მქონე პირები მოიცავს ისეთი კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელთა არც ერთ საბანკო ანგარიშებზე 1 წლის ან მეტის განმავლობაში ბრუნვა არ დაფიქსირებულა და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანგარიშზე/ანგარიშებზე განხორციელებული საკრედიტო ბრუნვა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს ან მის ეკვივალენტს. 1 წელი იანგარიშება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პირველი ტრანზაქციიდან.
31. მერჩანტების ბრუნვა მოიცავს მათ ვებ–გვერდზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ მონაცემებს და არ მოიცავს ე.წ. chargeback-ებისა და refund-ების შესახებ მონაცემებს. ფორმაში არ არისახება ინფორმაცია იმ მერჩანტების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
32. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.
33. ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომლეთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.
34. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშება ფმს-ში გაიგზავნა საეჭო სტატუსით“, „კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ შემნახველი სეიფებით“, „არააქტიური ანგარიშის მქონე კლიენტები“, „კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ ელექტრონული კომერციის მომსახურებით (მერჩანტები)“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ წარმომდგენზე აქციებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდრულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.
35. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდრულად შეესაბამება ამ მუხლის 34-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.
36. კომერციული ბანკის მიერ ფორმაში ასევე ასახულ უნდა იქნას მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვ.) მიხედვით, მაღალი რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
მუხლი 16🔗.
ინფორმაცია მოკორესპონდენტო ბანკების შესახებ (ფორმა №12)
1. ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საკორესპონდენტო ურთიერთობაში მყოფი კომერციული ბანკების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მათ შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
2. ფორმაში მიეთითება მოკორესპონდენტო ბანკების ჩამონათვალი ლორო და ნოსტრო ანგარიშების მიხედვით.
3. ფორმაში ასევე უნდა აისახოს მოკორესპოდენტო ბანკების რეგისტრაციის ქვეყანა, ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საკორესპონდენტო ანგარიშზე საანგარიშო პერიოდი განხორციელებული ბრუნვის მოცულობა და ბანკის მიერ ლორო ანგარიშების მქონე რესპოდენტი ბანკისთვის მინიჭებული რისკის დონე.
მუხლი 17🔗.
სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №13)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ „ზღვარს ზემოთ“ ოპერაციების შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთ-ერთი ნიშნის მიხედვით.
მუხლი 18🔗.
ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №14)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. ბანკმა, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. თუ გარიგების მხარეები არიან ბანკის კლიენტები, ფორმაში აისახება ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ (რეზიდენტობის შესაბამისად).
4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.
მუხლი 19🔗.
ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №15)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. ბანკმა, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება პროდუქტების/გარიგებების ტიპების (ფულადი გზავნილის სიტემით თანხის გადარიცხვა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, სესხის აღება და სხვ.) და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. თუ საეჭვო სტატუსით ფმს-ში გაგზავნილ გარიგებაში, გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ფორმაში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.
მუხლი 20🔗.
ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №16)
1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.
2. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.
3. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 21🔗.
ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №17)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა.
2. ანგარიშგების ფორმაში ასახულ უნდა იქნას თოთოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.
3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს ბანკის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
მუხლი 22🔗.
ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №18)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ბანკის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ (ქვეყნის კოდის მითითებით).
2. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია, ქვეყნის ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის საეჭვო ზონად კლასიფიცირების თარიღის, იმ საფუძვლებისა და წყაროს შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა მისი საეჭვო ზონად მიჩნევა.
3. თუ საეჭვო ზონად მიჩნეულ იქნა ქვეყანა/ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოცემულია ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალში, ფორმაში დასახელება უნდა მიეთითოს სიაში არსებული დასახელების იდენტურად.
მუხლი 23🔗.
ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №19)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც ბანკის მიერ მიჩნეულია მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საანგარიშო პერიოდში დაინერგა თუ არა.
2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის აღწერილობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და ბანკის მიერ რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრულ ზომებს.
3. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული გარიგებების მოცულობის შესახებ.
მუხლი 24🔗.
ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ (ფორმა №20)
1. ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, ფორმაში აისახება მონაცემები, სალაროში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარიგებების შესახებ.
2. გარიგებების მოცულობაში აისახება მხოლოდ პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
მუხლი 25🔗.
ინფორმაცია შვილობილი საწარმოების, ფილიალების და წარმომადგენლობების შესახებ (ფორმა №21)
1. ფორმაში აისახება ინფორმაცია კომერციული ბანკის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით არსებული შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების და წარმომადგენლობების შესახებ.
2. ბრუნვის მოცულობა მოიცავს ფილიალის ან/და შვილობილი საწარმოს მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ჯამურ მოცულობას.
3. ბრუნვის მოცულობა აისახება ეროვნულ ვალუტაში, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
4. ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით (გარდა, ბრუნვის მოცულობისა).
მუხლი 26🔗.
ბანკის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია
1. ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ბანკში არსებულ პოლიტიკა–პროცედურებს და დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის 27-ე მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.
4. ბანკისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
მუხლი 27🔗.
ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
1. ბანკი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი)
– არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი)
– არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას ბანკი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.
3. კონკრეტული ბანკის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, ბანკის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
4. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, ბანკი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.
მუხლი 28🔗.
ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი
1. ბანკი ამ წესის 27-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.
2. ბანკი ამ წესის 27-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ამ წესის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.
მუხლი 29🔗.
გარდამავალი დებულებები
1. ფორმა №3-ში, „მესამე პირთა ქონებით უზრუნველყოფილი სესხების“ შესახებ მონაცემების ასახვის ვალდებულება არ ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე.
2. მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა (ფორმა №10) და ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების (ფორმა №20) შესახებ მონაცემების ასახვა მოხდეს 2018 წლის პირველი ნახევარი წლის საანგარიშგებო პერიოდიდან.
3. ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების (ფორმა №11) შესახებ მონაცემების ასახვა მოხდეს 2018 წლის მეორე ნახევარი წლის საანგარიშო პერიოდიდან. აღნიშნულ პერიოდამდე, კომერციული ბანკების მიერ უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 21 აპრილის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ მე-17 მუხლით გათვალისწინებული ფორმა №13-ის (ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი ანგარიშის მქონე პირების შესახებ) შევსება.